სუპერთასის გათამაშება გაიმართა ეროვნულ სტადიონზე, სადაც ერთმანეთს
ქვეყნის ჩემპიონი - "ოლიმპი" და თასის მფლობელი - "ვიტ ჯორჯია"
დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მაღალი ტემპითა და დაძაბულობით არ
გამოირჩეოდა. "ვიტ ჯორჯიას" ახალ თაობას, ფაქტობრივად, ძველ თაობასთან
მოუწია ამ თასის მფლობელის ვინაობის გარკვევა და წლევანდელი სუპერთასიც
ისევ კვახაძემ აწია, შარშანდელის მსგავსად.
"ვიტ ჯორჯიელებს" გატანა 7-ე წუთზევე შეეძლოთ, როდესაც ბექა ზაქრაძემ,
რომელიც ძირითადში ბესიკ ჩიმაკაძის ტრავმის გამო გამოჩნდა, მახვილ
კუთხეში მიიღო კარგი პასი თანაგუნდელისგან და უკეთესად მართდებდა დარტყმა,
"ოლიმპელთა" მეკარეც წინ იყო გამოსული და რომ ეხეირა თბილისელს, ანგარიში
გაიხსნებოდა, მაგრამ, ეტყობა, ახალგაზრდა თავდამსხმელს გამოცდილება არ ეყო
ბურთის მიზანში მოსახვედრად.
12-ე წუთზე "ვეტერინართა" საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და მათი კარი
გატანილი ბურთისგან ძელმა იხსნა. თბილისელებმა საბოლოოდ ამ მომენტის
განმუხტვა შეძლეს.
იყო მომენტები, როდესაც "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებს უკეთ უნდა
ეთამაშათ და მეკარესთვის თუნდაც, თავზე ბურთი გადაეგდოთ, მაგრამ "ვიტ
ჯორჯიას" თასის შენარჩუნება არ ეწერა. კარში ისინი იშვიათად არტყამდნენ და
დიდხანს ვერც გაუძლეს რუსთაველების შემოტევებს. 30-ე წუთზე ირაკლი
მოდებაძემ ისარგებლა მეტოქეთა შეცდომით და მეკარე ძაძამიას შანსი არ
დაუტოვა - 1:0 .
ზუსტად ორ წუთში ზაქრაძე ცდილობდა მეტოქის კარის აღებას, მაგრამ
"ოლიმპის" მცველმა დაასწრო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. დავით ბოლქვაძემ
34-ე წუთზე შეტევა წამოიწყო, რომელიც კუთხურით დასრულდა, კუთხურიდან
ჩამოწოდებულ ბურთზე კვახაძე ცდილობდა ვარდნაში დარტყმას, მაგრამ მისი
დარტყმული აცდა კარს.
ტაიმის მიწურულს "ვეტერინართა" შეტევა ისევ ზაქრაძემ წამოიწყო, მან
ბურთი კარგად დაუტოვა გიორგი ვასაძეს, რომელმაც ბურთი ბადეს გარედან
მოარტყა. შორიდან დაარტყა ირაკლი კლიმიაშვილმაც, მაგრამ მანაც დიდი
მანძილით ააცილა.
მეორე ტაიმის დასაწყსისში მომენტი თბილისელებს ჰქონდათ. გურამ
გურეშიძემ შორიდან დაარტყა, მაგრამ ოდნავ უმტყუნა სიზუსტემ. რუსთაველებმა
კი, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და გიორგი რეხვიაშვილი მეკარესთან
პირისპირაც გიყვანეს, რომელიც წესების დარღვევით საჯარიმოს ხაზთან
წამოწეულმა ირაკლი კლიმიაშვილმა შეაჩერა. კლიმიაშვილი ყვითელი ბარათით
გააფრთხილეს, თუმცა, მსაჯს შეეძლო ამ მომენტში მისთვის წითელი ბარათიც
ეჩვენებინა. დანიშნული საჯარიმო რეზო გეწაძემ უნაკლოდ შეასრულა და გარდა
იმისა, რომ "ვიტ ჯორჯიას" სრული შემადგენლობა "გააოცა", სტადიონზე მისული
ქომაგის აპლოდისმენებიც დაიმსახურა.
62-ე წუთზე კლიმიაშვილი მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა.
სავარაუდოდ, ფეხბურთელი ჯარიმას ითხოვდა და მეორე ყვითელი "გამოიმუშავა",
რამაც გუნდი უშანსოდ დატოვა. (თუმცა, არც მანამდე ჰქონიათ დიდი შანსი
თბილისელებს).
76-ე წუთზე ადამაძე ცდილობდა კორიფაძის საჯარიმო დარტყმულის შემდეგ
ბურთის კარში გადაგზავნას, მაგრამ ბედიაშვილმა მას თავიდან ააცალა ბურთი.
78-ე წუთზე კი ისევ კორიფაძის საჯარიმო ბედიაშვილს პირდაპირ ხელებში
მიუვიდა.
82-ე წუთზე გეწაძემ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ძაძამიამ თითები
წაკრა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. ტაიმის ბოლო დამატებით წუთზე კვლავ
ჰქონდა შანსი გეწაძეს ანგარიშის გაზრდის, მაგრამ მისი ეფექტური საჯარიმო
ამჯერად ძაძამიამ მოიგერია და საბოლოო სხვაობა 2:0 დააფიქსირა.
რუსთავის "ოლიმპი" სუპერთასს პირველად დაეუფლა.
21 დეკემბერი. თბილისი. ეროვნული სტადიონი.
ოლიმპი (რუსთავი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (1:0)
ოლიმპი: ბედიაშვილი, ღონღაძე, რეხვიაშვილი, კვახაძე (კ), ჯაფარიძე,
რაზმაძე, ბოლქვაძე (გიორგი ჭელიძე, 68), გეწაძე, ქავთარაძე, ყაზაიშვილი
(დობროვოლსკი, 62), მოდებაძე (ბერიაშვილი, 82). მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე ვიტ ჯორჯია:
ძაძამია, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი, ბეჭვაია (კ), მაისაშვილი, გურამ
გურეშიძე (გიორგი გურეშიძე, 75), ჯანელიძე, კლიმიაშვილი, ვასაძე, ზაქრაძე
(კორიფაძე, 68). მთავარი მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი გოლები: 1:0 მოდებაძე (30), 2:0 გეწაძე (54). გაფრთხილება: კლიმიაშვილი (54), კლიმიაშვილი (61), დობროვოლსკი (73), ჯაფარიძე (89). მსაჯი: ლაშა სილაგავა (თბილისი).
goli.ge
|