გუშინ, ჩარტერული რეისით, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უკრაინაში გაემგზავრა. დილის 11:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 3 საათში ქართული გუნდი ლვოვის აეროპორტში ჩაფრინდა.
ლვოვის აეროპორტიდან ავტობუსით ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ქართველები ლვოვის გარეუბან ვინნიკიში ჩავიდნენ და სასტუმრო ”სვიატოსლავში” დაბინავდნენ.
უნდა ითქვას, რომ ზემოიმერლები უკრაინაში შეთხელებული შემადგენლობით გაემგზავრნენ. გუშინ საღამოს საგურამოში გამართულ ვარჯიშზე ალექს ბენაშვილმა მუხლის ტრავმა მიიღო. გუნდის სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ, გია გეგუჩაძის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გალიჩინაში 19 ფეხბურთელით გამგზავრების შესახებ.
გუშინ საღამოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უკრაინულ მიწაზე თავის პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. ვარჯიში ვინნიკის ბოგდან მარკევიჩის
სახელობის სტადიონზე გაიმართა და 19:30 საათზე დაიწყო. წვიმისა და
სიცივის მიუხედავად, წვრთნისა და მზადების პროცესი პოზიტიურ ატმოსფეროში
წარიმართა.
უეფას მოთხოვნით, დ. აბაშიძის სახ. სტადიონზე დამატებით 500 ახალი სკამი დამონტაჟდება. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ის 3 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს, რათა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის მზად იყოს. დამატებითი სკამებით აღიჭურვება საპრენსკონფერენციო დარბაზი და ფოტო-ჟურნალისტებისთვის სპეციალური კარვებიც მოეწყობა. დაგეგმილია 2 500 კვ.მეტრის ფართობზე ასფალტის საფარის დაგებაც.
|