ევროპის საჰაერო სივრცის დახურვის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს საქართველოს U19 ნაკრები გუნდი ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით, რომელიც 13–18 აპრილს პორტუგალიის ქალაქ პორტოში ოთხთა საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობდა.
საქართველოს U19 ნაკრები დღეს უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში, თუმცა შექმნილი კოლაბსის გამო ამას ამ დრომდე ვერ ახერხებს. შექმნილი პირობებით ისარგებლეს საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებმა, რომლებმაც კატასტროფულად გააძვირეს საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება. ამასთანავე თითქმის ოთხჯერ გაიზარდა სასტუმროს მომსახურების საფასურიც.
საჰაერო სივრცის დახურვით შექმნილი პრობლემის გამო ქვეყანაში ვერ ბრუნდება იტალიის ქალაქ ფლორენციაში, უეფას მწვრთნელთა გადამზადების კურსებზე მყოფი გაიოზ დარსაძე და კობა ჟორჟიკაშვილი.
უკვე მესამე დღეა საჰაერო სივრცის გახსნას ელის ჩრ. ირლანდიის ქალაქ ბელფასტში უეფას სემინარებზე მყოფი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორი წარმომადგენელიც.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ევროპაში ჩარჩენილი დელეგაციების სამშობლოში დაბრუნების სხვადასხვა გზებს განიხილავენ.
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა 14 აპრილს, გამთენიისას დაიწყო. ვულკანური ფერფლი ევროპის თავზე შესაძლოა, კიდევ 4-5 დღე დარჩეს. ვულკანურ ფერფლი ისლანდიიდან ევროპისკენ მიიწევს. არსებული პროგნოზებით, ეს მოვლენა მომავალი კვირის შუა დღეებამდე გაგრძელდება.