ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 7 » ინტერვიუ: თემურ ქეცბაია: "ფეხბურთისადმი შეხედულება უნდა შევცვალოთ"
19:33 ინტერვიუ: თემურ ქეცბაია: "ფეხბურთისადმი შეხედულება უნდა შევცვალოთ" |
მსოფლიოს ჩემპიონატი, მეტოქე საბერძნეთის ნაკრები, მისი ახალი
თავკაცი ფერნანდო სანტოსი, ჩვენი ნაკრები, სამომავლო გეგმები... ამ და
სხვა საინტერესო საკითხებზე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ
ქეცბაიას ვესაუბრეთ.
- საუბარი მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატით დავიწყოთ. მუნდიალმა გაამართლა თქვენი იმედები? -
მართალი გითხრათ, უკეთესს ველოდი და ველოდებით დარჩენილ მატჩებშიც.
დღეისათვის ჩემპიონატს ოთხი გუნდი შემორჩა და ვფიქრობ, ყველა მათგანი
დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში. მართალია ამ გუნდებს ფანტასტიკური
ფეხბურთი არ უჩვენებიათ, მაგრამ სწორად შედეგზე გააკეთეს აქცენტი და
ამიტომაც გავიდნენ ნახევარფინალში.
- ანუ ჩემპიონატს შედეგზე და არა სანახაობაზე ორიენტირებული გუნდები შემორჩნენ? -
ამ ოთხეულიდან ყველა გუნდი შედეგზე ორიენტირებული არ არის. ესპანეთისა და
გერმანიის ნაკრებები სანახაობრვ მხარესაც დიდ ყურადღებას აქცევენ.
ჰოლანდია ყოველთვის კარგ ფეხბურთს აჩვენებდა და ტრიუმფისთვის ყოველთვის
რაღაც აკლდებოდა. მიმდინარე მუნდიალზე ჰოლანდიას ისეთი თამაში არ
უჩვენებია, როგორსაც ადრე წარმოგვიდგენდა. არა და, ამ დროს, ჰოლანდიის
ნაკრები ნახევარფინალშია. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ურუგვაის
ნახევარფინალამდე ორი მეტოქე ჰყავდა და არც ისეთი ძლიერი. ურუგვაელებს
გაუმართლათ კიდეც, რომ 120-ე წუთზე განელებმა პენალტი ვერ გაიტანეს. თუ
ამასაც გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ თუნდაც ასეთ დიდ ტურნირზე,
იღბალსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მცირედი გამართლებაც კი, ამა თუ
იმ ნაკრებისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
- ბევრი ითქვა და დაიწერა მსაჯობაზე. თქვენ რა აზრის ხართ? -
ჯგუფურ ეტაპზე მსაჯების მხრიდან თითქმის არ ყოფილა შეცდომები. პლეი ოფის
მატჩებიდან მოყოლებული, მსაჯებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს, მათ შორის
უხეშიც, მაგრამ გადაჭრით ვერავინ იტყვის, რომ არბიტრების მხრიდან ეს
გამიზნული შეცდომები იყო. მსაჯიც ადამიანია და შეიძლება შეცდეცდეს, მაგრამ
ამით გუნდები რომ დაზარალდნენ?
- სწორედ ამ მსაჯების შეცდომებს მოჰყვა ახალი ინიციატივა ვიდეორეფერის დანერგვის შესახებ. ამას ეთანხმებით? -
ვფიქრობ, საინტერესო პროექტია. თანამედროვე ფეხბურთში ისეთი ტექნოლოგიები
გამოიყენება, რომ სადავო მომენტიდან, რამდენიმე წამში ვიდეოგამოსახულება
უკვე არის, თანაც სხვადასხვა რაკურსით. კარგი იქნება, თუ ამა თუ იმ
მომენტიდან რამდენიმე წამში, მეოთხე მსაჯს უკვე ექნება ზუსტი ინფორმაცია
სადავო მომენტზე, გადაკვეთა თუ არა ბურთმა ხაზი ან იყო თუ არა თამაშგარე
მდგომარეობა. ასეთი სადავო ეპიზოდებისას 2-3, თუნდაც 5-10 წამი არაფერს
წყვეტს, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. მით უმეტეს, მსაჯები არბიტრთან
პირდაპირ არიან დაკავშირებული მიკროფონებითა და ყურსასმენებით. ვფიქრობ,
ვიდეორეფერის პროექტი საინტერესოა. დღეს ფეხბურთი მხოლოდ სანახაობა კი
არა, დიდი ბიზნესია და არავის უნდა არბიტრის არასწორი გადაწყვეტილების
გამო, ვინმემ იზარალოს, როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად.
