"სამტრედიას" დროებით მაინც ეშველა - გუშინ "ზესტაფონთან" მატჩის დღეს, კლუბის პრეზიდენტ ზაზა ადეიშვილს აცნობეს, რომ "ბილაინმა" გაჭირვებაში ჩავარდნილი "სამტრედიის" თანადგომა გადაწყვიტა. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია კლუბში ანგარიშზე აგვისტოს დავალიანების ოდენობის თანხა (20 ათასი ლარი) ჩარიცხა.
"კლუბის ხელმძღვანელებმა და ფეხბურთელებმა ამოისუნთქეს, სამტრედიელი გულშემატკივრები კი ისეთი გახარებულები ვართ, მადლიერების ნიშნად "ბილაინზე" გადასვლას ვაპირებთ. მე და კიდევ რამდენიემ ჩემმა თანამოაზრემ ასე ვთქვით, დადარწმუნებული ვარ, ყველა გულშემატკივარი აგვყვება", - გვითხრა კლუბის ფან-კლუბის აქტიურმა წევრმა ზაზა ნინუამ.
"ბილაინის" დახმარება იმიტომაა აღსანიშნავი, რომ უხელფასობით შეწუხებული "სამტრედიის" ფეხბურთელები, "ზესტაფონთან" მატჩზე მოედანზე გასვლას აღარ აპირებდნენ. გულშემატკივრისგან დამოუკიდებლად იგივე "ლელოსთან" სატელეფონო საუბარში კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ადეიშვილმაც გაიმეორა.
"თუ "ბილაიანი" ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს შემდგომშიც გამოხატავს, აქ ისეთი გულშემატკივრები გვყავს, მთელი სამტრედია "ბილაინზე" გადავა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სტადიონზე მატჩის დაწყებამდე და შესვენებაზეც გულშემატკივარს ამას მოვუწოდებთ. დარწმუნებული ვარ, ეს კომპანია ჩვენს რაიონში დამატებით ბევრ აბონენტს შეიძენს. სამტრედიაში ძალიან ბევრი ფეხბურთის ქომაგია და მადლიერებას ასეც გამოხატავენ", - გვითხრა ადეიშვილმა.
"ლელო"
|