|
•
|
[სანტიაგო გაუჩო] წინა კვირის ქართულ სპორტულ ცხოვრებაში, კერძოდ კი
ეროვნულ საფეხბურთო სამყაროში განსაკუთრებული ემოციები იგრძნობოდა. ცნობილი
გახდა, რომ მავანისა და მავანის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში ჩვენს
საფეხბურთო პირველობაზე მთელი რიგი იძულებითი გადაადგილებები
განხორციელდება. ამ თემამ განსაკუთრებულად დამაინტერესა და გადავწყვიტე რომ
დღევანდელი წერილი მისთვის მიმეძღვნა.ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 17
აპრილს, „გაგრა"-„ზესტაფონის" შეხვედრის შემდეგ, იმერული გუნდის
ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამიერიდან კლუბი ჩემპიონატის თამაშებს
თბილისში ჩაატარებდა. ამ არაორდინალური გადაწყვეტილების მიზეზად კი ის
დაასახელეს, რომ „ზესტაფონი" ევროთასების მომავალი მატჩებისათვის ქვეყნის
დედაქალაქში უფრო ნაყოფიერად მოემზადებოდა. ცეცხლზე ნავთი „ზესტაფონის"
მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემაც დაასხა, რომელმაც ჟურნალისტებს
შემდეგი განუცხადა: „დღეს ვერაფერს გეტყვით. მერწმუნეთ ეს ჩემი მხრიდან
მას-მედიის უპატივცემულობას არ ნიშნავს, უბრალოდ დღეს ვერაფერს გეუბნებით".
გაურკვეველმა ვითარებამ სიტუაცია დაძაბა თავად ქალაქ ზესტაფონშიც, სადაც
ადგილობრივმა მოსახლეობამ საყვარელი გუნდის გადარჩენის მიზნით მიტინგებითა
და გაფიცვებით დაიმუქრა. რა მოხდა სინამდვილეში და სად უნდა ვეძიოთ
სიმართლის მარცვალი? საქართველო ის ქვეყანაა სადაც ამა თუ იმ მოვლენის
ირგვლივ ოფიციალურ განცხადებას ხშირად ვერ მოისმენ. ზოგს აუტკივარი თავის
ატკივება არ სურს, ზოგი ვინმეს განაწყენებას ერიდება, ზოგიერთები კი
საერთოდ გაჩუმებულები არიან. რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი
„გამოძიება" ჩავატარე და მართალია რეალური მდგომარეობა ვერ დავადგინე,
მაგრამ თვალწინ გარკვეული სურათი მაინც წარმომიდგა. ამ ჟურნალისტური ძიების
პროცესში ქართულ სპორტულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებსა და
ინტერნეტ-საიტების სპორტულ ფორუმებზე მოყვანილ ინფორმაციებს დავეყრდენი. თავდაპირველად
მას-მედიით დავიწყოთ. იმერული გუნდის თბილისში გადმობარგების ერთ-ერთი
მიზეზი ის ყოფილა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას კონფლიქტი მოსვლია ქვეყნის
ინკოგნიტო ჩინოსანთან. თურმე საქართველოს მთავრობის ამ წარმომადგენელმა
„ზესტაფონს" წარუდგინა მოთამაშე და მისი გუნდში აყვანა მოითხოვა. უარის
მიღების შემდეგ კი განრისხდა და შურისძიებით დაიმუქრა. არის მეორე ვერსიაც.
ხელისუფლებას რეგიონში რაგბის განვითარებაზე სურს აქცენტის გადატანა და
ფეხბურთი აღარ აინტერესებს. „ზესტაფონის" მფლობელს ილია კოკაიას შეუთვალეს,
ფეხბურთში ამდენი ფული რომ ჩაგიდევს, ერთი პატარა სტადიონი მორაგბეებსაც
აუშენეო. კოკაიამ და მისმა პარტნიორებმა იმერულ გუნდში და მისი
ინფრასტრუქტურის განვითარებაში უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ათი
მილიონი დოლარი დახარჯეს. ამ პიროვნების პარტნიორი ავსტრიული კომპანიაა,
რომელიც ფეროშენადნობთა ქარხნის აქციათა სრული პაკეტის მფლობელია და
ზემოთდასახელებული თანხის დიდი ნაწილიც სწორედ რომ მისი ჯიბიდან გავიდა.