- მსოფლიოს ჩემპიონატზე რომელ გუნდს ქომაგობდით და მუნდიალზე დარჩენილი კვარტეტიდან რომელი გუნდი მოგეწონათ? -
თავიდანვე ვთქვი, რომ ესპანეთის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი და ეს გუნდი
ნახევარფინალშია. იმედი მაქვს, შედეგის გარდა, დარჩენილ მატჩებში
სანახაობაც იქნება. თუმცა თანამედროვე ფეხბურთი იმ დონეზეა, რომ გუნდები
სანახაობაზე კი არა, შედეგზე არიან აქცენტირებული. ასეთია თანამედროვე
ფეხბურთის ტენდენცია და რაც უფრო მალე გავითავისებთ ამას საქართველოში,
მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. წლების განმავლობაში ჩვენმა ნაკრებმა არაერთ
მატჩში აჩვენა კარგი შედეგი, მაგრამ საბოლოო ჯამში, შედეგი უარყოფითი იყო.
წლების შემდეგ თითქმის არავის ახსოვს, ამა თუ იმ მატჩში ნაკრები გუნდის
კარგი თამაში, ისტორიაში შედეგი რჩება, რომელიც უმეტესად ჩვენთვის
სახარბიელო არ ყოფილა. ახლა ჩვენი მიზანია ეს უარყოფითი შედეგი დადებითად
გარდავქმნათ. ამას კი ძლიერი გუნდის აშენება და დრო სჭირდება.
-
კამერუნთან 25 მაისის ამხანაგური მატჩში ბევრს არ უნახავს. ესტონეთთან და
კამერუნთან საკონტროლო თამაშებში, რა წარმოჩნდა დადებითი, რა კომპონენტებს
გამოყოფდით? - ჩვენი გუნდი კამერუნთან მატჩში უკეთ წარმოჩნდა.
რაც შეეხება კომპონენტებს, ჩვენმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თანაც
მოედნის ყველა მონაკვეთში. ფიზიკურად და პოზიციურად მეტოქეს არაფერი
დაუთმეს. აშკარად ჩანდა, რომ გუნდი ფსიქოლოგიურადაც მზად იყო. ჩ ენ,
მუნდიალის მონაწილე გუნდთან, 90 წუთის განმავლობაში ვიბრძოლეთ. მეტოქეს
რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია. ამასთან, ჩვენ გოლის გატანის უკეთესი
შანსი გვქონდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველივე ეს კი უკვე პოზიტივია... თუ
ადრე ფეხბურთი თავდასხმიდან იწყებოდა, თანამედროვე ფეხბურთში სხვა
ტენდენციაა მომგებიანი - უპირველეს ყოვლისა თავი უნდა დაიცვა და მატჩის
განმავლობაში გოლის გატანისა არაერთი შანსი მოგეცემა და ამ მომენტების
გამოყენებას უნდა შეეცადო. ჩვენც ამ გზას უნდა დავადგეთ, მეტოქეს არ უნდა
მივცეთ გოლის გატანის საშუალება და ვიზრუნოთ მოწინააღმდეგის კართან
შევქმნათ საგოლე მომენტი და ეს შანსი გამოვიყენოთ.
-
სტაჟიანი გულშემატკივრებისგან მსმენია, თემურ ქეცბაია სწორ გზას ადგას,
ჟოზე მოურინიოს სტილის მწვრთნელია და თანამედროვე ფეხბურთში ეს გზა უფრო
მომგებიანიაო... - მსოფლიოს ჩემპიონატმაც აჩვენა, რომ დღეს
შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთია მომგებიანი. მუნდიალმა არაერთი ცნობილი
მწვრთნელი და მისი გუნდი შეიწირა. ვფიქრობ, დღეს რეალურად უნდა შევაფასოთ
ვითარება და სწორი დასკვნები გავაკეთოთ. თუ გვინდა შედეგს მივაღწიოთ,
ფეხბურთზე ჩვენი შეხედულება უნდა შევცვალოთ, თანამედროვე გავხადოთ.
