თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი, 28 წლის ნახევარმცველი გიორგი
ნერგაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც აფრიკული ქვეყნის
ჩემპიონატში ითამაშა და პირველი ქართველი მეგოლეცაა. ნერგაძე სამხრეთ
აფრიკის პრემიერ სუპერლიგის "მოროკა სვოლოუსის" წევრია. ის ჩემპიონატის
მე-2 ტურში სასტარტო შემადგენლობაში იყო კეიპთაუნის "აიაქსის" წინააღმდეგ.
თავის მეორე შეხვედრაში აფრიკის კონტინენტზე ნერგაძემ პირველი გოლი გაიტანა
- მე-40 წუთზე მან "აიაქსის" კარი დალაშქრა. ქართველის გოლმა
იოჰანესბურგელებს ვერ უშველა, სტუმრებმა 3:2 მოიგეს. "მოროკა სვოლოუსს",
რომელსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი გერმანელი სპეციალისტი რაინერ ცობელი
წვრთნის, 2 მატჩიდან ქულაც არ აუღია.
ნერგაძე თავიდანვე აქტიურად
ჩაერთო თამაშში, "აიაქსის" გოლკიპერმა ნახტომში არ დაანება ქართველს
პირველივე წუთზე თავით გაეტანა, მან ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის
34-ე წუთზე ჩვენებურს ბურთი ხელზე მოხვდა და სტუმართა სასარგებლოდ პენალტი
დაინიშნა, ფანტენიმ დუბლი შეასრულა - 0:2. ნერგაძემ 6 წუთში გამოასწორა
თავისი შეცდომა, როცა კუთხურს კვლავ თავური დაუხვედრა, ამჯერად მან აჯობა
მეტოქის ცნობილ გოლკიპერ ჰანს ვონკს. თამაშის შემდეგ ცობელმა შეაქო
ქართველი დებიუტანტი და აღნიშნა მისი კარგი თამაში.
კაკულიას პირველი გოლი
მოლდოვის ნაციონალურ დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა 19 წლის დავით
კაკულიამ. ქართველი ნახევარმცველი დიდი ხანი არაა, რაც "სფინტულ გეორგეს"
შემადგენლობაში ჩაირიცხა. "სფინტულ გეორგემ" სტუმრად 3:0 მოუგო
"კოსტულენის", მასპინძელთა რბევას კი სათავე ქართველმა ლეგიონერმა დაუდო
მე-16 წუთზე. კაკულიამ ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა. "სფინტულ გეორგე" 4
ქულით მე-11 ადგილზეა.
"ლელო"
|