თემურ ქეცბაია საქართველოში წუხელ დაბრუნდა და თუ არაფერი შეიცვალა, საოქტომბრო მატჩებისთვის ნაკრებში გამოძახებულთა სიას დღესვე გამოამზეურებს. მანამდე კი ორი ამბავი გვაქვს - ქეცბაიასა და საქართველოს ნაკრების შესაძლო სპარინგზე...
ბერძნულ სუპერლიგაში ჯერ მხოლოდ 4 ტურია ნათამაშები და აეკ-ის თავკაცის პოსტი უკვე ვაკანტურია - ათენური გრანდის ხელმძღვანელობამ გამოცდილ დუშან ბაევიჩს "ასტერას ტრიპოლისთან" ფრე (შინ 2:2) და ლიგის დებიუტანტ "ოლიმპიაკოს ვოლოსთან" წაგება (1:3) არ აპატია. ბერძნული ვებგვერდები gazzetta.gr-სა და sigmalive.com-ს ინფორმაციით, აეკ-ის მესვეურები ბაევიჩის პოტენციურ შემცვლელთა შორის ქეცბაიას კანდიდატურასაც განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობის ჟამს საქართველოს ნაკრების თავკაცმა ერთი შთამბეჭდავი პერიოდი (1994-97 წლები, 84 მატჩი, 23 გოლი) სწორედ აეკ-ში გაატარა, საიდანაც მერე "ნიუკასლში" მოხვდა. ისიც გავიხსენოთ, რომ აეკ-ის ბოსებს "ოლიმპიაკოსამდეც" სურდაც ქართველი მწვრთნელის გადაბირება, მაგრამ მაშინ პირეოსელებმა იმარჯვეს. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, პრაქტიკულად გამორიცხულია, ქეცბაიამ საქართველოს ნაკრები დატოვოს და ათენს მიაშუროს...
ახლა მეორე ამბავი - გარდა ჩინეთისა და ბელარუსის ვარიანტისა, 17 ნოემბერს საქართველოს ავსტრიასთან გაჯიბრების შანსიც აქვს. ამ სამიდან რომელზე შეჩერდება არჩევანი, ჯერჯერობით გარკვეული არ არის, თუმცა ის კი გავიგეთ, რომ ავსტრიელები ქართულ ვარიანტს სხვაზე წინ არ აყენებენ. ცნობისთვის, ფიფას ბოლო რეიტინგში ავსტრია 61-ე ადგილზეა. ამ გუნდს 55 წლის დიტმარ კონსტანტინი წვრთნის.
ჩვენს ნაკრებთან თამაში მოინდომა რეიტინგში 39-ე საფეხურზე მყოფმა ბურკინა ფასომაც. თუმცა ქართულმა მხარემ აფრიკელთა პირობები არ მიიღო და წინადადებაზე უარი თქვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|