სომხური armfootball.com-ის ინფორმაციით, საქართველოში შეკრებაზე მყოფმა დილიჟანის ''იმპულსმა'' 3-0 გაანადგურა ფოთის ''კოლხეთი''.
Goli.ge სრული პასუხისმგებლობით აცხადებს,რომ ამ კლუბებს შორის შეხვედრა საერთოდ არ გამართულა. ''კოლხეთის'' არც მთავარ გუნდს და არც დუბლშემადგენლობას, ''იმპულისის'' წინააღმდეგ არ უთამაშია.
სიმართლე გითხრათ, ადრე მსგავს ინფორმაციებზე გულიანად ვხალისობდით ხოლმე,მაგრამ ჩვენი სამეზობლოს პრესამ სულ მთლად გაიწყვიტა "შუბლის ძარღვი''.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს,რომ armfootball ამ კუთხით გაცილებით უფრო ''მოკრძალებული'' აღმოჩნდა. თუკი იგი პირველი ლიგის წარმომადგენლის განადგურებით ''დაკმაყოფილდა'', ისე არ ჩაივლის ზაქათალის ''სიმურგის'' შეკრება საქართველოში, აზერბაიჯანულმა საიტებმა ერთი-ორჯერ არ ''მოაგებინონ'' თბილისის ''დინამოსთან''.(როგორც წესი, ''გემრიელი'' ანგარიშით. აბა, 1-0-ს ჰო არ მოუგებენ ? )
ამ ყველაფერს დავუმატოთ ქართველი ფეხბურთელების ინტერვიუები,რომლებიც აღფრთოვანებით საუბრობენ ''სამეზობლოს'' ჩემპიონატების დონეზე და კარიერის იქვე დასრულებაზეც კი ოცნებობენ.
ამიტომ, ამ სტატიით გვინდა ქართველ გულშემატკივარს მოვუწოდოთ ნუ ენდობიან გაურკვეველი რეპუტაციის ინტერნეტ-საიტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს და ნურც არშემდგარი ფეხბურთელების ინტერვიუებიდან გამოიტანენ დასკვნებს.
ყველაზე ცუდი კი ისაა,რომ ქართული მედია, ნაცვლად იმისა ასეთ დეზინფორმაციებზე მკაცრად რეაგირებდეს, თავადაც აქტიურად ცდილობს,ნებით თუ უნებლიედ, ამ ყოვლად უსუსური ჩემპიონატების ''გაპიარებას''.
P.S. თუკი ვინმესთვის საინტერესოა ამიერკავკასიის ქვეყნების ჩემპიონატებს შორის პარალელების გავლება, ჩვენი რჩევა იქნება უეფას რეიტინგი იხილოს, რომელიც ევროტურნირებზე ბოლო 5 წლის მანძილზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დგება. ჩვენი აზრით, ამ მონაცემების ანალიზი უფრო რეალურ სურათს მისცემს ქართველ გულშემატკივარს.
საკმარისია საქართველოს ჩემპიონატის ანტირეკლამა! საქართველოს ჩემპიონატის დონე რომ უკეთესის სურვილს ტოვებს,ამაზე არავინ დავობს,მაგრამ დროა დამთვარდეს ''სიმურგის'' და ''იმპულსის'' ტრიუმფალური ''სერია'' ქართული კლუბების წინააღმდეგ.
ის ქვეყნებიც გვეყოფა, რომლებმაც მართლა ''გაგვასწრეს'' (ჩვენი ლეგიონერების ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ), ამ სიის ძალით გაბერვა აღარაა საჭირო !
გიორგი ჯავახაძე www.goli.ge
|