ილია კოკაია ამ ბიზნეს-ჯგუფის უპირველესი წარმომადგენელია და რაგბის
სტადიონის აშენება სწორედ რომ თავის საზღვარგარეთელ პარტნიორებთან უნდა
შეათანხმოს. რა უნდა მოიმოქმედოს ინვესტორმა, რომელსაც საქართველოში
წარმატებული, მაგრამ კომერციულად წამგებიანი რაგბი არ უნდა? გამოსავალი
ერთია - ან უნდა შეასრულოს რაც უბრძანეს, ან - საფეხბურთო კლუბის
დაფინანსება შეწყვიტოს. ამ გაურკვეველ სიტუაციაში კოკაიას აჭარის
პირველი პირი, ლევან ვარშალომიძე დაკავშირებია და მისი ფინანსებითა და
გუნდით ბათუმში გადმოსვლა შეუთავაზებია. ამასობაში პირში წყალი ჩაიგუბა
ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა, საქართველოს ჭიდაობის
ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ. ამ თემის ირგვლივ ხმას არ იღებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც. სპორტული
პრესიდან ისიც შევიტყვე, რომ მომავალი სეზონიდან ჩვენს ფეხბურთში დიდი
გადაადგილებები მზადდება. "ზესტაფონი” ალბათ მიიღებს ვარშალომიძის
წინადადებას და ბათუმში გადავა. თავად ქალაქ ზესტაფონში ბინას "გაგრა”
დაიდებს. უმაღლეს ლიგას გააფართოებენ და პირველი ლიგის ორ გამარჯვებულს
სხვა გუნდებსაც დაუმატებენ. ქუთაისი და ფოთი ცალი ფეხით უკვე გადმოსულები
არიან და მათ ბათუმისა და ლანჩხუთის კლუბებსაც მიუმატებენ. ამ გუნდებს
ძლიერი მოთამაშეები დასჭირდებათ. ამიტომ თბილისის "დინამოსა” და
"ვიტ-ჯორჯიას” ფეხბურთელების ნაწილს დასავლეთ საქართველოში გაუშვებენ. დიდი
მცდელობის მიუხედავად ამ პროექტის ავტორთა ვინაობა ვერ დავადგინე. ისიც
ბოლომდე ვერ გავიგე, ამგვარი "საფეხბურთო გადატრიალება” ნამდვილად
იგეგმება, თუ ეს ყველაფერი ჰაერიდან წამოსული ჭორებია. თურმე ამ ვირტუალური
პროექტის ავტორებს საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ. აჭარის დედაქალაქში მალე
ახალი სტადიონი აშენდება და იქ ძლიერი კლუბი იასპარეზებს. ზესტაფონში გუნდ
"გაგრას” მიხედავენ და ერთ-ორ წელიწადში ამ ქალაქშიც ჩინებული კლუბი
ჩამოყალიბდება. ნალოგიურად, ქუთაისში და ფოთში კონკურენტუნარიანი კლუბები
შეიქმნება, თბილისის "დინამო” და "ვიტ ჯორჯია” კი რამდენიმე წელში კვლავ
ფეხზე დადგებიან. ამ "რევოლუციური ნაბიჯით” ჩვენი ეროვნული პირველობა
გაძლიერდება და თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ახალი სეზონიდან უმაღლესი ლიგის
გუნდებს სპონსორები უნდა გამოუჩნდნენ, მართლაც რომ უფრო მაღალი დონის
ჩემპიონატს მივიღებთ. ამდენ ძიებაში მაინც ვერ გავარკვიე, საკუთარ
სტადიონზე გამოსვლა "ზესტაფონს” ამ ვირტუალურმა კანონშემოქმედმა აუკრძალა,
თუ ეს იყო გუნდისა და ილია კოკაიას პროტესტი მოსალოდნელი გადანაცვლებების
გამო. ინტერნეტ-საიტების სპორტული ფორუმებიდან ამოვიკითხე, რომ თურმე
ბატონი კოკაია ნოღაიდელის პარტიის აქტივისტია და ამის გამო ქვეყნის
მმართველი ძალები მასზე შურისძიებას ცდილობენ. კი გამიკვირდა, რადგან
კოკაია თავის დროზე საქართველოდან სწორედ რომ ნოღაიდელის პრემიერობის დროს
გაიქცა და დავიჯერო რომ წყენა დაივიწყეს და უკვე შერიგდნენ? ისიც
წავიკითხე, რომ თურმე რაგბის განვითარების პროგრამა თავად ქვეყნის
პრეზიდენტისგან მოდის. ზესტაფონის გამგებლობამ სააკაშვილის მითითება
პირდაპირი მნიშვნელობით აღითქვა და ფეხბურთის რაგბით ჩანაცვლება განიზრახა.
