ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » გიორგი ფოფხაძე: "ნაკრების გამო საქართველოშიც ვითამაშებ"
17:53 გიორგი ფოფხაძე: "ნაკრების გამო საქართველოშიც ვითამაშებ" |
დანიურ "ვიბორგში" კარგა ხანს მოთამაშე მარცხენა მცველმა გიორგი ფოფხაძემ
სკანდინავია დატოვა. ჩვენებურმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და ტესტირებაზე
მეორე ბუნდესლიგის "ოსნაბრიუკში" გამოჩნდა. თუმცა ეს გუნდიც დატოვა და
ახალი კლუბის მოლოდინშია. გიორგის, რომელსაც ეროვნულ გუნდში ექვსი მატჩი
აქვს ჩატარებული, ნაკრებში დაბრუნება აქვს მიზნად დასახული. თბილისში მყოფ
ფოფხაძეს სატრანსფერო და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ.
- ჯერ "ვიბორგზე" გკითხავთ. კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა რამ გადაგაწყვეტინა? -
კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს მიმთავრდებოდა. სათამაშო პრაქტიკა არ
მაკლდა, პრობლემა არ მქონია. "ვიბორგში" ოთხწელიწადნახევარი ვითამაშე.
ჩემპიონატისა და სათასო თამაშების ჩათვლით, ასზე მეტი შეხვედრა ჩავატარე.
თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადავწყვიტე, სხვა გუნდში გადავსულიყავი.
- მაინც რა მიზეზები იყო? -
ქულები გავანიავეთ და მივხვდი, მთავარ ლიგაში გადასვლის შანსი დავკარგეთ.
ჩემი მთავარი მიზანია, ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდე. ამისთვის კი უკეთეს
დონეზე თამაშია საჭირო. ამას გარდა, ზაფხულში შვილი შემეძინა და ჩემი ეს
ნაბიჯი ოჯახმაც განაპირობა. ერთი სიტყვით, გუნდის მწვრთნელსა და კლუბის
ხელმძღვანელობას დაველაპარაკე და ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტი
გავწყვიტეთ. უკვე თავისუფალი აგენტი ვარ, სხვა გუნდში ჩემს გადასვლაზე
აგენტი აქტიურად მუშაობს და იმედი მაქვს, მალე უგუნდოდ აღარ ვიქნები.
- ამის მერე ავსტრიულ "შტურმში" გამოჩნდით. -
ილია კანდელაკის წასვლის შემდეგ "შტურმმა" საიმედო მარცხენა მცველი ვერ
დაიმატა და ბრემენის "ვერდერიდან" ინათხოვრა, თუმცა მისი დათმობა ალბათ
მალე მოუწევთ. "შტურმში" რამდენიმე დღე ვივარჯიშე და გუნდის მთავარმა
მწვრთნელმა ფრანკო ფოდამ ჩემზე წარმოდგენა შეიქმნა. "შტურმი" ჩემს აგენტსაც
ესაუბრა და თუ "ვერდერიდან" იჯარით დამატებული მცველი არ შეიმატეს, მაშინ
შემეხმიანებიან.
- თვის დასაწყისში მეორე ბუნდესლიგის "ოსნაბრიუკში" იყავით ტესტირებაზე. -
ამ გუნდში ჩემი გერმანელი აგენტის მეშვეობით მოვხვდი. რამდენიმე დღე
ვივარჯიშე, ტესტირება გავიარე. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარსტენ
ბაუმანმა მითხრა, ჩვენ უფრო ჩამშლელი სტილის მცველი გვინდოდა, შენ კი
შემტევი მცველი ხარო. ბაუმანის ეს კომენტარი გერმანულ გაზეთებშიც დაიბეჭდა.
თუმცა ამის შემდეგ "ოსნაბრიუკის" სპორტული დირექტორი კონტრაქტის პირობებზე
მაინც დამელაპარაკა, ბარემ აქ ხარ და შენი დამატება რომ გადავწყვიტოთ,
თანხები გავარკვიოთო. ერთი კვირის წინ აგენტმა დამირეკა და მითხრა,
იანვარში "ოსნაბრიუკი" საბოლოო სიტყვას იტყვისო.
- გავიგეთ, კიდევ ორი ვარიანტი გქონიათ, დანიიდან და შვეიცარიიდან. -
ჩემი აგენტის თქმით, დანიის მთავარი ლიგის აუტსაიდერი "ოლბორგიცაა" ჩემით
დაინტერესებული. ეს გუნდი ბოლო ადგილზეა, დაცვაში უჭირს და სუპერლიგაში
დარჩენისთვის იბრძვის. ამ ბოლო დროს შედარებით მცირებიუჯეტიან დანიურ
კლუბებს ფინანსური კრიზისი საგრძნობლად დაეტყოთ. თუმცა, თავისუფალი აგენტი
ვარ და გუნდები სწორედ ასეთებს ეძებენ.
რაც შეეხება შვეიცარიას, შესაძლოა, ერთი ვარიანტი ამ ქვეყნიდანაც გამომიჩნდეს.
- ჩემპიონატში დროებით თამაშს გამორიცხავთ? -
ჩემთვის მთავარია, ნაკრების მწვრთნელთა ინტერესის სფეროში მოვხვდე და ამის
გამო რომელიმე ქართულ კლუბში თამაშსაც არ გამოვრიცხავ. ისე კი, ჩვენს
გუნდებზე ბევრი უსიამოვნო ამბავია.
- რას გულისხმობთ? -
"კოლხეთის", "ბაიას", "სამტრედიას" ფინანსური კრიზისის ამბავს ვგულისხმობ.
ეს კლუბები გაკოტრდნენ და დაშლის პირას არიანო. ასე ჩვენი ფეხბურთი და
ეროვნული ჩემპიონატი ვერ განვითარდება. იმედია, სახელმწიფო რამე სახით
დაეხმარება ამ კლუბებს. კარგიც მინდა ვთქვა, თბილისის "დინამო" და ქუთაისის
"ტორპედო" ფინანსურად მოძლიერდნენ და ამან ძალიან გამახარა. დანიაში
ვიყავი და კარგად ვიცი იქაური ჩემპიონატის დონე. ჩვენს ჩემპიონატში იმის
ნახევარი თანხა რომ იყოს, რაც დანიაშია, მათზე უკეთესი თუ არა, არანაკლები
დონის ჩემპიონატი გვექნებოდა. ქართულ კლუბებს დანიის მწირი ფინანსური
შესაძლებლობების მქონე კლუბების ტოლი ბიუჯეტი რომ ჰქონდეთ, ბევრი ქართველი
ლეგიონერი დაბრუნდება ეროვნულ ჩემპიონატში და მერე ნახეთ, როგორ აიწევს
პირველობის დონე.
- თქვენი ტრანსფერის საკითხი როდის გადაწყდება? -
წლის ბოლომდე თუ არა, იანვრის პირველ ნახევარში, წესით, ყველაფერი
გარკვეული უნდა იყოს. მანამდე კი ინდივიდუალურად ვემზადები, აგენტის ზარს
ველოდები და ყველანაირად ვცდილობ, კონდიციები შევინარჩუნო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|
ნანახია: 788 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|