სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ვეტერანებს მიულოცა დღევანდელი დღე:
"1981 წელს 13 მაისს დიუსელდორფში მოპოვებული გამარჯვება და თასების
მფლობელთა თასის მოპოვება დაუვიწყარი ფურცელია თბილისის "დინამოს" და
საერთოდ ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ვულოცავ ამ მშვენიერ დღეს ჩვენს
სახელოვან ვეტერან ფეხბურთელებს!"
თენგიზ სულაქველიძე 29 წლის წინანდელ ბრწყინვალე გამარჯვებას დიდი
სიხარულით იხსენებს: "29 წელი გავიდა იმ მნიშვნელოვანი გამარჯვების
შემდეგ, იმდენად დიდი და გამორჩეული იყო თასების თასის აღება ჩვენთვის,
რომ დღემდე მოგვყვება ის ემოცია. დღეს გავიხსენებთ იმ დიდებულ გამარჯვებას
და რუსთავში ფოლადის სტადიონზე "არარტის" ვეტერან ფეხბურთელებს
ვეთამაშებით. ძირითადად 81 წლის ბიჭები მივიღებთ მატჩში მონაწილეობას.
გავიხსენებთ ძველ დროს"...
ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა და "დინამოს" ლეგენდარულმა მეკარემ
ოთარ გაბელიამ კი Goli.ge-სთან საუბრის დროს აღნიშნა: "ძალიან დიდი
სიხარული მოუტანა "დინამოს" იმ გამარჯვებამ ჩვენს ქვეყანას, ერს. მანამდეც
ჰქონდა გუნდს მიღწევები, მაგრამ ეს მსოფლიო დონის მოვლენა იყო და ჩვენ
შევძელით იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული
ტიტულის მოპოვება.
დღეს ფოლადზე კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ბიჭები და ჩვენს მეგობარ
სომეხ ფეხბურთელებს ვეთამაშებით. 13 მაისს ხშირად ვერ აღვნიშნავთ მინდორზე
თამაშით და სასიხარულოა დღეს რომ გვეძლევა ამის შესაძლებლობა.
ჯერ კიდევ ჯანზე ვართ და შეგვიძლია თამაში, როცა დრო გვაქვს ხშირად
ვთამაშობთ კიდეც". მირანდა სურმანიძე goli.ge
|