-
ჩვენს მეტოქე საბერძნეთის ნაკრებზეც ვთქვათ. ოტო რეჰაგელის გუნდი სასტარტო
მატჩშივე სუსტად წარმოჩნდა. მუნდიალზე ელადელების გამოსვლას როგორ
შეფასებდით? - დიახ, მართალია, ბერძნები სასტარტო ტურში
მართლაც ცუდად წარმოჩნდნენ. მომდევნო შეხვედრები უკეთ ითამაშეს. თუმცა
რეალურად, რომ ვთქვათ საბერძნეთის ნაკრები ის გუნდი არ იყო, რომელიც იმ
ჯგუფიდან უნდა გასულიყო. რეჰაგელის გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა,
ბოლო თამაში მოიგო და ვფიქრობ, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ეს შედეგი
ალოგიკური არ ყოფილა.
- მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ
ბერძნებს თავკაცი შეეცვალათ, ოტო რეჰაგელის პოსტი ფერნანდო სანტოსმა
დაიკავა. რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მეტოქე გუნდში? -
მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, საბერძნეთში ბევრი ითქვა და დაიწერა
მოსალოდნელ ცვლილებებზე. წერდნენ, ნაკრები უნდა გადავახალისოთ, ეროვნულს
ახალი სისხლი სჭირდება, რადგან ბოლო 6-7 წელია ან გუნდში ერთი კონტინგენტი
თამაშობს... შეცვლა და ამის მოთხოვნა ერთია და არის თუ არა ალტერნატივა,
ეს უკვე მეორე საკითხია. ბერძნულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებას კარგად
ვიცნობ და არა მგონია, რომ სანტოსმა ნაკრებში რადიკალური ცვლილებები
განახორციელოს.
- ბერძნულ პრესაში ხშირად იწერება, ნაკრებში სასტარტოს მინიმუმ 5 ფეხბურთელი შეიცვლებაო... -
არა მგონია. მასმედია ხშირად ითხოვს ცვლილებას, ზოგჯერ მწვრთნელსაც სურს
შეცლა, მაგრამ როცა ალტერნატივად უკეთესი ან იმ დონის მოთამაშე არ გყავს,
თავს იკავებ ამისგან. ამა თუ იმ ფეხბურთელის შეცვლა რომ გინდა, უკეთესი ან
იმ დონის მაინც უნდა გყავდეს, უარესს ხომ არ მიიწვევ ნაკრებში?
-
საბერძნეთის ნაკრების ახალი თავკაც ფერნანდო სანტოსს, როგორც მწვრთნელს,
კარგად იცნობთ. როგორი ფეხბურთის მიმდევარია და შეცვლის თუ არა ნაკრების
ტაქტიკა-სტრატეგიას? - არა მგონია, სანტოსმა საბერძნეთის
ნაკრების ტაქტიკა-სტრატეგია შეცვალოს. სანტოსი იმ მწვრთნელების კატეგორიას
მიეკუთვნება, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული. შესაძლოა სანტოსმა ნაკრების
შემადგენლობა ერთი-ორი ფეხბურთელით განაახლოს, თორემ გუნდის ძირითადი
ნაწილი იგივე იქნება. თუ უფრო მეტი ფეხბურთელი შეცვალა, ბერძნულ ფეხბურთს
იმდენად კარგად ვიცნობ, რომ არც ეს იქნება პრობლემა. მხოლოდ ინფორმაციით,
რომ შეიძლებოდეს მეტოქის ძლევა, საბერძნეთი ვერაფერს დაგვაკლდება.
- ბერძნებთან გასვლით მატჩამდე ორიოდე თვე დარჩა, მანამდე კი მოლდოვაში გვაქვს ამხანაგური მატჩი... -
11 აგვისტოს მოლდოვასთან გვაქვს საკონტროლო შეხვედრა. ახალი სეზონი
რამდენიმე კვირაში დაიწყება. კარგად მესმის ვითარება და ვიცი, რომ
ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში არ იქნება. თუმცა ეს არ ეხებათ რუსეთში
მოასპარეზე ჩვენს ლეგიონერებს. მათ შუა სეზონი აქვთ და ტონუსში არიან.
შესაბამისად, ჩვენი ჩანაფიქრია, შემოდგომის მატჩებისთვის მაქსიმალურად
გამოვიყენოთ რუსეთში მოასპარეზე ფეხბურთელები. თუმცა სხვა ქვეყნებსა და
საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებიც არ გვავიწყდება. ერთი სიტყვით,
ნაკრების ფეხბურთელებს მაქსიმალურ მობილიზებასა და თავდადებისკენ
მოვუწოდებ. ჩვენი მიზანია შესარჩევი ციკლი რიხიანად დავიწყოთ და სასურველი
შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.