რაც შეეხება ეროვნული პირველობის მომავალს, ფორუმელებმა ერთი ნოვატორული
იდეაც წამოაყენეს - სახელმწიფო ფეხბურთით სოლიდურ კომპანიებს აინტერესებს
და მალე ამ სფეროში დიდძალი ფული ჩაიდება. ამიტომ უკვე ჩამოყალიბებული
ქართული გუნდების დანგრევას ხომ არ აჯობებდა, საშუალო კლასის ევროპული
კლუბების შესყიდვა. მაგალითად, ქუთაისში "ბაზელი” რომ დაგვებინავებინა,
ფოთში პრაღის "სპარტა”, ლანჩხუთში კი რუმინული "სტიაუა”. თავისდათავად,
ალბათ ურიგო წინადადება არ არის, სამწუხაროდ მისი პრაქტიკაში განხორციელება
შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს ვნებები დროებით ჩაცხრა. ცნობილი
გახდა, რომ მომავალ შეხვედრას „ზესტაფონი" საკუთარ ქალაქში ჩაატარებს.
ყველაფრისმცოდნე ფორუმელების აზრით, მთავრობას ზესტაფონში დაგეგმილი
საფეხბურთო მიტინგების შეეშინდა, არჩევნების წინ ვითარების დაძაბვა აღარ
მოისურვა და დროებით უკან დაიხია. ეს - დღეს. ხვალ კი რა მოხდება და
სინამდვილეში ქართულ ფეხბურთში რა არის დაგეგმილი, ამაზე პასუხს ვერავინ
გაგცემს. საუბარია როგორც ოფიციალურ განცხადებებზე, ასევე - კულუარულ
ინფორმაციებზეც. ჩემი პირადი აზრით ქართული ფეხბურთი სასწრაფო
ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, მაგრამ ამას არ უნდა მიეცეს ზემოდან წამოსული
დირექტივების სახე. უმაღლესი ლიგის გაფართოება ჯერ ნაადრევია, რადგან ამისი
წინაპირობა ამჟამად არ არსებობს. მოსაწესრიგებელია სტადიონი ლანჩხუთში,
ახალია ასაშენებელი ბათუმში, მინდვრის საფარია გამოსაცვლელი ზუგდიდში. გარკვეული
ხარვეზები გააჩნიათ სხვა სპორტულ არენებსაც. მხოლოდ ქუთაისის სტადიონის
გარემონტება საქმეს ვერ უშველის. ამის გარდა, ისტორიიდან გვახსოვს ე. წ.
ერთწლიანი საფეხბურთო გუნდების მწარე ბედიც და ეს პრეცენდენტი რომ არ
განმეორდეს მყარე ფინანსური გარანტიებია საჭირო. ფეხბურთელების ვითომცდა
დაგეგმილ გადანაცვლებებს ხომ არ აჯობებდა თუნდაც აზერბაიჯანში, ყაზახეთში,
უზბეკეთში და სომხეთში გადახვეწილი მოთამაშეები დაგვებრუნებინა და ამ
რესურსით აქაური კლუბები გაგვეძლიერებინა. ქართული უმაღლესი ლიგის
ხელოვნურად გაზრდის რამდენიმე პრეცენდენტი უკვე გვქონდა და ამ ნაბიჯს ხეირი
არც ერთხელ არ მოუტანია. გულშემატკივრებისათვისაც ალბათ უკეთესი იქნებოდა
სეზონის განმავლობაში იგივე „ზესტაფონი"-„ოლიმპის" შეხვედრის ოთხჯერ ხილვა,
ვიდრე მართალია ჩინებული საფეხბურთო წარსულის მქონე, მაგრამ ჯერ-ჯერობით
მაინც სუსტი კლუბების პაექრობების ნახვა. ბოლოს და ბოლოს დანიის,
ირლანდიის, შვეიცარიისა და ავსტრიის ეროვნულ ჩემპიონატებში ათი-თორმეტი
გუნდი მონაწილეობს და დავიჯერო, რომ ამ ქვეყნების საფეხბურთო
ინფრასტრუქტურა ჩვენსასაც ჩამორჩება? წარმოიდგინეთ როგორი
ფსიქოლოგიური განწყობით ასპარეზობენ ამჟამად „გაგრა" და თბილისის
„ლოკომოტივი". ამ გუნდებს წმინდა სპორტული საზომებით დაბალ ეშელონში
დაქვეითება ემუქრებათ. ამ დროს მიდის საუბარი უმაღლესი ლიგის გაფართოებაზე.
