[სანტიაგო გაუჩო] წინა კვირის ქართულ და მსოფლიო სპორტულ მოვლენებს ორი
გამორჩეული გმირი ჰყავდა. კავკასიის ერთ პატარა ქვეყანაში, მიმდინარე
საფეხბურთო პირველობის გამარჯვებულის წოდება რუსთავის "ოლიმპმა” მოიპოვა,
შორეულ იტალიაში კი თავი ერთმა ყველასათვის გამორჩეულმა პიროვნებამ
გამოიჩინა.თემურ მახარაძე მწვრთნელთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება,
რომლებიც დაუღალავი შრომის შედეგად წარმატებას ყოველთვის აღწევენ. თემურ
მახარაძეს ქართულ ფეხბურთში საკმაოდ წარმატებული, მაგრამ ამავდროულად
დაუფასებელი სპეციალისტის სახელი გააჩნია. საკუთარი კარიერის განმავლობაში
მახარაძეს მრავალ გუნდში უმუშავია და ჩვენს ფეხბურთშიც ე. წ. "გადამრჩენი”
მწვრთნელის წოდებაც გააჩნია. მივიდოდა ბატონი თემური ჩასაძირად განწირულ
კლუბში და სულ ცოტა ხანში შედეგსაც აღწევდა. ამის შემდეგ კი, როგორც წესი,
უმუშევარი რჩებოდა. ასე გრძელდებოდა და გრძელდება მუდმივად. გახსოვთ ალბათ
საფეხბურთო კლუბი "მერანი”. თავის დროზე ამ გუნდმა ინტერტოტოს თასზე
რამდენიმე შეხვედრა მოიგო და წარმატებას რატომ მიაღწიეო, თემურ მახარაძე
უმუშევარი დატოვეს. მრავალი გუნდი გაუწვრთნია თემურ მახარაძეს,
მრავალი გუნდისათვის დაუტყვია საკუთარი ხელი, მაგრამ საქართველოს ჩემპიონის
წოდება პირველად მოიპოვა. რუსთავის "ოლიმპი” ის გუნდი აღმოჩნდა, რომელიც
მახარაძემ გამარჯვებულის წოდებამდე მიიყვანა. მართალია "ოლიმპს” საკმაოდ
სერიოზული სამთავრობო ლობისტური ზურგიც გააჩნია, მაგრამ ფეხბურთს თერთმეტი
ადამიანი თამაშობს და ამ მოთამაშეთა კრებულს ერთი გონიერი წინამძღოლი
აუცილებლად სჭირდება. რუსთავის გუნდს გვერდში დავით კირკიტაძე უდგას,
"ეროვნული” რეპერი ლექს-სენიც ამ კლუბის თაყვანისმცემელია, მაგრამ მწვანე
მინდორზე გასულ მოთამაშეებს, მაინც თემურ მახარაძე მოძღვრავდა და
მოძღვრავს. "მაღალი კლასის, ღირსეული კაცების გუნდი ჩამაბარეს და
ყველას მადლობას ვუხდი, ვინც გვერდში დამიდგა. ეს იყო გუნდი და არა
"პრიმასტერების” ფეხბურთელებით დაკომპლექტებული საცოდაობა. ერთი ოჯახია,
ჩემი ესმით და ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. ესაა ყველაზე მთავარი” – აღნიშნა
გაჩემპიონების შემდეგ ბატონმა თემურიმ. რუსთავის "ოლიმპს”
მაკრიტიკებელი არ აკლია და ეს ალბათ ამ გუნდის პოლიტიკოსი ლობისტების
დამსახურებაა. ამის მიუხედავად რუსთაველებმა ჩემპიონის წოდება
დამსახურებულად მოიპოვეს და ამ წარმატებაში ლომის წვლილი სწორედ რომ თემურ
მახარაძეს ეკუთვნის. ვულოცავ ამ სპეციალისტს დიდ გამარჯვებას და გვერდში
ალბათ ამ სტატიის ყველა წამკითხველიც დამიდგება რამდენიმე კვირის
წინ, ქართული სპორტული მას-მედიის საშუალებებში ერთი სახალისო და
ამავდროულად საპირველაპრილო ინფორმაცია გავრცელდა. თურმე თემურ მახარაძეს
აზერბაიჯანის ნაკრების მესაჭის თანამდებობა შესთავაზეს. აზერებისა რა
მოგახსენოთ, მაგრამ რუსთავული კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ ერთი თხოვნა
გამაჩნია. „ოლიმპი" ის სპორტული ერთეულია, სადაც მწვრთნელებს ხშირად
ცვლიან. ორ თვეში საქართველოს ახალი ჩემპიონი ევროპულ სარბიელზე
იასპარეზებს. დავარღვიოთ ძველი ტრადიციები და თემურ მახარაძეს მუშაობის
საშუალება მივცეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი თემური საკუთარ კლუბს,
ევროპის კონტინენტზეც მაღალ სიმაღლეებზე აიყვანს.
