გულვერდ თომაშვილი: "თამაში ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც წავაგეთ"
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა 2011 წლის ევროპის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი სომხეთთან, საკუთარ მოედანზე 2:0 წააგო და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ფეხბურთელები შეხვედრას აანალიზებენ და წაგების მიზეზებზე საუბრობენ:
"დინამოელი" გულვერდ თომაშვილი ცალკეულ დამნაშავეს ვერ ხედავს და თვლის, რომ ეს შეხვედრა, ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც წააგეს.
"საგოლე მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ, შეტევაში გავერთეთ და ამიტომ მივიღეთ გოლი. რა ვთქვა, არ ვიცი, ერთ წუთში ორი გოლი გაგვიტანეს, ალბათ, შესაბამისად მობილიზებულები არ ვიყავით. მწვრთნელის დავალება ვერ შევასრულეთ, ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგებას შევძლებდით. რაც შეეხება მიზეზებს, საერთოდ, როდესაც აგებს გუნდი, აგებენ ფეხბურთელებიც და მწვრთნელიც, თამაში ფეხბურთელებმაც და მწვრთნელმაც წავაგეთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა მოედანზე და მოვიგებდით. ეს იყო მიზეზი წაგების. "
თომაშვილისგან განსხვავებით, გიორგი განუგრავა თვლის, რომ ყველაფერი უფრო უიღბლობის ბრალი იყო, ვიდრე მოუნდომებლობის.
გიორგი განუგრავა: "მთლიანობაში რაც მოხდა. ძალიან სამწუხაროა, ყველა თავს დამნაშავედ გრძნობს, ბოლო თამაშებში საკმაოდ ბევრს გვიმართლებდა და ალბათ, ასე იყო საჭირო, ყველანირად ვეცადეთ მობილიზება, უპირატესობაც ფლობდით, ალბათ, შემოგვიბრუნდა იღბალი, როგორც გვიმართლებდა, ისე არ გაგვიმართლა ახლა. არ გამოგვივიდა. ყველა განიცდის და შეეცდება გამოსწორებას. ჩვენ წლოვანებას აღარ უწევს ამ ნაკრებში თამაში. მაგრამ ყველა ფეხბურთელი ძლიერ გუნდში თამაშობს და აქვთ იმის ტალანტი ბევრს, რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს, იქ გამოიჩინოს თავი და წარმატება მოუტანოს გუნდს".
ლაშა თოთაძის აზრით, გუნდმა იმდენი მომენტი ვერ გამოიყენა, რომ ამის გამო მოგებას არ იმსახურებდნენ.
ლაშა თოთაძე: "მე ვიტყოდი, რომ არ გაგვიმართლა, გადაღლილებიც ვიყავით და კონცენტრაცია დავკარგეთ, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც. სომხებმა დამსახურებულად მოიგეს, ორად ორი მომენტი ჰქონდათ და გამოიყენეს. არც ჩვენ ვიმსახურებდით მოგებას, იმდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. კარგი ბიჭები არიან ახალგაზრდულ ნაკრებში. ვინც ვერ გამოვიჩინეთ თავი ახლა. იმედია, ეროვნულ ნაკრებში მოგვეცემა ამის შანსი. ეს ჩვენს ფორმაზეა დამოკიდებული და იმაზე თუ როგორ განვიცდით პროგრესს".
რაც შეეხება მსაჯობას, ამ თემაზე ფეხბურთელები ბევრს არ საუბრობენ, თუმცა, მაინც ფიქრობენ, რომ საკუთარ მინდორზე მსაჯები უკეთ მსაჯობენ.
გულვერდ თომაშვილი: "პატარ-პატარა ხარვეზები იყო მსაჯებისგან, მაგრამ მას გადამწყვეტი როლი არ შეუსრულებია ჩვენს წაგებაში".
ლაშა თოთაძე: "მსაჯზე არ მიყვარს საუბარი, მაგრამ გვქონდა მომენტები და მსაჯებისგან ხელისშემშლელი ფაქტორები იყო. ასე ხშირად ხდება ფეხბურთში და არ მინდა წაგება მსაჯს დავაბრალო. თუმცა, არც ის მინდა ვიფიქრო, რომ შეცდომებს განზრახ უშვებდა" .
მატჩის შემდეგ გამართულ მუშტი-კრივზე თომაშვილი ამბობს, რომ თამაშის დასრულების შემდეგ, სომეხმა ფეხბურთელებმა გამომწვევად ლაპარაკი დაიწყეს, რასაც ეს გაუგებრობა მოჰყვა.
გულვერდ თომაშვილი: "თამაში წავაგეთ, ნერვებზე ვიყავით ყველა მოშლილი და თავი ვერ შევიკავეთ".
ლაშა თოთაძე: "ჩხუბზე არ ვიცი რა მოხდა, მე ვცდილობდი, ორივე მხარე გამეშველებინა. არავითარი აგრესია არ მგონია სომხების მიმართ".
goli.ge
|