როდესაც ამ ორი კლუბის მოთამაშეებს ეცოდინებათ, რომ მათთვის არაფერი
შეიცვლება, რა მოტივაცია უნდა მოვთხოვოთ? მიმდინარე სეზონის
დასასრულს პირველი ლიგიდან ალბათ ქუთაისი და ფოთი დაწინაურდებიან.
ჩამოქვეითდნენ "გაგრა” და "ლოკომოტივი” და მომავალ პირველობაზე "ბათუმს” და
"გურიას” ჯეროვანი კონკურენცია გაუწიონ. ამ დროს აჭარის დედაქალაქში ახალი
სტადიონი აშენდება და თუნდაც "ბათუმი” თუ სპორტული პრინციპებით
დაიმსახურებს აღმასვლას, მას უკვე გამზადებული ინფრასტრუქტურა ექნება.
თბილისის "დინამოს”, "ვიტ ჯორჯიასა” და "ზესტაფონს” კი თავი დაანებონ. ჩემი
აზრით მოვლენების ამ სახით განვითარებით ქართული ფეხბურთი მხოლოდ და
მხოლოდ მოიგებს. მომავალი სეზონიდან ალბათ აუცილებელი იქნება
ლეგიონერებზე გარკვეული გადასახდელი თანხის დაწესებაც. ამ გზით სხვადასხვა
საეჭვო რეპუტაციის ფეხბურთელების შემოსევას თავიდან ავიცილებთ. ჩვენი
გუნდების მესვეურებსაც ფული თუ ექნებათ გადასახდელი, ისეთებს ჩამოიყვანენ
რომლებიც ადგილობრივებზე მართლაც რომ ათი თავით ძლიერები იქნებიან. განსაკუთრებით
ერთ ფაქტზე მინდა, რომ ყურადღება გავამახვილო. უკანასკნელ წლებში უკვე
მეორედ ხდება, რომ ერთმანეთს საფეხბურთო-სარაგბო ინტერესები ეჯახება.
რასაკვირველია ქართველი მორაგბეები ჩვენი ქვეყნის სიამაყეს წარმოადგენენ,
შესაბამისად, უკეთეს პირობებსა და ხელისშეწყობასაც იმსახურებენ. მაგრამ არ
შეიძლება რომ მათი დახმარება ფეხბურთის ხარჯზე განხორციელდეს. შეიძლება
შემეკამათოთ, მაგრამ რაგბი საქართველოში ფეხბურთზე უფრო პოპულარული
ვერასოდეს გახდება. მხარში უნდა ამოვუდგეთ "ოვალურ ბურთსაც”, მაგრამ ეს
ურთიერთდაპირისპირების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ქართულ ფეხბურთზე
ხანგრძლივი "ფიქრების” შემდეგ ერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც შევეხები.
