"დაბრუნების ტენდენცია" გრძელდება - სხვადასხვა დროს აქედან წასული
ფეხბურთელები ისევ სამშობლოში ბრუნდებიან და საქართველოს ჩემპიონატში
ასპარეზობას აგრძელებენ! ჰო, ეს მართლაც დადებითი ტენდენცია უკვე
რამდენიმე წელიწადია გრძელდება და ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ
ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელების ჩვენთან დაბრუნებით ეროვნულ
ჩემპიონატსაც მეტი ლაზათი ექნება. აბა, გაიხსენეთ, ორი წლის წინათ,
თბილისის "ლოკომოტივში" რატი ალექსიძე, ლევან ცქიტიშვილი, ვიტალი
დარასელია და გიორგი ლომაია რომ დაბრუნდნენ, ეს გუნდი როგორ ათამაშდა?
საბედნიეროდ,
წინა სეზონშიც არაერთი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა და საქართველოს XXI
ჩემპიონატიც მეტ-ნაკლებად საინტერესოდ რომ ჩატარდა, მათი დამსახურებაც
იყო: დავით იმედაშვილის, გია კვარაცხელიას, სანდრო იაშვილის, თემურ
ღონღაძის (ყველა - "ოლიმპი"), ჯაბა დვალის, ლევან კორღალიძის, დავით
გამეზარდაშვილის (სამივე - "ზესტაფონი"), ალექსანდრე გოგობერიშვილის
("სიონი"); აღარაფერს ვამბობთ გასული სეზონის ორ ყველაზე "ხმაურიან
დაბრუნებაზეც": ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ცხინვალის "სპარტაკში" ხომ
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, გიორგი დემეტრაძე და ლადო
ბურდული ასპარეზობდნენ...
ახალი სეზონის დაწყებამდე თვეზე ოდნავ
ნაკლები რჩება, მაგრამ უკვე ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ XXII
ჩემპიონატმა, სხვა ფაქტორების (უპირველესად, უმაღლეს ლიგაში "ტორპედოსა"
და "კოლხეთის" აღზევებით) გათვალისწინების გარდა, დიდი ინტერესი უნდა
გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში კი, ისევ და ისევ, სხვადასხვა დროს აქედან
წასული ფეხბურთელების საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას ვგულისხმობთ.
თანაც, იმაშიც დარწმუნებული ვართ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების
ჩამონათვალი ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ გაიზრდება და ამჟამად თუ ათი
ასეთი მოთამაშეა, ჩემპიონატის დაწყებამდე (ან უშუალოდ მსვლელობის დროს) ეს
რიცხვი, შესაძლოა, გაორმაგდეს კიდეც. აი, ისინიც, გარკვეული დროის შემდეგ
რომელთა ხილვაც ქართველ გულშემატკივარს, ფაქტობრივად, ყოველ შაბათ-კვირას
რომ შეეძლება: დავით ბოლქვაძე, რევაზ გეწაძე, ირაკლი მოდებაძე (სამივე -
"ოლიმპი"), ლევან ხმალაძე ("დინამო"), შოთა ბაბუნაშვილი, კახა ალადაშვილი
(ორივე - "ზესტაფონი"), სერგი ორბელაძე, რევაზ გოცირიძე (ორივე -
"სიონი"), კახა ჩხეტიანი, რომან ახალკაცი ("ორივე - "ბაია").
კიდევ
ვიმეორებთ: ეს სია აუცილებლად გაიზრდება და ამ ტენდენციასაც უნდა
მივესალმოთ; თორემ, ცოტაც და, უმაღლეს ლიგას ჭაბუკთა ლიგად
"მოვნათლავდით"! რა თქმა უნდა, ნიჭიერ ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი
ყოველთვის უნდა ჰქონდეთ; მაგრამ არც ისე უნდა ხდებოდეს, როცა უმაღლესი
ლიგის რომელიმე გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობას 18-19 წლის ბიჭები
წარმოადგენენ.
...ორი დღის წინ კიდევ ერთი "დაბრუნების" შესახებ
შევიტყვეთ: გარკვეული პაუზის შემდეგ, 36 წლის სოსო გრიშიკაშვილი კვლავაც
საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს და თავის ისედაც ხანგრძლივ კარიერას,
სავარაუდოდ, ცხინვალის "სპარტაკში" გააგრძელებს. ეს ინფორმაცია მურთაზ
შელიასთან გადავამოწმეთ: საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთმა
საუკეთესო მცველმა და ამჟამად, "სპარტაკის" ვიცე-პრეზიდენტმა
დაგვიდასტურა, რომ გრიშიკაშვილის გუნდში ჩარიცხვა, ფაქტობრივად,
გადაწყვეტილი ამბავიაო! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონში საქართველოს
ჩემპიონატში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე სწორედ სოსო გრიშიკაშვილი იქნება,
რომელსაც 37 წელი 25 დეკემბერს შეუსრულდება.
