კახა ალადაშვილი "ზესტაფონში" ჩაირიცხა და გუნდთან ორწლიანი
კონტრაქტი გააფორმა. თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში" გადასულ
ნახევარმცველს კარიერა ვერ აეწყო და რამდენიმე უკრაინულ კლუბში
განათხოვრების შემდეგ, 2009 წელს კახა მახაჩყალის "ანჟიში" აღმოჩნდა. გია
გეგუჩაძის "დინამოს" შემდეგ, ეს კახას კარიერაში საუკეთესო სეზონი
აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც დაღესტნელებმა რუსეთის პრემიერლიგაში გამოსვლის
უფლება მოიპოვეს.
თუმცა, რუსეთის პრემიერლიგაში გამოსვლაზე ფიქრი
ფიქრადვე დარჩა, "ანჟიში" დიდი საკადრო რევოლუცია დაიწყო, ალადაშვილი
"თამაშგარეში" დარჩა.
კახამ დაღესტანი მაინც ოვაციებით დატოვა.
ბევრისთვის უცნობია - როცა "ანჟის" პირველ ლიგაში გამარჯვებულის მედლები
გადასცეს, მახაჩკალის კულტურის სახლში კახამ დარბაზში შეკრებილი
საზოგადოება სასიამოვნოდ გააოცა. როცა სცენაზე ადგილობრივი მომღერლების
ასვლის შემდეგ, მიკროფონი ალადაშვილმაც ითხოვა და იმდენად ეფექტურად
იმღერა "თბილისო" (სხვათა შორის, ფონოგრამის გარეშე), მაყურებელი დიდხანს
უკრავდა ტაშს, სცენა კი ყვავილებით დაიფარა...
"ანჟი" კი შეელია და
ხუთწლიანი შესვენების შემდეგ, კახამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა -
რა თქმა უნდა, გია გეგუჩაძესთან, რომელმაც ყველაზე ეფექტურად და აზრიანად
შეძლო მისი ათამაშება და გამოყენება. კახა ალადაშვილი იმედოვნებს, რომ
ეროვნულ ნაკრებშიც ადგილის დაბრუნებას "ზესტაფონში" თამაშით მოახერხებს.
- კახა, როგორც ვიცით, "ზესტაფონთან" უკვე კონტრაქტი გააფორმე.
- დიახ, ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე.
- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინაში დაბრუნების იმედი დაკარგე?
-
მომბეზრდა აქეთ-იქით ხეტიალი, გაურკვევლობა და სავიზო პრობლემები,
საქართველო კი ძალიან მომენატრა. აქ თავს მაგრად ვგრძნობ. რა თქმა უნდა,
ძლიერ გუნდში მოხვედრა ძალიანაც გამახარებდა და კიდევ დიდხანს დავრჩებოდი,
მაგრამ სერიოზული წინადადება მხოლოდ "ზესტაფონიდან" მივიღე, თანაც გია
გეგუჩაძისგან, რომელმაც დიდი ფეხბურთი მათამაშა და არც მიფიქრია,
კონტრაქტი ისე გავაფორმე. მსურს, ამ ორი წლის განმავლობაში, სტაბილურ
გარემოში ვივარჯიშო და ვითამაშო და ყოველ ნახევარ წელს არ ვიფიქრო,
შევიცვალო თუ არა კლუბი. თუმცა, კონტრაქტში არის პუნქტი, უკეთესი მიწვევის
შემთხვევაში, კლუბი ვალდებულია, უპრობლემოდ გამიშვას.
- სხვა ვარიანტი არ გქონია?
-
როგორ არ იყო. ყაზახეთში ასტანის "ლოკომოტივი" ბევრად სარფიან პირობებს
მთავაზობდა, მაგრამ ყაზახეთში თამაში 30 წლის შემდეგ მიღირს. იყო ლაპარაკი
მეორე ბუნდესლიგაში გავარდნილ "ბოხუმზე", მაგრამ საბოლოოდ ეს მოლაპარაკება
ჩაიშალა და ასე აღმოვჩნდი საქართველოში.
- "ანჟიდან" რატომ გამოგიშვეს?
-
ალბათ, იმიტომ, რომ ბევრი ქართველი ვიყავით. არადა, გული როგორ არ
დამწყდებოდა, სეზონში 26 შეხვედრა გავმართე და ძირითადის ფეხბურთელად
ვითვლებოდი, მენდობოდნენ და მათამაშებდნენ. ისეთი რამ მოხდა, საჯაროდ არ
ვილაპარაკებ. მაინც დავამტკიცებ, ასეთ მოქცევას რომ არ ვიმსახურებდი.
