ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 1 » გოგუას სიცხე, კოშკაძის ტრავმა...
18:56 გოგუას სიცხე, კოშკაძის ტრავმა... |
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორშაბათს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სასტარტო მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 3 სექტემბერს, სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, 7 სექტემბერს კი ისრაელს უმასპინძლებს.
საკმაო ხნის წინ გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ციკლის წინ ხანმოკლე შეკრებას კვიპროსზე გაივლიდა და ასეც მოხდა. ორშაბათს თემურ ქეცბაიას გუნდი უკვე ლარნაკაში იყო, ოღონდ არასრული შემადგენლობით. წესით, ქეცბაიას განკარგულებაში მის მიერ გამოძახებული ყველა ფეხბურთელი დღეისთვის უნდა იყოს.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, კვიპროსზე თბილისიდან გაემგზავრა ლეგიონერთა ნაწილი - ჯანო ანანიძე, გოგიტა გოგუა, დავით სირაძე, ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია, ალექსანდრე ამისულაშვილი, და ქართულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები - გრიგოლ ბედიაშვილი, გიორგი ლორია, ალექსანდრე კოშკაძე, თორნიკე აფციაური და ნიკოლოზ გელაშვილი. პირდაპირ ნიქოზიაში კი კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი, მათე ღვინიანიძე, გიორგი მერებაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ვლადიმერ დვალიშვილი ჩაფრინდნენ.
სავარაუდოდ, გუშინ საღამოს გუნდს ლევან კობიაშვილი და უჩა ლობჟანიძე, ხოლო დღეს გამთენიისას ზურაბ ხიზანიშვილი უნდა შეერთებოდნენ. კვიპროსზე ნუკრი რევიშვილსაც დღეისთვის ელიან. საქართველოს ნაკრები ქალაქის გარეუბანში მდებარე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სპორტულ ცენტრ "ალეგრაშია" დაბინავებული და იქვე ვარჯიშობს. კეთილმოწყობილი სასტუმროს წინ სტანდარტული ზომისა და იდეალური ხარისხის ორი მოედანია.
პირველი ვარჯიში ქეცბაიამ 30 აგვისტოს საღამოს ჩაატარა, მაგრამ იმ ნიქოზიაში იმ დროისთვის იქ მყოფი მოთამაშეები დიდად არ დაუტვირთავს. მიზეზი გუნდის გადაღლილობაა - ქართულმა დელეგაციამ ხომ კვიპროსზე გადასხდომებით, თურქეთისა და საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა. საქართველოს ნაკრების პირველმა წვრთნამ მხოლოდ 50 წუთს გასტანა.
მაღალი სიცხე ჰქონდა გოგიტა გოგუას და ამის გამო პირველი ვარჯიში გამოტოვა, თუმცა გუშინ იგი თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა და საღამოს ივარჯიშა კიდეც. მცირე ტრავმა აწუხებს ალექსანდრე კოშკაძეს, მაგრამ არც მისი მდგომარეობაა საგანგაშო. თავს კარგად გრძნობს ჯანო ანანიძე, რომელმაც მიკროტრავმის გამო რუსული პრემიერლიგის გასული ტური გამოტოვა.
საქართველოს ნაკრები კვიპროსზე ხვალ დილამდე დარჩება, იქაური დროით დილის 11 საათზე კი საბერძნეთში გადაფრინდება. ხვალვე ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საფეხბურთო გუნდი პირეოსში, "გეორგიოს კარაისკასის" სტადიონზე ივარჯიშებს, ზეგ კი საბერძნეთი-საქართველოს მატჩი იმავე არენაზე, თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ლევან ჯანეზაშვილი
|
ნანახია: 867 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|