ისრაელის ნაკრებთან ფრედ ნათამაშები საშინაო მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ იგი კმაყოფილია საკუთარი გუნდის თამაშით, მაგრამ არა შედეგით. სტუმართა მწვრთნელი ლუის ფერნანდესი ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე არ მალავდა, რომ ფრე მას სავსებით დააკმაყოფილებს.
45 ათასი მაყურებლის თვალწინ საქართველოს ნაკრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა, მაგრამ საბოლოოდ ნულოვან ფრეს დასჯერდა. მასპინძლებმა განაგრძეს ქეცბაიას მოსვლის შემდეგ დაწყებული წაუგებელი სერია, რომელიც უკვე 5 თამაშს მოიცავს. თუმცა, ამ ხუთიდან მხოლოდ ერთი დასრულდა საქართველოს ნაკრების მოგებით.
"მინდა აღვნიშნო მეტოქის კარგი თამაში. წინა შესარჩევ ციკლთან შედარებით გუნდმა აშკარად მოუმატა. თბილისში, ასეთ საფეხბურთო ატმოსფეროში თამაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება. მატჩამდეც მითქვამს, რომ ფრე სავსებით დაგვაკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რომ გაგვეტანა, მაგრამ საქართველოს ნაკრების დაცვითი ხაზი საიმედოდ მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, თამაშის მსვლელობის გათვალისწინებით, მე კმაყოფილი ვარ შედეგით”, - განაცხადა ფერნანდესმა მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
"მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რაც კი შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ, ჩვენი მოედნის არც თუ ისე ხარისხიან საფარზე უკეთესად თამაში შეუძლებელია. ასეთი მოედანი ყოველთვის ხელს უწყობს იმ გუნდს, ვინც "მეორე ნომრად” თამაშობს. ვწუხვარ, რომ ამით ჩვენ გავუადვილეთ ამოცანა ისრაელის ნაკრებს, - განაცხადა ქეცბაიამ. - ვეთანხმები მათ, ვინც მიიჩნევს, რომ დღეისთვის ნახევარდაცვა ეროვნული გუნდის ყველაზე სუსტი რგოლია. იმედი მაქვს, რომ ლევან ყენია და ჯაბა კანკავა მალე გამოჯანმრთელდებიან და მე უფრო ფართო არჩევანი მექნება”.
სულ ცოტა ხნის წინ "მილანიდან” "ჯენოაში” გადასულმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ გაამხნევა ქართველი გულშემატკივრები. "დღეს ჩვენ უკეთ ვთამაშობდით, ვიდრე პირველ შეხვედრაში. მთელი მატჩის განმავლობაში ისრაელის ნაკრებმა ვერ განახორციელა ერთი მწვავე შეტევა. ვწუხვარ, რომ ჩვენ ვერ გავახარეთ გულშემატკივრები გამარჯვებით, მაგრამ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ბოლო ხუთი მატჩიდან არცერთი არ წაგვიგია. მალე გამარჯვების დროც დადგება”, - აღნიშნა მცველმა.
Uefa.com-დან თარგმნა ედუარდ სააკიანმა
|