გერმანიის ბუნდესლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ლევან
კობიაშვილისთვის ეს ტური ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც მისი
გუნდისთვის, ფაქტობრივად, მთავარ ლიგაში დარჩენის ბედი წყდებოდა.
ამასთანავე, "ჰერტას" მეტოქე კობიაშვილის ყოფილი გუნდი, გელზენკირხენის
"შალკე" გახლდათ. შეხვედრა იარკო ვესტერმანის მიერ 87-ე წუთზე გატანილი
გოლის წყალობით 0:1 დასრულდა გელზენკირხენელთა სასარგებლოდ. "კობიმ"
ძირითად შემადგენლობაში იყო და 34-ე წუთზე მსაჯისგან ყვითელი ბარათი
დაიმსახურა . "ჰერტა" კვლავ ბოლო ადგილზეა და ბუნდესლიგაში დარჩენის
თეორიული შანსიღა გააჩნია.
საფრანგეთის ჩემპიონატში "ლილთან" საშინაო მატჩში 1:2 დამარცხდა გიორგი
მაკარიძისა და ამირან სანაიას "ლე მანი". მაკარიძე 90 წუთის განმავლობაში
სათადარიგო იყო, სანაია კი განაცხადს მიღმა დარჩა. "ლე მანი" 34 ტურის
თავზე დაგროვებული 28 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.
ინგლისის ჩემპიონშიპში ''უოტფორდთან'' გასვლით მატჩში 3:0 დამარცხდა
ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგი". ქართველმა მცველი სასტარო შემადგენლობაში
იყო და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
რუსეთის პრემიერგილის მორიგ ტურში "ტომთან" საშინაო მატჩში 2:1
გაიმარჯვა მალხაზ ასათიანის "ლოკომოტივმა". "ასკამ" შეუცვლელად ითამაშა და
67-ე წუთიდან კაპიტნის სამკლავურიც მოირგო.
უნგრეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ქართველთა სიმრავლით გამორჩეულმა
"დიორ ეტომ" ''ნირეგიჰაზას'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. რაც შეეხება
ქართველთა თამაშს, რატო ალექსიძე ძირითადში იმყოფებოდა და მე-80 წუთზე
ადგილი ვახტანგ ფანცხავას დაუთმო, გიორგი განუგრავა თამაშში 55-ე წუთზე
ჩაერთო, ლაშა თოთაძე კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. "დიორ ეტოს"
24 თამაშის შემდეგ 43 ქულა დაუგროვდა და მე-3 ადგილზე იმყოფება.
უკრაინის ჩემპიონატში ქართული დერბი შედგა. ერთმანეთს უჩა ლობჟანიძის
"დნიპრო" და ვასილ გიგიაძის "ტავრია" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა
''დნიპროს'' გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. "ლობომ" შეუცვლელად
ითამაშა, გიგიაძე კი თამაშში 53-ე წუთზე ჩაერთო.კიევის "დინამოსთან"
საშინაო მატჩში 1:0 გაიმარჯვა ალექსანდრე გურულის ლვოვის "კარპატიმ".
ქართველი შემტევი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო.
გიორგი ქარქაშაძე www.goli.ge
|