გრიშიკაშვილის კარიერა
უკვე 19 წელიწადია გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში არაერთი კლუბიც
გამოიცვალა, - ქართულიც და უცხოურიც; წარმატებული სერიებიც ჰქონდა და
ისეთი დროც ყოფილა, ესა თუ ის მწვრთნელი ნაკლებად რომ ენდობოდა. საერთოდ
კი, სოსო გრიშიკაშვილს უმაღლეს ლიგაში რვა გუნდში უთამაშია და სხვადასხვა
დროს აი, ამ მწვრთნელების ხელმძღვანელობით ასპარეზობდა: თემურ ცერცვაძე,
თემურ მახარაძე, ჯემალ მახარაშვილი (სამივე - "კახეთი," თელავი), რევაზ
ძოძუაშვილი ("მეტალურგი", რუსთავი), ოთარ კორღალიძე, რევაზ არველაძე, გოჩა
ტყებუჩავა, გივი ნოდია, კახა ცხადაძე, ანდრეი ჩერნიშოვი, კახა კაჭარავა,
დუშან უჰრინი (ყველა - "დინამო"), სოსო ფილია ("კოლხეთი", ფოთი), გიორგი
დევდარიანი, ლუის ცაკარიასი (ორივე - "თბილისი"), ამირან გოგიტიძე
("ბათუმი"), ვლადიმერ ხაჩიძე ("ბორჯომი").
ამას გარდა, 1995,
1996 და 1999 წლებში რუსულ "ალანიაში" თამაშობდა 1997 და 1998 წლებში კი
ლატვიის ჩემპიონატში ასპარეზობდა: ჯერ - "ვენტსპილსში", მერე -
"დაუგავაში". ყველაზე უცნაური კი ის არის, ამ ცხრამეტი წლის განმავლობაში
სოსო გრიშიკაშვილმა მხოლოდ და მხოლოდ ერთი აქაური ტიტულის მოპოვება
შესძლო: 2000 წელს "დინამოს" შემადგენლობაში საქართველოს სუპერთასს
დაეუფლა. დანარჩენ შემთხვევებში კი მუდამ მცირედი აკლდებოდა: "თბილისის"
შემადგენლობაში ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, "დინამოს" შემადგენლობაში
ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა, ერთხელაც - მესამეზე.
ამას გარდა,
1994 წელს რუსთავის "მეტალურგის" შემადგენლობაში საქართველოს თასის
ფინალში იასპარეზა, თუმცა ის შეხვედრა თბილისის "დინამო" გამარჯვებით
დამთავრდა. სხვათა შორის, ქართულმა საფეხბურთო საზოგადოებამ სოსო
გრიშიკაშვილი სწორედ 1994 წელს გაიცნო, როცა ახალგაზრდა მეკარის
მონაცემები რევაზ ძოძუაშვილმა შეამჩნია და რუსთავის "მეტალურგში" მიიწვია
(მანამდე კი ბევრისთვის უცნობმა მეკარემ თელავის "კახეთში" სამი ჩინებული
სეზონი ჩაატარა). საერთოდაც, 1994 წელი გრიშიკაშვილისათვის მართლაც
განსაკუთრებულად უნდა მივიჩნიოთ: უმაღლეს ლიგაში ახლადდამკვიდრებულ
მეკარეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა! სადებიუტო მატჩი კი
ნიგერიაში ჩაატარა, როცა 1994 წლის პირველ ივნისს იქაურ ქალაქ იბადანში
საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით წააგო შეხვედრა მასპინძლებთან (1:5).
საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე
ჩივაძემ დებიუტანტი მეკარე მოედანზე მეორე ტაიმში შემოიყვანა და ამ დროს
ანგარიში უკვე 5:1 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ.
სხვათა შორის,
გრიშიკაშვილის დამსახურებაც არის, ის მატჩი უფრო კატასტროფული სხვაობით
რომ არ წავაგეთ: დებიუტანტმა მეკარემ ერთი-ორი რთული ბურთიც აიღო და, რაც
მთავარია, შეხვედრის 85-ე წუთზე პენალტიც მოიგერია! ამას მოჰყვა ორი
სეზონი "ალანიაში", თუმცა ვლადიკავკაზურ გუნდში გრიშიკაშვილს მეტად
სერიოზული კონკურენტი ჰყავდა ზაურ ხაპოვის სახით და ამიტომაც იყო, ქართველ
მეკარეს იშვიათად რომ უწევდა თამაში რუსეთის ჩემპიონატში. რუსეთიდან
ლატვიაში გადავიდა, 1999 წლის მიწურულს კი, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ
საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა.
ამასობაში კი... საქართველოს
ნაკრებშიც აღარ იძახებდნენ, ვიდრე 1998 წელს ჩვენ უპირველეს გუნდს
ვლადიმერ გუცაევი არ ჩაიბარებდა. სულ კი სოსო გრიშიკაშვილმა საქართველოს
ნაკრებში ათი შეხვედრა ჩაატარა და აქედან, მხოლოდ ერთი იყო ოფიციალური
(1999 წლის 27 მარტს სლოვენიასთან). ბოლო სანაკრებო მატჩი კი ათი წლის
წინ, ირანის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა იყო, თანაც, საქართველოს
ჩემპიონატში დაბრუნებულ უკვე გამოცდილ მეკარეს, რატომღაც, გუნდების ხშირი
ცვლაც დასჩემდა: ხან, ერთ შეცდომას არ პატიობდნენ, ხან, ნაკლებად
ენდობოდნენ და ასე შემდეგ...
...ბოლო ორი სეზონი სომხეთში
თამაშობდა (ერევნის "მიკაში") და საკმაოდ წარმატებითაც; თუმცა, როგორც
წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, ახლა ისევ საქართველოში დაბრუნდა და თავის
შესაძლებლობებს ცხინვალის "სპარტაკში" გამოავლენს.
"ლელო"