ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 15 » "ზესტაფონი" 3-0 "დუკლა" (ვიდეომასალა, ფოტომასალა)
23:24 "ზესტაფონი" 3-0 "დუკლა" (ვიდეომასალა, ფოტომასალა) |
უეფას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი:
| 3-0
| |
"ზესტაფონი” (საქართველო) – "დუკლა” (სლოვაკეთი) 3:0 (1:0) 15 ივლისი, 2010 წელი. ზესტაფონი, "დავით აბაშიძე”. 4000 მაყურებელი.
"ზესტაფონი”: კვასხვაძე, ბენაშვილი, გიორგი ონიანი (კაპ),
ხიდეშელი, ელიავა, ძარია, დაუშვილი, გრიგალაშვილი (ფიფია, 79), ბაბუნაშვილი
(აფციაური, 30), გელაშვილი, დვალი (ალადაშვილი, 79). მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე. "დუკლა”: ბოროში, ხუჩკო (პიხი, 66), პოლიოვკა (კაპ),
ადამიკი, პლევა, პოვაჟანეცი, პანჩიკი, დურიში, გაიდოში (დურიცა, 77),
ბრაშენი, სავიჩი. მთავარი მწვრთნელი: კაროლ მარკო. გაფრთხილებები: სავიჩი (8), ბრაშენი (37), დურიში (61),
გელაშვილი (61), დაუშვილი (90-2). გოლები: 1:0 დვალი (24), 2:0 ძარია (48), 3:0 დვალი (65) მსაჯები: ვიაჩესლავ ბანარი, სერგეი ტროფანი, სერგიუ
ბესლიუ (ყველა მოლდოვა).
ნაცნობი
სურათი – სავსე ტრიბუნები, საკუთარი გუნდის კარგი თამაშის მომლოდინე
მაყურებელი და ზაფხულის პირობაზე კარგი სათამაშო ამინდი. ბუნებრივია, ამ
ყველაფრის ფონზე, ფეხბურთელებს ისღა დარჩენოდათ, რაც შეეძლოთ ეჩვენებინათ.
ვის რა და როგორ გამოუვიდა ნაჩვენები, ბოლოს ტაბლოდან გამოჩნდა. ფეხბურთელები კარგად "გახურებულები” არ იყვნენ, სტუმართა
კართან ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ჯაბა დვალი მეკარის პირისპირ დარჩა,
დაარტყა, მაგრამ ბურთი ბოროშისგან დაუცველ მარჯვენა კუთხეს მცირედით აცდა.
თამაშში კიპერისგან შეტანილი ბურთი, მცველს გელაშვილმა "მოპარა” და მახვილი
კუთხიდან დაარტყა – "დუკლას” მეკარემ ბურთი ადგილზე გააქვავა. დებიუტში მასპინძელთა აქტიური თამაში ამით არ დამთავრებულა.
შეუჩერებელი იყო დვალი, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ჯაბნიდა
სლოვაკთა მცველებს. მე-10 წუთზე ჯაბას ოციოდე მეტრიდან დარტყმული, ბოროშმა
კუთხურზე მოიგერია. აქედან ოთხ წუთში, ბაბუნაშვილი დაემუქრა სტუმართა კარს –
კიპერი ამჯერადაც ადგილზე დახვდა დარტყმულს. გეგუჩაძის შეგირდები კვლავ განაგრძობდნენ მეტოქის საჯარიმოს
ოკუპაციას, თუმცა სლოვაკებს საიმედოდ ჰქონდათ კარის მისადგომები დაცული.
24-ე წუთზე ვერც სლოვაკურმა "რედუტებმა” დაიცვა სტუმრები გაშვებული
გოლისგან. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს გელაშვილმა თავი წაკრა და
კართან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა დვალმა თავით
შეძლო ანგარიშის გახსნა – 1:0. მასპინძლებმა შეტევები არც ამის შემდეგ დაივიწყეს და ტაიმის
დამთავრებამდე, მინიმუმ, ორჯერ მაინც იყვნენ გატანილი გოლის ღირსნი. 42-ე
წუთზე, აშკარად საუკეთესო ჯაბა დვალის შორეულ დარტყმულს, კიპერმა კუთხურზე
მიუჩინა ადგილი, ხოლო პირველი ნახევრის ბოლო წუთზე, ზესტაფონელთა მეორე
ფორვარდს გოლის გატანის შანსი მიეცა - ნიკა გელაშვილის თავურს, ცოტა მიზანი
დააკლდა. "ზესტაფონს” მეორე ტაიმშიც ისეთივე აქტიური დასაწყისი ჰქონდა,
როგორც პირველში – იმ განსხვავებით, რომ ამჯერად, გოლის გატანა შეძლეს.
სწრაფ, მრავალსვლიან
კომბინაციას "გვირგვინი” ირაკლი ძარიამ დაადგა, საგოლე პასი
კი დვალის ანგარიშზეა – 2:0. ისე არ იფიქროთ, სტუმრები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე
ზრუნავდნენ. კაროლ მარკოს გაწვრთნილებს "მშრალად” შინ გაბრუნების სურვილი
არ ჰქონდათ, მაგრამ ქართველ მცველებს ერთ-ერთი საუკეთესო საევროტურნირო
შეხვედრა ჰქონდათ. კი უგებდა მაღალ ბურთებს იოზეფ ადამიკი ხიდეშელს და
ონიანს, მაგრამ არცერთი ეს ეპიზოდი, კვასხვაძის კართან ხიფათით არ
დასრულებულა. მეორე ტაიმის შუაში დვალმა ერთხელაც გაიბრწყინა და მატჩის
დამთავრებამდე ათიოდე წუთით ადრე, მინდვრიდან უკვე დუბლის ავტორის რანგში
გადიოდა. სლოვაკთა საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან გრიგალაშვილის შესრულებული
დარტყმა, ბოროშმა ძლივს მოიგერია, უკან გამოვარდნილ ბურთს კი, დვალმა
ეფექტური დაბოლოება მოუძებნა – 3:0. ხვალ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის
შემდეგი ეტაპების კენჭისყრაა. ისე, ცოტა უხერხულ დროს კია დანიშნული ეს
პროცედურა - მეტოქეებს ხომ საპასუხო შეხვედრები აქვთ დარჩენილი. ამ წყვილის
შემთხვევაში, თუ დღევანდელი მატჩის პერიპეტიებს გავიხსენებთ, სლოვაკთა
დელეგაციას შეუძლია შვეიცარიული ვოიაჟისთვის დრო და სახსრები არ დახარჯოს.
სურათების ქვემოთ იხილავთ გატანილი გოლების ვიდეოებს...
|
ნანახია: 933 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
რეკლამა |
|
|
|