ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციო
სამუშაოები დასკვნით ფაზაში
შედის. 26 მაისს სტადიონის გახსნა იგეგმება და მშენებლები ამბობენ რომ ამ
დღისთვის სტადიონი სრულ მზადყოფნაში იქნება.
სტადიონის მშენებლობა
რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. პირველი ეტაპის სამუშაოებში
ადმინისტრაციული შენობის მოწყობა, ტრიბუნების გაკეთება, ინდივიდუალური
სკამების დამონტაჟება, დასავლეთ ტრიბუნის ნაწილის გადახურვა, ახალი
განათებისა და ტაბლოს დამონტაჟება შედის. ქუთაისის არენაზე
სარემონტო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "დაგი" ახორციელებს, რომელმაც ამ
ეტაპისთვის შრომატევადი სამუშაო გასწია, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ
ბევრია. "ძირითადი სამუშაოები უკვე ჩატარებულია. ტრიბუნების გაკეთება
თითქმის დასრულებულია, ახლა მიმდინარეობს ინდივიდუალური სკამების
დამონტაჟება. ძირითადი ყურადღება ადმინისტრაციულ შენობაზე გვაქვს
გადატანილი. 26 მაისს სტადიონის გახსნაა, სტუმრებს ველოდებით და მათ
ღირსეულად უნდა დავხვდეთ." - აღნიშნა მშენებლობის საქმეთა მწარმოებელმა
გელა მიქაიამ.
ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც სიმაღლეში
მნიშვნელოვნად გაიზარდა განთავსებული იქნება ბარი, ინტერნეტკაფე,
საკონფერენციო დარბაზი და საკომენტატორო ჯიხურები. გაფართოებულია და
უმაღლეს დონეზე კეთდება სამთავრობო ლოჟა. ასევე საკმაოდ ტევადი იქნება
ახალი პრეს ლოჟა, რომელიც ძველ სტადიონზე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი
იყო. ამავდროულად, მიმდინარეობს გასახდელების, საშხაპეების, მსაჯთა
ოთახებისა და სველი წერტილების კეთილმოწყობა. სტადიონზე ოთხი ფერის
(მწვანე, ლურჯი, წითელი, თეთრი) ინდივიდუალური სავარძლები მონტაჟდება.
აღმოსავლეთ ტრიბინაზე განთავდსებულ სავარძლებზე გამოსახულია საქართველოს
დროშა, ასევე "ჯუნგლების" მხარეს გიგანტური, ლათინური ასოებით ტორპედო
ქუთაისი იქნება დაწერილი. სექტორებს შორის რიგები უფრო მაღალია და
ინდივიდუალური სკამებიც ისე მჭირდროდ არ არის განთავსებული ერთმანეთთან
როგორც ადრე იყო, რაც გულშემატკივრებისთვის უფრო მოსახერხებელი და
კომფორტული იქნება. თუმცა ამის, გამო სტადიონის ტევადობა საგრძნობლად
შემცირდება.
გელა მიქაია:"ინდივიდუალური
სკამები ძირითადად თურქეთიდან ჩამოვიტანეთ. შემოწმებული გვაქვს,
ადრინდელივით ხისტი არ არის და იოლად არ ტყდება. ვანდალიზმის ფაქტები თუ
არ იქნა სხვა მხრივ უმაღლესი ხარისხის სკამებია და იოლად არ დაზიანდება."
უკვე
დასრულებულია ახალი განათების დამონტაჟება. ბოძებზე დაყენებულია ახალი
მაშუქები, რომელიც გამოსაცდელად მაისის პირველ რიცხვებში ჩაირთვება.
გამოიცვლება ტაბლო და როგორც "დაგის" ხელმძღვანელები გვპირდებიან, ახალი
ტაბლო გაცილებით თანამედროვე, ლამაზი და ხარისხიანი იქნება.
ერთ-ერთი
პრობლემატური საკითხი სტადიონის დასავლეთ ტრიბუნის გადახურვაა.
ჯერ-ჯერობით გადახურვის სამუშაოები საწყის ეტაპზეა, მაგრამ როგორ
მშენებლობის საქმეთა მწარმოებელმა გელა მიქაიამ გვითხრა, სამუშაოები სწრაფი
ტემპით მიმდინარეობს და გახსნის დღემდე გადახურვა თავისუფლად მოესწრება.
|