შუა იმერეთის
რაიონული ცენტრი, უეფას ევროლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო
მატჩის სამზადისშია, რომელშიც "ზესტაფონი” ლვოვის "კარპატს” უმასპინძლებს
(პირველი მატჩი იმერლებმა 0:1 წააგეს). ამ დონის (საუბარია საწყისი
ეტაპიდან მე-3 მეტოქემდე მიღწევაზე) საევროტურნირო შეხვედრა თბილისსგარეთ
პირველად ტარდება, რაც ზესტაფონური კლუბის მესვეურთა მიმართ ნდობის
ნიშანია. როგორც ს.კ. "ზესტაფონის” პრეს--სამსახურმა "მსოფლიო სპორტს”
განუცხადა, სპეციალურად ამ მატჩისთვის უეფამ კლუბს ახალი მოთხოვნები
წაუყენა, რომლებიც 5 აგვისტოს 20:00 საათისათვის სრულად იქნება
შესრულებული.
ზესტაფონში პირველად გამოჩნდება უეფას ახალი ინსტრუქციებით
ტრენინგგავლილი 30 სტიუარდი. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 100-ით
მოიმატებს ავტოსადგომის ოდენობა. სტადიონზე სპეციალურად
ფოტორეპორტიორებისთვის დაიდგა კარავი, საპრესკონფერენციო დარბაზი ამიერიდან
50 ჟურნალისტს დაიტევს. მოიმატა სტადიონზე მაყურებლისთვის განკუთვნილი
სკამების რაოდენობამ - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 4558 ადგილი
იქნება. ძველ და ახალ სკამებზე დაჯდომის უფლების მოსაპოვებელი ბილეთები
(5 და 7 ლარის ღირებულების) 4 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან გაიყიდება.
უკრაინელები ოთხშაბათს 15:00 საათზე, კოპიტნარის აეროპორტში
130-კაციანი დელეგაციით ჩამოფრინდებიან. გუნდი და მომსახურე პერსონალი -
სულ 35 პერსონა, ქუთაისში, კერძოდ კი სასტუმრო "ბაგრატი-1003”-ში
დაბინავდება. "კარპატის” მხარდამჭერთა შორის იქნება ლვოვის საქალაქო საბჭოს
30 დეპუტატი, რომლებიც წინას¬წარი ინფორმაციით ბათუმში იცხოვრებენ.
"ზესტაფონი”-”კარპატის” გასაშუქებლად საქართველოს უკრაინიდან 20 ჟურნალისტი
ეწვევა. რაც შეეხება დელეგაციის დანარჩენ წევრებს (45), ისინი
კარპატელთა სხვადასხვა ფანკლუბს წარმოადგენენ.
"კარპატი” მატჩისწინა ვარჯიშს ზესტაფონის საფეხბურთო არენაზე
4 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყებს. სტუმართა შემდეგ "დავით აბაშიძეზე”
გია გეგუჩაძის გაწვრთნილები მივლენ. მეტოქეთა თავკაცებს
ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენციაც აქვთ გეგმაში. თავად მატჩს რაც
შეეხება, იგი ხუთშაბათს 20.00 საათზე დაიწყება და მას ნორვეგიელ მსაჯთა
ბრიგადა, ტომი შერვენის თავკაცობით განსჯის.
ფრიდონ კერვალიშვილი,
გაზეთი ”მსოფლიო სპორტი”
|