- თუ არ მეშლება, უგუნდოდ იანვარში დარჩი.
-
ასე დიდხანს არა, მე ხომ "ანჟისთან" ერთად ვემზადებოდი, თურქულ შეკრებაზე
გავყევი, შემდეგ დუბლებში ვვარჯიშობდი და ფორმის შესანარჩუნებლად
ვემზადებოდი. ბოლო ორთვე-ნახევარია, რაც ინდივიდუალურად ვემზადები,
ფაქტობრივად, არ გავჩერებულვარ.
- გია გეგუჩაძის მიწვევა მოულოდნელი იყო?
-
გია მიცნობს, მენდობა და ეტყობა, ჩემი უგუნდობის ამბავი რომ შეიტყო,
ამიტომ მიმიწვია. თანაც, თავისუფალი აგენტი ვიყავი, ასეთი ფეხბურთელის
აყვანა კი კლუბისთვის სასურველია. სხვათა შორის, გიას გამო, რუსთავის
"ოლიმპზე" ვთქვი უარი, თუმცა თემურ მახარაძესაც ძალიან დიდი პატივს ვცემ,
კარგი მწვრთნელია. გავლენა იქონია თავად "ზესტაფონის" პერსპექტივამ:
შემადგენლობა და გუნდიდან უცხოეთში წასულები რომ გავიხსენე, მივხვდი -
"ზესტაფონში" ფეხბურთელის გაზრდა შესაძლებელია. ახალგაზრდულ ნაკრებში ხუთი
კაცი თამაშობს, ეს პატარა ამბავი არ არის. მე მომწონს გეგუჩაძის ფეხბურთი,
მისი სტილი, ეს ჩემთვის ყველაზე ახლო ფეხბურთია და წინ ვიხედები. მჯერა,
შევძლებ ძველებურად ათამაშებას და ეროვნულ ნაკრებში ადგილის დაბრუნებას.
თბილისში საფრანგეთის ნაკრებთან წაგება მხოლოდ კახა ალადაშვილს არ უნდა
დაჰბრალებოდა. ტოპმიოლერმა ისეთი ტაქტიკა დააყენა, ფაქტობრივად, მხოლოდ მე
მიწევდა აბიდალისა და მალუდას შეჩერება და ტიერი ანრიც ჩემი ფლანგისკენ
იწევდა. როგორი საქმეა, მათი გაჩერება? არადა, მთლიანად გადამისვეს ხაზი
და მას შემდეგ ნაკრებში აღარ მეძახდნენ. ახლა ქეცბაია ნაკრებს ობიექტურად
არჩევს და არა - ანგარებით. მჯერა, ადრე თუ გვიან, მის ყურადღებას
დავიმსახურებ.
- გულახდილად ვილაპარაკოთ, "ბოხუმი" რეალური რომ ყოფილიყო, საქართველოში ხომ არ დაბრუნდებოდი?
-
მე არც მითქვამს, რომ რეალური იყო. მოლაპარაკებები დაიწყო და გასინჯვაზე
მიწვევდნენ. იქ დრო ტყუილად რომ დამეკარგა და "ზესტაფონიც" გამორიცხულიყო,
რაში მაძლევდა ხელს. 26 წლის ბიჭის ყაზახეთში თამაში კი კარიერის ამ
დონეზე დასრულებას ნიშნავდა. აბა, ასტანის შემდეგ ვინ მიმიწვევდა?
"ზესტაფონი" პერსპექტიულიცაა და უეფას თასზე ვითამაშებ. მინდა, გუნდს რაც
შეიძლება მეტი ეტაპის გავლაში დავეხმარო.
- პირველ ეტაპზე სან-მარინოს "ფაეტანოსთან" ვერ ითამაშებ – განაცხადში შემდეგ ეტაპზე მაინც თუ მოხვდები?
- სავარაუდოდ, მეორე ეტაპისთვის სლოვაკეთის "დუკლასთან" განაცხადში ვიქნები.
- გულახდილად გვითხარი, "ზესტაფონში" როგორი პირობებს დათანხმდი?
-
სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, ილია კოკაიამ ძალიან კარგი პირობები რომ
შემომთავაზა. არ მეგონა, ასეთი კონტრაქტის გაფორმება საქართველოში
შესაძლებელი თუ იყო. აქაური კლუბები უფრო ღარიბი მეგონა.
"ლელო"