გუშინ გაიმართა ევროპის ლიგის IV-საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები, რომლებშიც იმ კლუბებმაც იასპარეზეს სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, დავიწყოთ თანმიმდევრობით.
ბაქოში ,,ტოფიკ ბახრამოვის'' სახელობის სტადიონზე აზერბაიჯანულმა ,,ყარაბახმა'' დორტმუნდის ,,ბორუსიას'' უმასპინძლა, პირველი მატჩი გერმანელებს 4:0 ჰქონდათ მოგებული და მათ განმეორებით მატჩშიც მოახერხეს მეტოქის დამარცხება 90+1-ზე ბარიოსის გოლის წყალობით. მასპინძელთა რიგებში ტრადიციულად სასტარტოში იყო გიორგი ადამია, რომელიც 68-წუთზე შეცვალეს.
მოულოდნელი, მეტიც სენსაციური შედეგი დაფიქსირდა მოსკოვში, სადაც ,,ლოკომოტივმა'' პირველი შეხვედრის მსგავსად 1:1 ითამაშა შვეიცარიის რანგით მეორე ლიგელ ,,ლოზანასთან'', მატჩის შემდგომი პენალტების სერიით კი 3:4 დამარცხდა. ,,ლოკომოტივის'' ქართველმა მცველმა მალხაზ ასათიანმა მხოლოდ პირველი ტაიმი ჩაატარა.
სიმფეროპოლის ,,ტავრია'' სტუმრად 0:3 დამარცხების შემდეგ, შინაც დამარცხდა 1:3 ლევერკუზენის ,,ბაიერთან'', უკრაინელთა კლუბის ქართველი ფორვარდი ვასილ გიგიაძე მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
გათამაშებას გამოეთიშა უჩა ლობჟანიძის ,,დნიპროც'', რომელიც პოლონეთის ჩემპიონმა ,,ლეხმა'' გამოაგდო 0:0/1:0. ქართველი მცველი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.
კიდევ ერთი უკრაინული კლუბი ლვოვის ,,კარპატი'', რომლებმაც წინა III-საკვალიფიკაციო ეტაპზე ,,ზესტაფონი'' გამოაგდეს, ამჯერად ბევრად უფრო მდიდარი ტრადიციის კლუბი სტამბულის ,,გალათასარაი'' იმსხვერპლეს ორი მატჩის ჯამში. სტუმრად 2:2-ის შემდეგ შინ საფეხბურთო ბოლო წუთების თრილერში 1:1 ითამაშეს და ჯგუფურ რაუნდშიც გააღწიეს. ,,კარპატის'' ქართველმა ლეგიონერმა სანდრო გურულმა 41-წუთიდან ითამაშა.
ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა უნგრულმა ,,დიორი ეტომ''. შინ 0:2 წაგების შემდეგ, მათ სტუმრადაც 2:1 წააგეს ზაგრების ,,დინამოსთან''. რატი ალექსიძე სასტარტოში იყო და 66წთ-ზე შეცვალეს, ხოლო თეიმურაზ შარაშენიძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ჯგუფურ ეტაპზე გავიდა ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის ამჟამინდელი კლუბი სალონიკის ,,არისი'', რომელთაც ვენის ,,აუსტრია'' გამოთიშეს გათამაშებიდან 1:0/1:1.
ასე და ამგვარად ფლეი-ოფიდან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულ სანდრო გურულის ,,კარპატს'', ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფიდან გამოვარდნილი სხვა ქართველიც დაემატება ვაჟა თარხნიშვილის (შერიფი) სახით.
championat.ge
|