საფეხბურთო კლუბ "გაგრაში" სულ ახლახან 3 უკრაინელი ფეხბურთელი
დაიმატეს: ალექსანდრ ომელიანოვი, ვასილ გრიგოროვიჩი და მიკოლა ნაკონეჩნი.
მათგან პირველი ორი, ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარმა კარგად იცის.
ომელიანოვი 2007/2008 წლის სეზონში ჯერ რუსთავის "ოლიმპში", სეზონის
მიწურულს კი, ზუგდიდის "მგლებში" ასპარეზობდა, "მგლებში" ირიცხებოდა ვასილ
გრიგოროვიჩიც.
28 წლის მიკოლა ნაკონეჩნი კი გამოცდილი ნახევარმცველია, თამაშობს
დაცვაშიც. სხვადასხვა დროს შვედური "მალმიოს", "ბორისფენის", "ობოლონის"
რიგებში გამოდიოდა, ასევე თამაშობდა კიევის "არსენალში" შალვა აფხაზავასა
და გელა შეყილაძესთან ერთად.
ალექსანდრ ომელიანოვი და ვასილ გრიგოროვიჩი "გაგრაში" ჩამოსვლამდე
პოლონეთში ასპარეზობდნენ, მიკოლა ნაკონეჩნი კი უკრაინის ქვედალიგის
"ედნისტში".
ომელიანოვი და გრიგოროვიჩი საქართველოში დაბრუნებას და "გაგრაში"
ასპარეზობას მაშინვე დათანხმდნენ, როცა თბილისიდან მოწვევა მიიღეს.
"წინასწარ ვერ დაგეგმავ, სად ითამაშებ, ფეხბურთი არაპროგნოზირებადი
სპორტია. საქართველოში იმიტომ დავბრუნდი, რომ აქ კარგად ვგრძნობ თავს.
ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ფეხბურთელებთან "ოლიმპში" და "მგლებში"
თამაშის დროს. რეხვიაშვილთან ვმეგობრობ, გაბედავასთან, რომელიც ახლა
უკრაინაში გადავიდა სათამაშოდ.
მახსოვს ახალი ჩამოსული ვიყავი რუსთავში, არავის ვიცნობდი, გაბედავასთან
ერთად მომიწია ერთ ოთახში ცხოვრება, სულ გვერდში მედგა "გაბე", რამდენიმე
ქართული სიტყვაც მასწავლა: "გამარჯობა", "როგორ ხარ?", "მადლობა"...–
გაიხსენა "ოლიმპში" ყოფნის პერიოდი საშა ომელიანოვმა.
"ძველი დრო გამახსენდა "ზესტაფონი" "გაგრას" თამაშზე... მამალაძე ვნახე
და ძალიან გამიხარდა, ვმეგობრობ ამ ფეხბურთელთან. ძალიან დამწყდა გული, რომ
არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.
სანამ ზუგდიდში ჩავიდოდი სათამაშოდ, პოლონეთში ვასპარეზობდი, საშამ
დამირეკა და მითხრა, რომ შემოთავაზება იყო საქართველოდან, უყოყმანოდ
დავთანხმდი. ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი, მაშინ ახალი ერი
გავიცანი, ახალი გარემო. როცა საქართველოში თამაშის შანსი ისევ გაჩნდა,
მაშინვე დავთანხმდი, ალბათ ასეთი იყო ბედისწერაც"... – აღნიშნა
გრიგროვიჩმა.
ფეხბურთელთაგან სამივემ კარგად უწყოდა, რომ "გაგრა" გათამაშების ცხრილის
აუტსაიდერია, მაგრამ გუნდში თამაშს სამივე უყოყანოდ დათანხმდა.
მიკოლა ნაკონეჩნი ახლა იწყებს ქართული ფეხბურთის შესწავლას, როცა მას
ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა, ასეთი პასუხი გაგვცა:
"ქართველები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს სათანადოდ არ აფასებენ, საშას
და ვასილს რომ ეთქვათ საქართველოში ცუდი ჩემპიონატიაო, როგორ ფიქრობთ,
წამოვიდოდი აქ სათამაშოდ?"
