საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი რევაზ ბარაბაძე გერმანიის
მე-2 ბუნდესლიგის "კარლსრუეში” ისინჯება. 22 წლის ტანმაღალი ბარაბაძე ბოლოს
მაჰაჩყალის "ანჟიში” იყო, მაგრამ მას აღარ ეკუთვნის. ks-online-ს ცნობით,
ბარაბაძის "კარლსრუეში” დარჩენის შანსს ერთი გარემოება ზრდის – გუნდს
ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდი ნიკლას ტარვაჰარვი დაუშავდა და მას შემცვლელი
სჭირდება. თუმცა, არის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება:
"კარლსრუეს” კაპიტანი ხომ ალექსანდრე იაშვილია...
რადგან "კარლსრუეზე” ვამბობთ, ისიც აღვნიშნოთ, რომ თვენახევრის წინათ ამ
გუნდში რამდენჯერმე ივარჯიშა "ფრაიბურგიდან” წასულმა ქართველმა გარემარბმა
დავით თარგამაძემ, თუმცა, მას შემდეგ "კარლსრუეში” აღარ გამოჩენილა.
ილია ნანობაშვილი
"მსოფლიო სპორტი"