როდესაც პატარა ქალაქი რუსთავი გამარჯვებას ზეიმობდა, იტალიურ ქალაქ რომში
ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფრანჩესკო ტოტი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.
დონ ფრანჩესკო ჩემთვის საყვარელ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება და
სპორტული „ფიქრების" დასასრულს ადგილს სწორედ რომ ამიტომ ვუთმობ. ნამდვილად
ვერ წარმოვიდგენდი, რომ ტოტი საკუთარ თავს უარყოფითი კუთხით წარმოაჩენდა.
იტალიის თასის ფინალურ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს "ინტერმა” დედაქალაქურ
"რომას” მინიმალური ანგარიშით სძლია და ამ მატჩში თავი სწორედ რომ ჩემმა
საყვარელმა ფრანჩესკომ გამოიჩინა. ამ შეხვედრის უკანასკნელი წუთები საკმაოდ
ნერვიულ ვითარებაში წარიმართა და კულმინაციაც 88-ე წუთზე დადგა, როდესაც
ტოტი ბალოტელის უკნიდან მიეპარა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა ფეხებში
უთავაზა. გაძევებული ფრანჩესკო, მინდვრიდან ისეთი გამომეტყველებით გავიდა,
რომ საკუთარი დედაც არ მიიკარებდა ახლოს. რა გასაკვირია, რომ საქმის
"გასარჩევად” არც ერთი კოლეგა არ მიკარებია. მიუხედავად ტოტის ასეთი
"გმირობებისა”, დღევანდელი "ფიქრების” დასასრულს მის მორიგ ოხუნჯობას მაინც
შემოგთავაზებთ. მინდა – არ მინდა, დღევანდელ წერილში თუ "ფიქრებში”
პოლიტიკას გვერდს მაინც ვერ ავუვლი. ერთი თვის განმავლობაში გაუჩინარებულ
ქვეყნის პრეზიდენტზე ვფიქრობდა და ეს უკანასკნელი წინა კვირას ქუთაისში
გამოგვეცხადა. იმერეთის ამ ქალაქში მიხეილ სააკაშვილმა საჩოგბურთო კორტები
და ტანვარჯიშის დარბაზი გახსნა. პრეზიდენტმა ახალგაზრდა ჩოგბურთელებთან
ერთად ახალი კორტები დააჭაშნიკა და სიმართლე ითქვას, ერთი თვის
განმავლობაში, უცხოეთში გადახვეწილი და დაკარგული ადამიანის გამოჩენა
მართლაც რომ გამიხარდა. ისიც მესიამოვნა, რომ სააკაშვილი ჩვეულ სპორტულ
ფორმაში ვიხილე. ვაჟი ჩოგბურთელებით ქართველები დღეს თავს ნამდვილად ვერ
მოვიწონებთ. სპორტის ამ სახეობის მანდილოსანი წარმომადგენლები ამჟამად
საქართველოში არ იმყოფებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი ალბათ
ახლადგახსნილ კორტებზე მათ შეეჯიბრებოდა და როგორც რამდენიმე წლის წინ,
ბათუმში, კალაძეს ტრავმა რომ მიაყენა, ჩოგბურთელ ქალბატონებსაც
დააშავებდა. კალაძე ვახსენე და წინა კვირის ერთ-ერთი გმირი კახაც
აღმოჩნდა. არა, „მილანის" მცველი ნოღაიდელთან ერთად პოლიტიკურ
გაუგებრობაში არ აღმოჩენილა. საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იტალიური
„მილანი" კახას სანაკრებო თამაშისათვის არ ათავისუფლებს. თურმე „მილანს"
მაისის მეორე ნახევარში, კანადასა და აშშ-ში ტურნე აქვს დაგეგმილი და გუნდი
კახას საქართველოს ეროვნულ გუნდში არ უშვებს. მართლაც რომ კომიკური
სიტუაციაა. მიმდინარე სეზონში კალაძეს „მილანში" ასპარეზობა თითქმის არ
უწევს და საინტერესოა რატომ აიტეხეს ქართველი მცველის ოკეანისგაღმა ტურნეში
წაყვანა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და „მილანის" ხელმძღვანელობას
შორის ამ საკითხზე გაცხოველებული მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედია,