- ევროპის ჩემპიონატის
საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს პირველ მეტოქე საბერძნეთის ნაკრებს, 11
აგვისტოს გენერალური რეპეტიცია სერბეთთან გასვლით ამხანაგურ მატჩში
ექნება. ეს ფაქტობრივად, ბერძნების ახალ თავკაც ფერნანდო სანტოსის
დებიუტიც არის. ამ შეხვედრას თქვენი შტაბიდან ვინმე დაესწრება თუ
ვიდეომასალას მოიპოვებთ? - ჯგუფის მეტოქეები კალენდრის
შესათანხებლად როცა შევიკრიბეთ, ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი. ყველამ
ერთად ჯენტლმენურ შეთანხმებას მივაღწიეთ ნებისმიერი ინფორმაციის, მათ
შორის მატჩების ჩანაწერების გაცვლაზე. ამ შეთანხმების შესრულებაზე
ვალდებულება ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა ავიღეთ. ასე რომ,
სერბეთ-საბერძნეთის მატჩის ჩანაწერი გვექნება და თუ ელადელები
მოისურვებენ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მოლდოვასთან ჩვენი თამაშის ჩანაწერი.
ასეთია ჩვენი შეთანხმება.
- საკვალიფიკაციო ეტაპის
დაწყებამდე ერთი ამხანაგური თამაში დაგვრჩა. შესაბამისად, 11 აგვისტოს,
მოლდოვასთან გასვლით ამხანაგურ მატჩში გენერალური რეპეტიცია იქნება. უნდა
ველოდოთ ცვლილებას ნაკრებში? - შესაძლოა, მოლდოვაში ერთი-ორი
ახალი ფეხბურთელი გამოჩნდეს ნაკრებში, მაგრამ დიდი ცვლილება არ იქნება.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ახალი ფეხბურთელები მივიწვიოთ ეროვნულში.
საამისოდ საჭიროა თავად ფეხბურთელებმა დაგვანახონ, რომ ისინი ნაკრებში
სათამაშოდ მზად არიან.
- გულშემატკივარი ნაკრებისგან
უკეთეს შედეგს ითხოვს. არადა ფაქტია, რომ ეროვნულ გუნდს ბაზა დღემდე არ
აქვს. როგორც ცნობილი გახდა, ტექნიკურ ცენტრ "ბასას" რეკონსტრუქცია და იქ
სავარჯიშო მოედნის გაკეთება იმის გამო შეფერხდა, რომ ეს ობიექტი
ფედერაციას არ ეკუთვნოდა. საბედნიეროდ, ეს საკითხი უკვე დადებითად
გადაწყვეტილა... - მართლაც სამწუხარო რეალობა იყო, ფედერაციის
შენობა და სხვა ობიექტები ან ბანკში იყო გირაოს სახით ჩადებული, ან სხვა
პრობლემა ჰქონდათ... აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ფაქტია, საკმაო დრო
დაიკარგა ამ საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. ერთ-ერთმა ქართველმა
ბიზნესმენმა ჩვენი ფეხბურთისთვის საშვილიშვილო პროექტი შემოგვთავაზა. ის
თანახმაა "ბასაში" ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ ნაკრებს იქ ცხოვრება და
მომზადება სრულფასოვნად შეეძლოს. საბედნიეროდ, "ბასას" საკითხი ამ
რამდენიმე დღის წინ დადებითად გადაწყდა და ახლა სამუშაოებიც დაიწყება.
თითქმის 20 წელია, ნაკრებს ბაზა არ აქვს და 5-6 თვე იქნება თუ წელიწადი,
ამასაც მოვითმენთ. ასეა, ფული ჩაიდება და პროგრესიც იქნება. ეს გზა გაიარა
კვიპროსმა, საბერძნეთმაც და ეს ჩემ თვალწინ მოხდა. ამის გარეშე არაფერი
გამოვა. გასახარი და მისასალმებელია "ვისოლის" მაგალითი, მას სხვაც
მიჰბაძავს, კლუბები თუ არ გაძლიერდა ფინანსურად, ისე ჩემპიონატის დონე არ
ამაღლდება.
"ლელო"
|
ნანახია: 833 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|