"ბაიას" შემადგენლობა თვალსა და ხელს შუა ძლიერდება. ზაფხულის სატრანსფერო
პერიოდში ზუგდიდური კლუბის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა აქტიურად
იმუშავა და მომავალ სეზონს "ბაია" არაერთი ახალი ცნობილი ფეხბურთელით
დაიწყებს. მართალია, ჯერ არც ერთ მათგანს "ბაიასთან" კონტრაქტი არ
გაუფორმებია, მაგრამ ამას წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს.
გამოცდილ ახალწვეულთა სია მართლაც შთამბეჭდავია: ალექსანდრე
გოგობერიშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი, კახა ჩხეტიანი და გიორგი მეგრელაძე.
შეგახსენებთ, გოგობერიშვილი ბოლოს ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავდა,
ჭიჭვეიშვილი აზერბაიჯანულ "სტანდარდში" ასპარეზობდა, ჩხეტიანი ასევე
აზერბაიჯანულ "სიმურგში", ხოლო მეგრელაძე – უზბეკურ "შურტანში" თამაშობდა.
ოთხივე მათგანი "ბაიას" შემადგენლობაში უკვე ინტენსიურად ვარჯიშობს და
მწვრთნელთა მოწონებასაც იმსახურებს. ზუგდიდელთა კიდევ ერთ ახალწვეილ გიორგი
ნოდარის ძე ჭელიძეს კი ვეტერანობამდე ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ თუ ფორმაში
დროულად შევა, "ბაიას" ისიც დიდ სარგებლობას მოუტანს.
მათ გარდა, "ბაიას" შემადგენლობაში ვარჯიშობენ და იქ დარჩენის კარგი
შანსი აქვთ ყოფილ სპარტაკელ ივანე კანდელაკსა და დათა რიგვავას, რომელიც
ბოლოს კვიპროსულ "ანორთოსისში" ირიცხებოდა. "ბაიაში" ისინჯებოდა დავით
ხანიშვილიც, მაგრამ მან გუნდი უკვე დატოვა. რაც შეეხება გუნდიდან
წასულებს: "ბაია" დატოვა გოგი ფიფიამ, რომელიც კარიერას "ზესტაფონში"
აგრძელებს; უკვე ძველი ამბავია ზამბიელი ჩისამბა ლუნგუს რუსულ
"ეკატერინბურგში" თვითნებურად წასვლა; მამუკა ჭკადუა ბელარუსში ცდილობს
კლუბის მოძებნას, პაატა ბაკარანძე კი "სამტრედიას" დაუბრუნდა.
შეგახსენებთ "ბაიას" სამწვრთნელო შტაბში მომხდარ ერთ მნიშვნელოვან
სიახლესაც: გუნდის კონსულტანტად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი
ოთარ გაბელია დაინიშნა, "ბაიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას კი
კვლავინდებურად, ელგუჯა ქომეთიანი განაგრძობს.
ეს რაც შეეხებოდა საკადრო საკითხებს, მომავალი სეზონისთვის მზადებას კი
"ბაია" უკვე კარგა ხანია, რაც შეუდგა და პირველი შეკრებაც მოილია. გუნდი
1-დან 8 ივლისამდე ბაკურიანში იმყოფებოდა, სადაც ფიზიკური კონდიციების
აღდგენაზე იმუშავა, დღეისათვის კი "ბაია" ზუგდიდშია და საკუთარ საწვრთნელ
ბაზაზე ვარჯიშობს.
დღეს ზუგდიდშივე ქომეთიანისა და გაბელიას გუნდი ამხანაგურად ხობის
"კოლხეთს" შეხვდება, 16 ივლისს კი "სამტრედიას" უმასპინძლებს. 18 ივლისს
"ბაია" დასკვნით შეკრებაზე გაემგზავრება თურქეთში, სამთო კურორტ ბოლუში. იქ
ზუგდიდელები ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ – "ანკარაგიუჯუსთან",
"ადანასპორთან" და ორ ნიგერიულ კლუბთან.
მომავალი სეზონისთვის "ბაიას" კონკრეტული გეგმა დასახული არა აქვს.
ბუნებრივია, პროგრამა მინიმუმი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში
ადგილის შენარჩუნებაა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ზუგდიდელებმა ამაზე
გაცილებით მაღალი მიზნებისთვისაც შეძლონ ბრძოლა.
"ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ და მთავარი ისაა, რომ "ბაიას"
განვითარება სწორი გზით მიმდინარეობს. გასულმა სეზონმა გვიჩვენა, რომ
პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად, წარმატების მისაღწევად გამოცდილი
ფეხბურთელებიცაა საჭირო. მათგან ჩვენი ჭაბუკები ძალიან ბევრს ისწავლიან.
გუნდის ბირთვი შევინარჩუნეთ, არაერთი ძლიერი ფეხბურთელიც დავიმატეთ და
სრული საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ სერიოზული ამოცანები დავისახოთ.
სეზონის მსვლელობა კი უფრო ზუსტად გვიჩვენებს, როგორი მიზნების
განხორციელება შეეძლება ჩვენს გუნდს", - გვითხრა ქომეთიანმა.
"ლელო"
|