სასიხარულოა, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" წარმატებით ასპარეზობს ევროსარბიელზე. მიმდინარე სეზონში კლუბმა ევროპის ლიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე განვლო და მესამე ეტაპზე ლვოვის "კარპატს" დაუპირისპირდება. ფეხბურთის ქართველი, და განსაკუთრებით, ზესტაფონელი გულშემატკივრისთვის კიდევ უფრო სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კლუბის ხელმძღვანელობის მოწადინებით და სფფ-ის აქტიური შუამდგომლობით, უეფამ დართო ნება "ზესტაფონს" საკუთარ არენაზე უმასპინძლოს უკრაინელებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო უკრაინული კლუბის თანხმობამ და სურვილმა, ითამაშოს ზესტაფონში.
ზოგადად კი საქმე იმაში გახლავთ, რომ ევროპულ საკლუბო ტურნირებში, როგორც სტადიონის ინფრასტრუქტურისადმი, ისე სხვა მნიშვნელოვანი ობიექტებისადმი მოთხოვნები ეტაპობრივად იზრდება. ზესტაფონის დათო აბაშიძის სტადიონი მე-2 კატეგორიისაა, ხოლო მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მკაცრად მოითხოვება მე-3 კატეგორიის სტადიონი. ამასთან, ძალზედ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გუნდებისა და სხვა ოფიციალურ პირთა მიღების საკითხებს, რაც უკავშირდება რეგიონში აეროპორტისა და მაღალი დონის სასტუმროების არსებობის პრობლემებს.
ზესტაფონში პირველ ორ ეტაპზე ჩატარებულმა მატჩებმა ასევე წარმოაჩინა ის ინფრასტრუქტურული თუ საორგანიზაციო პრობლემებიც, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს. კლუბის ხელმძღვანელობამ მაშინათვე დაიწყო პრობლემების მოგვარება, უეფასა და სფფ-ის ლიცენზირების განყოფილების მითითებების შესაბამისად. სფფ აქტიურად ითანამშრომლებს მოსამზადებელი სამუშაოების პროცესში, რათა თამაში მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარდეს და მატჩზე მოვლენილ უეფას დელეგატს შენიშვნები არ ჰქონდეს.
სფფ კიდევ ერთხელ ულოცავს ზესტაფონის კლუბს წარმატებას და უსურვებს გამარჯვებებს ევროსარბიელზე.
სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების განყოფილება
|