გამოცდილმა უკრაინელმა ნახევარმცველმა თანაგუნდელი შალვა აფხაზავა
გაიხსენა: "შალვა არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, ძალიან კარგი
ფეხბურთელიც... მის საფლავზე აუცილებლად ჩავალ. ძალიან სასიამოვნო
მოგონებები მაკავშირებს მასთან, თბილი და მეგობრული ადამიანი იყო. მახსოვს,
რომ დაიღუპა, ბიჭები წამოვიდნენ საქართველოში. მე მაშინ ვერ ჩამოვედი...
მოხარული ვარ, რომ შალვას ვიცნობდი.
უკრაინაში დაასრულა პროფესიული ფეხბურთი გელა შეყილაძემაც. მასთანაც
ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. შესანიშნავი ფეხბურთელი
და არაჩვეულებრივი ადამიანია გელა".
უცხოელი ფეხბურთელები ქართველების ინდივიდუალიზმსა და ნიჭიერებას
ყოველთვის აღნიშნავენ, დავინტერესდით უკრაინელების შეხედულებითაც. სამივე
მათგანმა ერთხმად აღნიშნა, რომ ქართველები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და
ბურთს ძალიან კარგად ფლობენ.
ომელიანოვის აზრით: "საქართველოში განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. აქ
ბავშვობიდანვე ბურთთან აქვთ შეხება ფეხბურთელებს, უკრაინაში კი ფიზიკურ
მომზადებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ფიზიკურად ყოველთვის შეიძლება
გაძლიერდე, მაგრამ ტექნიკური ფეხბურთის თამაში ძალიან რთულია.
ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი რამ არის მისასალმებელი, ქართული გუნდები,
აუტსაიდერი იქნება თუ ცხრილის სათავეში მყოფი, ყოველთვის გახსნილ ფეხბურთს
თამაშობენ, გაძლევენ საშუალებას შენც ითამაშო. უკრაინაში პირიქითაა,
დაცვაში ჯდება გუნდი, როცა აუტსაიდერია და თამაშის საშუალებას არ აძლევს
მეტოქეს".
გრიგოროვიჩის შეფასებით კი: "ქართველებს აღსანიშნავი აქვთ ტექნიკა და
გახსნილი თამაში, მაგრამ ეს ერთი მხრივ ცუდიცაა ფეხბურთელისთვის, რადგან
ხშირია ტრავმები, როცა ბურთს იღებს ფეხბურთელი, აქტიური და დაძაბულია
თამაში, მეტოქე ხშირად გაშლილი ფეხითაც თამაშობს...
უკრაინელები ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან და 90 წუთის განმავლობაში
აქტიურად თამაშობენ, რაც შეეხება ქართველებს, მათ არ ჰყოფნით გამძლეობა,
უკვე მეორე ტაიმიდან ეცემა ტემპი, მალე იღლებიან. თუმცა საქართველოში
ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. ძალიან კარგი იქნებ,ა ისინი
საქართველოდან თუ არ წავლენ და აქვე გააგრძელებენ თამაშს, აქვე უნდა
შეიქმნას პირობები, რომ არ წავიდნენ მოთამაშეები სხვა ქვეყანაში.
უკრაინაში კარგ ფეხბურთელებს ქვეყანაში ტოვებენ.
ფეხბურთელი, რომელიც კარგად თამაშობს, მაშინვე არ უნდა წავიდეს უცხოეთში
სათამაშოდ. დარჩენა იმიტომ არის საჭირო, რომ ლიდერის თამაში ნახონ
ახალგაზრდებმა და მათთან ერთად გაიზარდონ".
თანაგუნდელების მოსაზრებას იზიარებს მიკოლა ნაკონეჩნი: "მე ახლახან
ჩამოვედი საქართველოში და ასე კარგად არ ვიცნობ ქართულ ფეხბურთს, რომ
შეფასება გავაკეთო. მოედნიდან, რა თქმა უნდა, უკეთესად ჩანს რა ხდება
ზოგადად ჩემპიონატში. ფეხბურთელს, რომელიც თავის ნიჭს გამოავლენს მაშინვე
უცხოეთში აგზავნიან, ეს შეცდომაა, რადგან ეს აფერხებს ჩემპიონატის დონის
ამაღლებას. უკრაინაში ასეთი მოთამაშეებისთვის ყოველთვის კარგ პირობებს
ქმნიან, რათა ისინი დატოვონ ჩემპიონატში".
