მალხაზ ასათიანის მოსკოვის "ლოკომოტივმა" ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი
"კრილია სავეტოვი" მიიღო და 3:0 გაანადგურა. ქართველმა მცველმა 90 წუთი
ითამაშა და მოსკოველთა დაცვის ხაზი საიმედოდაც გაამაგრა. რუსული
პრემიერლიგის დღევანდელ მატჩებში ერთი ქართული გოლი უკვე გავიდა, თავი
გოგიტა გოგუამ გამოიჩინა. მალხაზის ასპარეზობაც წარმატებულად უნდა
შეფასდეს. ხვალ კი ჩვენი ყურადღება "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველის,
ჯანო ანანიძისკენ იქნება მიპყრობილი, რომლის "სპარტაკიც" "ზენიტს"
ესტუმრება და პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაციას ეცდება.
ზურა ხიზანიშვილის
"რედინგმა" გამარჯვებების სერია "მიდლსბროსთან" გასვლით მატჩში
შეწვიტა და საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან ფრედ, 1:1 ითამაშა. სამწუხარო მხოლოდ
ის არის, ბოლო შეხვედრების მსგავსად ქართველი მცველი მოედანზე მხოლოდ ბოლო
წუთებზე გამოჩნდა, უფრო მეტიც, კაპიტანი ინგიმარსონი მან ზუსტად მაშინ
შეცვალა, როცა სათადარიგო არბიტრმა დამატებითი დროის აღმნიშვნელი ტაბლო
აანთო. იმედი დავიტოვოთ, რომ ხიზანა მალე შეძლებს ჩვეული ფორმისა და გუნდში
აქამდე არსებული პოზიციების დაბრუნებას.
რატი ალექსიძის "დიორ ეტომ" დღეს უნგრეთის ჩემპიონატის
მე–19 ტურის მატჩი სტუმრად "დიოშგიორის" წინააღმდეგ გამართა და მეტოქე
მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა
90 წუთი ითამაშა, გატანილ გოლში კი მონაწილეობა არ მიუღია. ალექსიძის
გუნდს 36 ქულა აქვს, სატურნიო ცხრილში მე–3 ადგილს იკავებს და გათამაშების
ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება.
ბექა ჯღარკავა www.fanebi.com
|