სერბეთის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში გიორგი მერებაშვილის ”ვოივოდინა” ბელგრადის ”ჩუკარიცკის” ესტუმრა და მორიგი 3 ქულა მოიპოვა. ანგარიში მე-4 წუთზე ანტვილმა გახსნა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი გიორგი მერებაშვილის გადაცემით სტევანოვიჩმა იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2. ”მერებას” გუნდს 4 ტურის შემდეგ10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.
დღეს უკრაინის ვიშა ლიგაში მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა. დიმიტრი ტატანაშვილის ”მეტალურგი” კიევის ”დინამოს” ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა. დონეცკიდან ქულის წამოღება მოახერხა ბექა გოცირიძის და ალექსანდრე კობახიძის ”კრივბასმა”. გოცირიძე 33-ე წუთზე შეცვალეს, კობახიძე კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. ”ტავრია”-”არსენალის” შეხვედრაში მასპინძელთა ძირითადში იყო ვასილ გიგიაძე. ქართველი თავდამსხმელი 51-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი კი 0:1 დამარცხდა.
რუსეთის პირველი დივიზიონის მორიგ ტურში ომარ თეთრაძის ”ვოლგა”, რომელიც პრემიერ-ლიგაში აღზევებისათვის იბრძვის, საკუთარ მოედანზე ”კამაზს” მაპინძლობდა. 2-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად მასპინძლებმა მაინც შეძლეს ქულის გადარჩენა. ”ვოლგას” ქულა მე-60 წუთზე ოთარ მარცვალაძემ მოუტანა. მასპინძელთა ძირითადში ერთბაშად 4 ქართველი ვიხილეთ - მარცვალაძემ, ხოჯავამ და ნავალოვსკიმ შეხვედრა სრულად ჩაატარეს, ხოლო საჯაია 37-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიწურულს მასპინძლებს 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს, რამაც ქართველი მწვრთნელის აღშფოთებაც გამოიწვია. ”უჩივლებ თუ არა მსაჯებს, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 2 ქულა არავინ დაგვიბრუნებს. ყველა ამბობს, რომ ”ვოლგა” თამაშებს ყიდულობს. აი ნახეთ სახლში როგორ ჩაგვძირეს! ეს კი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა კლუბების სამუშაოს შედეგია”- განაცხადა თეთრაძემ მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში მოსკოვის ”სპარტაკმა” საკუთარ მოედანზე რამენსკოეს ”სატურნს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ქართველი ვუნდერკინდი ჯანო ანანიძე ვალერი კარპინმა პირველი ტაიმის შემდეგ შეუშვა, როდესაც ტაბლოზე ანგარიში 1:1 იყო დაფიქსირებული. ჯანომ იბსონი შეცვალა და უშუალო კონკურენტზე გაცილებით მაღალი 6.0 შეფასება დაიმსახურა (ბრაზილიელმა 5.0 მიიღო). ”რუბინი”-”ამკარის” შეხვედრაში მაპსპინძელთა განაცხადაში ვერ მოხვდა ლაშა სალუქვაძე. ყაზანელებმა ახალწვეულების გოლების წყალობით (კარლოს ედუარდო 2, მარტინსი) შეძლეს მეტოქის დამარცხება - 3:0. ”რუბინი” 40 ქულით მეორეა, ”სპარტაკს” 29 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.
თურქეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში შოთა არველაძის ”ქაისერმა” თურქეთის ერთ-ერთ უძლიერესს კლუბს ”ფენერბაჰჩეს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩი სრულად ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ალეკო ამისულაშვილმა. ქართველი მწვრთნელის გუნდს 4 შეხვედრის შემდეგ 10 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება.
championat.ge
|