25 მაისს გასამართ მატჩში, კამერუნის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, თემურ ქეცბაიას გამოძახებულთა სიიდან 4 ფეხბურთელი გამოაკლდა.
როგორც 5 მაისს ვიტყობინებოდით, საფეხბურთო კლუბ „მილანის" მცველი კახა კალაძე კლუბის მიერ დასახელებული მიზეზების გამო ვერ დაეხმარება ეროვნულ ნაკრებს.
ტრამვის გამო ავსტრიულ შეკრებას გამოტოვებს დანიური „ორჰუსის" ფეხბურთელი დავით დევდარიანი. სავიზო პრობლემების გამო რუსეთიდან ნაკრებს ვერ შეუერთდება ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში" მოთამაშე ოთარ მარცვალაძეც.
ამ დროისათვის გაურკვეველია დავით სირაძის საკითხიც. ნალჩიკის „სპარტაკის" ფეხბურთელის მიერ მიღებული ტრამვის სირთულეს ამ დრომდე იკვლევენ სპეციალისტები.
სფფ–ს ტექნიკური დეპარტამენტი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასგან მიღებული დირექტივების შესაბამისად ყველაფერს აკეთებს დაგეგმილი მატჩის საორგანიზაციოდ.
თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით სხვადასხვა მიზეზების გამო გამოკლებული მოთამაშეების სანაცვლოდ სხვა ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახება არ მოხდება.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სფფ–ს ტექნიკური დეპარტამენტი მუშაობს ეროვნული ნაკრების მეორე ამხანაგური მატჩის ორგანიზებაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მექსიკის ეროვნულ ნაკრებთან, რომელიც ამ დროისათვის ასევე ავსტრიაში გადის შეკრებას. მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ქეცბაიას გუნდი მეორე ამხანაგურ შეხვედრას მაისის ბოლოს გამართავს.
სფფ–ს პრესსამსახური