ზუგდიდის "ბაიას” მიერ სამშაბათს პირველლიგელ ხობის "კოლხეთთან” გამართულ
საკონტროლო შეხვედრაში (6:0), მასპინძლელთა შორის ბოლო ხანს უზბეკეთში
მოთამაშე გიორგი მეგრელაძეც გამოჩნდა. ფორვარდი მწვრთნელებმა მე-2 ტაიმში
ჩართეს თამაშში და მან მეტოქეს გოლი გაუტანა. დარჩენილი გოლები ჭელიძემ,
კვეკვესკირმა (2), სიხარულიამ და ჩანგელიამ მიითვალეს.
როგორც "მსოფლიო სპორტს” ზუგდიდელთა კონსულტანტმა ოთარ გაბელიამ უთხრა,
მეგრელაძის გუნდში დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ეს ტრანსფერი
ისეთივე ბეჭედდასმულია, როგორც გუნდიდან გურამ სამადაშვილის, ამირან
ყველაშვილის, ზაზა სახოკიასა და გიორგი ქირიას გაშვება.
"ბაიას” მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გუნდი ტესტ-მატჩში
სათამაშოდ ასეთი შემადგენლობით გაიყვანა: I ტაიმი
- სომხიშვილი, კვეკვესკირი, კვესიეშვილი,
ონიანი, აკობია, გოგობერიშვილი, ქირია, სიხარულია, გუგუჩია, ჩხეტიანი,
გიორგი ნოდარის ძე ჭელიძე; II ტაიმი
- ზარქუა, რიგვავა, კანდელაკი, შონია, აფაქიძე,
ვართაგავა, ჩანგელია, მალიჩავა, ლომია, სამადაშვილი, მეგრელაძე.
როგორც ხედავთ, სპარინგში არ უთამაშია დავით ჭიჭვეიშვილს. გაბელიას თქმით,
მან გუნდიდან გარკვეული ვადით გათავისუფლება ითხოვა, თუმცა, იგი უკვე
"ბაიაშია” და სხვებთან ერთად ვარჯიშობს. მორიგ საკონტროლო მატჩს
ზუგდიდელები 16 ივლისს ითამაშებენ. ამ დღეს მათ "სამტრედია” ეწვევა.
ფრიდონ კერვალიშვილი "მსოფლიო სპორტი"
|