რამდენიმე დღის წინ საეთაშორისო კომპანია "ინტერ ამერიკა სპორტის”
წარმომადგენელი ნიკო პატარქალიშვილი ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის
მაღალჩინოსნებს შეხვდა და ერთი ახალი პროექტის გეგმა გააცნო. ჩვენს
გულშემატკივრებს ალბათ ახსოვთ ეს პიროვნება. ამ უკანასკნელმა ორი წლის წინ
თბილისში დიეგო მარადონა ჩამოიყვანა და ქართველებმაც კიდევ ერთი
საერთაშორისო დონის სირცხვილი ვჭამეთ. პატარქალიშვილმა და მისმა კომპანიამ
მაშინ საფეხბურთო ბილეთებს ცეცხლის ფასი დაადო და ფეხბურთის ცოცხალი
ლეგენდის სანახავად მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მარადონასაც
თავდაპირველად ცარიელი ტრიბუნების წინ სათამაშოდ გასვლა არ უნდოდა, მაგრამ
შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს ანგარიში მაინც გაუწია. ამბობდნენ იმასაც,
რომ დიეგოსა და სხვა არგენტინელებს მაშინ კუთვნილი თანხა დაუგვიანეს.
მაშინ მარადონას პრობლემა ის იყო, რომ გადამგდებებს ენდო, ჩვენი პრობლემა
კი ის აღმოჩნდა, რომ მარადონა საქართველოში გადააგდეს. ყველას გადაგდება
გამიგია, მაგრამ მარადონას გადაგდება?! დიეგოს თბილისში მაშინ ის
ხალხი უნდა დახვედროდა ვინც იცოდა მისი ფასი და არა ისეთები, ვისთვისაც
მნიშვნელობა არ ჰქონდა მარადონა ჩამოვიდოდა თუ ანჯელინა ჯოლი. მათთვის
მთავარი ცნობილ პიროვნებაზე საკუთარი ჯიბის გასქელება იყო. შეიძლება
პატარქალიშვილი არ დამეთანხმოს, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ ავხსნათ ის
ფაქტი, რომ საქართველოსა და არგენტინის ვეტერანთა შეხვედრის დასასწრები
ბილეთების ფასი 150 ლარი იყო. მართალია უშუალოდ თამაშის წინ სტადიონის
შემოსასვლელი ჭიშკრები გააღეს, მაგრამ ეს ნაბიჯი უკვე დაგვიანებული
აღმოჩნდა და დიეგოსაც პირველად თავის ცხოვრებაში ცარიელი ტრიბუნების წინ
მოუწია ასპარეზობა. მარადონამდე პატარქალიშვილმა არგენტინიდან
ერთდროულად შვიდი ფეხბურთელი ჩამოიყვანა და კლუბ "ბორჯომში” მიიყვანა.
ახალბედებმა საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე მატჩში მიიღეს მონაწილეობა.
მათი სპორტული კვალიფიკაცია ისეთი დაბალი აღმოჩნდა, რომ ჩვენთანაც ვერ
გაქაჩეს და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ. მართალია სიმართლე უნდა ითქვას
და პატარქალიშვილს აქტივში ურუგვაის ნაკრების თბილისში ჩამოყვანა უნდა
ჩავუთვალოთ. ამჟამად ბატონ ნიკოს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში
საქართველოს, არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებების
ტურნირის ჩატარება სურს. ამ შეჯიბრების დღეებში კი კი ფეხბურთის
მეფე-პელესაც ჩამოგვიყვანს. მკითხველს მინდა გავახსენო, რომ პატარქალიშვილს
ორი წლის წინ თბილისში ჯერ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ჩამოჰყავდა, შემდეგ
კი არგენტინა უნდა გვსტუმრებოდა. ამჟამად დაგეგმილი ტურნირის
ჩატარება შარშანაც ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მარადონასთან დაკავშირებული
კონფუზის შემდეგ ქართული საფეხბურთო არეალიდან დროებით გაუჩინარდა. ღმერთმა
ხელი მოუმართოს და ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში სამხრეთ ამერიკული
ახალგაზრდული ნაკრებები მართლაც ჩამოეყვანოს, მაგრამ ამ წამოწყებისა მაინც
არ მჯერა. მაპატიოს ნიკო პატარქალიშვილმა ამ მწარე სიტყვებისათვის, მაგრამ
დიეგო მარადონას "თბილისური თავგადასავალი” დღემდე მწარე მოგონებად დამრჩა
და ალბათ ვერასოდეს დავივიწყებ. ბოლოს კი ტრადიციულად ფრანჩესკო ტოტი
გავიხსენოთ. "მასწავლებელი ტოტის ეკითხება: "ფრანჩესკო, რამდენად შორია
დანია იტალიიდან?” ტოტი: "ერთი გადაფურთხებაა”. presa.ge
|