"რუსეთში ახალი სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ნიჟეგოროდის "ვოლგა” კი უკვე
ლიდერთა ჯგუფშია, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ახალწვეულთა რაოდენობით”, – ამ
საინტერესო წინათქმით დაიწყო ინტერვიუ "ვოლგას” ქართველ მთავარ მწვრთნელ
ომარ თეთრაძესთან გამოცემა "სპორტ ექსპრესმა”, რომელსაც მცირედი შემოკლებით
გთავაზობთ.
- ამდენი ფეხბურთელი იმიტომ აიყვანეთ, რომ თქვენთვის კონკურენტებს არ დაესწროთ?
შიში არაფერ შუაშია, უბრალოდ ჩვენი კლუბი არცისე მდიდარია, არადა კარგად
ვხვდებით, რომ პრემიერლიგაში გადმოსვლის შემდეგ ძველი შემადგენლობით
თამაში გაგვიჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, უკვე შევიძინეთ რამდენიმე შედარებით
იაფი, მაგრამ კარგი ფეხბურთელი, რომლებიც ჩვენი აზრით, ძალიან
დაგვეხმარებიან.
- ეს ერთადერთი პრინციპია, რომლითაც კლუბის დაკომპლექტებისას ხელმძღვანელობთ?
პრემიერლიგაში გადმოსვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გუნდის ძველ
ფეხბურთელებს გავუშვებთ. პირიქით, მათ, ვინც გასული სეზონის სიმძიმე
საკუთარ მხრებზე გადაიტანა უკეთეს პირობებს შევუქმნით და ვეცდებით
უკმაყოფილების საბაბი არ ჰქონდეთ. მოსამზადებელ პერიოდში კი ძირითადად
ახალწვეულების გამოცდაზე ვიმუშავებთ, რათა გუნდში მხოლოდ საუკეთესოები
დავტოვოთ.
- ქართველ ფეხბურთელებზე გკითხავთ. ხოჯავას და მარცვალაძის
ტრანსფერები გასული სეზონის შემდეგ გამოისყიდეთ, არადა მათ პრემიერლიგაში
თამაშის გამოცდილება არ გააჩნიათ…
გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ ორივე მათგანის შესაძლებლობები ხუთი
თითივით ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ოთარიც და გოჩაც ახალ სეზონში
გუნდის ლიდერებად მოგვევლინებიან. რუსეთის პირველი დივიზიონი ძალიან რთული
პირველობაა, შესაძლოა პრემიერლიგაზე რთულიც კი, შარშან ისინი საუკეთესოები
იყვნენ და არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ წელს რამე უარესობისკენ
შეიცვლება.
- ჰყავს თუ არა "ვოლგას” ლიდერი, დაახლოებით ისეთი, როგორიც ლოსკოვი "ლოკომოტივისთვის”?
ასეთად სწორედ ხოჯავა მესახება, ფეხბურთელი მოედნის ძალიან კარგი ხედვით
და არაორდინალური გადაწყვეტილების მიღების საჭირო უნარით. გოჩას თამაშის
საკუთარ თავზე აღება და მისი ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ წუთს შეუძლია.
- დაბოლოს, კიდევ გეგმავთ რომელიმე ფეხბურთელის გადაბირებას?
არის ორი-სამი პოზიცია, რომელზეც გაძლიერება გვჭირდება და ამ საკითხზე
ვმუშაობთ, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს
შევიკავებ.
fanebi.com
|