ალექსანდრ ომელიანოვი ქართული ფეხბურთის განვითარებაში ცვლილებას ვერ
ხედავს და მთავარ პრობლემად ინფრასტრუქტურისა და და მოედნების
არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფნას ასახელებს: "ქართული ფეხბურთის მთავარი
პრობლემა მინდვრებია, უკეთესი მოედნები რომ იყოს, გაცილებით უკეთესი
ჩემპიონატი იქნებოდა. აქ ფეხბურთელები არაფერ შუაში არიან.
ქართული საფეხურთო სკოლა საბჭოთა კავშირის დროიდან იყო ცნობილი, შემდეგ
ქართველები საზღვრებს გასცდნენ და ახლა ბევრი მათგანი ევროპის წამყვან
კლუბებში თამაშობს. ძირითადი პრობლემა მინდვრები და ინფრასტრუქტურაა,
გამოსწორებისთანავე დაეტყობა ეს ჩემპიონატს".
მეგობრის მოსაზრებას იზიარებს გრიგოროვიჩიც.
კითხვაზე იმსახურებს თუ არა "გაგრა" ჩემპიონატის აუტსაიდერობას, სამივემ
ერთხმად განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის
ცხრილის ზედა ნაწილში ყოფნა უფრო ლოგიკური იქნებოდა.
"თამაშის ხარისხის მიხედვით არ იმსახურებს გაგრა აუტსაიდერობას, ბიჭები
ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ მათ უნდათ თამაში და ამის გამო
ყველაფერს აკეთებენ, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, მთავარია, ეს სურვილი
გაჰყვეთ ბოლომდე", – განაცხადა ომელიანოვმა.
"ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ ძალიან თბილი და დადებითი ატმოსფეროა
გუნდში. ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ "გაგრა" აუტსაიდერობას არ
იმსახურებს. ძალიან კარგად თამაშობენ ახალგაზრდა ფეხბურთელები. ცდილობენ
ჩვენთან კარგი და თბილი ურთიერთობა ჰქონდეთ. ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ.
დადებითი გარემო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სტიმულია, ასევე ინტერესი პრესისა
და გულშემატკივრის მხრიდან"... – დაამატა გრიგოროვიჩმა.
ნაკონეჩნის კი მიაჩნია, რომ : "გაგრა" ახალგაზრდა და მეგობრული გუნდია,
ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფეხბურთელისთვის. ვფიქრობ, არ იმსახურებენ
აუტსაიდერობას. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები არიან, თამაშით უფრო
მაღალ საფეხურზე ყოფნას იმსახურებენ. გუნდს გამორჩეული ლიდერი არ ჰყავს, ეს
უქმნის მათ პრობლემას.
არამარტო თანაგუნდელებში, ძალიან კარგი ატმოსფეროა ზოგადად გუნდში,
პრეზიდენტით დაწყებული ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი დადებით
ატმოსფეროს ქმნის და ეს დადებით გავლენას ახდენს ჩვენზეც. ძალიან კარგი
კოლექტივია, მეგობრული. თბილად მიგვიღეს".
მიკოლა ნაკონეჩნი საქართველოში ჩამოსვლისთანავე შალვა აფხაზავას
საფლავის მონახულების გარდა, ქართველი ლტოლვილების საკითხითაც დაინტერესდა.
მან ნახა დევნილთა საცხოვრებელი ადგილები და ძალიან გაუხარდა, რომ ამ
ხალხს, საკუთარი სახლებიდან ნება–სურვილის გარეშე გამოდევნის შემდეგ, აქვთ
საცხოვრებელი პირობები, სკოლა და ბაღი.
"მე მოვუყვები უკრაინელებს ქართველების შესახებ, უკვე მიყვარს თბილისი
და ძალიან მინდა, ვნახო მთელი საქართველო", – აღნიშნა ნაკონეჩნიმ.
სამივე ფეხბურთელს "გაგრასთან" სეზონის ბოლომდე აქვს კონტრაქტი
გაფორმებული. მათი სურვილია, გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩეს და ამ ეტაპზე
მხოლოდ კარგ თამაშზე არიან ორიენტირებულნი.
მირანდა სურმანიძე www.goli.ge
|