რომ კამერუნის ნაკრებთან კალაძე ეროვნული გუნდის ღირსებას აუცილებლად
დაიცავს. მილიონერი სპორტსმენის ცოლობა საკმაოდ სარფიანი პროფესიაა
და ამაში ამერიკელი მუქკანიანი სპორტსმენის, თაიგერ ვუდსის მაგალითზეც
ვრწმუნდებით. 34 წლის გოლფის მოთამაშე საკუთარ მეუღლეს ცოტა ხნის წინ
ოფიციალურად გასცილდა და ოჯახური უღლის დარღვევისათვის ცოლს 200 მილიონი
დოლარი უნდა გადაუხადოს. წინა კვირას მსოფლიო მას-მედიის საშუალებებისათვის
დროებით გაუჩინარებული სპორტსმენი ხალხის წინაშე კვლავ გამოჩნდა და აშშ-ის
ქალაქ შარლოტას ტურნირზეც იასპარეზა. სამწუხაროდ თავი ვერაფრით გამოიჩინა
და მონაწილეთა შორის ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეც გავიდა. „პურიტანული"
სულისკვეთების მქონე ამერიკელმა მაყურებელმა თაიგერ ვუდსს განსაკუთრებული
ობსტრუქცია მოუწყო და დაცვა იძულებული გახდა, თაიგერის რამდენიმე
აღელვებული ფანი შესაბამისად დაეშოშმინებინა. მომავალ კვირაში,
ქართულ სპორტულ ცხოვრებაში ერთი საპასუხისმგებლო და კარგად გასახსენებელი
თარიღი გველოდება. 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ" თასების
მფლობელთა თასი მოიპოვა. ზოგიერთი ქართველი სპორტული ჟურნალისტის აზრით,
ჩვენი ფეხბურთის დონის დაცემა, სწორედ რომ 1981 წლის 13 მაისის წარმატების
შემდეგ დაიწყო. ერთმა ახლობელმა და ასაკოვანმა კოლეგამ რამდენიმე ხნის წინ
ისიც კი მითხრა, რომ ფეხბურთის ისტორიაში უპირველეს ყოვლისა გამორჩეული
პიროვნებების სახელი და გვარი იწერება და 13 მაისის შემდეგ, რამდენიმე
ქართველელ მოთამაშეს თუ არ ჩავთვლით, ეროვნულ ფეხბურთში სწორედ რომ
ვარსკვლავების დეფიციტის პერიოდი დაგვიდგა. შეიძლება ამ პიროვნებას
დაეთანხმო, ან პირიქით ეკამათო. ფაქტი კი ერთია. „მოედანს ვარსკვლავები
ამშვენებენ" – ასე ბრძანა თავის დროზე დიდმა ანდრო ჟორდანიამ და
სამწუხაროდ, 1981 წლის შემდეგ, ქართულ „ტყავის ბურთს" მართლაც რომ
ვარსკვლავების დეფიციტი გააჩნია. რაც შეეხება 1981 წლის 13 მაისს. ეს
დღე და გერმანულ დიუსელდორფში გამეფებული საზეიმო ატმოსფერო, ქართული
დელეგაციის იმდროინდელი ხელმძღვანელის, ბატონი შოთა გორგოძის სიტყვებით
მინდა რომ გავიხსენო: „ ბანკეტზე დაპატიჟებული ორივე გუნდი ვიყავით, მაგრამ
„კარლ ცეისი" მაშინათვე შინ გაემგზავრა. ალბათ მიხვდებით, რომ ამის გამო
არ ვინერვიულებდით. პირიქით, მართლაც ჩვენებურად მოვილხინეთ. სუფრა იმ
სასტუმროს რესტორანში იყო გაშლილი, სადაც „დინამო" იყო დაბინავებული და
სასტუმროს მეპატრონემ, ახალგაზრდა ქალბატონმა ყველა ფეხბურთელს ნება დართო,
რომ ტელეფონით უფასოდ ესარგებლათ და თბილისში, ახლობლებთან დაერეკათ.
მატჩის დასრულებისთანავე გასახდელში დიუსელდორფის ბურგომისტრი შემოვიდა,
შამპანური გახსნა და ჩემთან ერთად შესვა „დინამოს" გამარჯვების
სადღეგრძელო". ბოლოს კი, კვლავ პოლიტიკას შევეხოთ. მოედნიდან
გაძევებული ფრანჩესკო ტოტი და მისი ოღონდ ამჟამად, პოლიტიკური სახის
ოხუნჯობა. „ტოტი, ხომ არ გსურთ, რომ პალესტინასთან დაკავშირებით
რაიმე მოწოდება გააკეთოთ?" – "რა თქმა უნდა! მინდა მის ყველა ტიფოზს
მოვუწოდო, რომ სტადიონზე წავიდნენ და მას მხარი დაუჭირონ, თორემ იგივე
დაემართება, რაც „ფიორენტინას" დაემართა!". presa.ge
|