ინგლისურმა "რედინგმა", რომლის რიგებშიც ქართველი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი გამოდის, წარმატებული სვლა გააგრძელა და დღეს "ბრისტოლს" 2:0 მოუგო. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ზურა სათადარიგო იყო და თუ წინა მატჩში მოედანზე 84–ე წუთზე გამოჩნდა, დღეს მწვრთნელმა ამის საშუალებაც არ მისცა. არადა "ნიუკასლიდან" გადმობარგების შემდეგ ხიზანიშვილი ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და ეს სამწუხარო "ტრადიცია" მხოლოდ საქართველო – ესტონეთის სანაკრებო მატჩიდან მოყოლებული ჩამოყალიბდა.
მორიგი მატჩი წააგო ლევან კობიაშვილის "ჰერტამ". მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბერლინელები დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში "ნიურბერგმა" იმძლავრა და მეტოქე ორი გოლით "დაასაჩუქრა". შესაბამისად, "ჰერტა" გავარდნის პირველი კანდიდატია და ძნელი სავარაუდოა რა ან ვინ შეაჩერებს მის ვარდნას მეორე ბუნდესლიგისკენ. კობიმ სრულად ითამაშა, 44 პასი გააკეთა, რომელთაგან 30 ზუსტი გამოდგა.
თავისი მატჩი გამართა ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" და "აუგსბურგი" მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. იაშვილი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 75–ე წუთზე კუნცით შეცვალეს.
სანდრო კობახიძის "კრივბასმა", რომელსაც სავარაუდოდ უკრაინის "ვიშა ლიგიდან" დაქვეითება მოუწევს, დღეს ოდესის "ჩერნომორეცთან" ითამაშა და 1:3 დამარცხდა. უნდა ითქვას, რომ ქართველი ფეხბურთელი ბოლო ხანს ერთადერთი ნათელი წერტილია აუტსაიდერთა შორის და დიდი შანსია, მომავალი სეზონი ახალ გუნდში დაიწყოს. სანდრომ მატჩი შეუცველად ჩაატარა და პირველი ტაიმის მიწურულს შესანიშნავი გადაცემით ვორონკოვს გაატანინა კიდეც. 79–ე წუთზე კი ის არბიტრთან კამათისთვის გააფრთხილეს.
საფრანგეთის ჩემპიონატში "ნიცასთან" საკუთარ მოედანზე დამარცხდა გიორგი მაკარიძისა და ამირან სანაიას "ლემანი". მასპინძელთა კარს დიდიე ოვონო იცავდა, სამწუხაროდ არცერთი ქართველი გუნდის განაცხადშიც კი არ გახლდათ და თუ სანაიას მცირე ტრავმა აწუხებს, მაკარიძის არყოფნა დამაფიქრებელი უნდა იყოს. "ლემანმა" გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაუშვა. გუნდს 21 ქულა დარჩა და ჯერჯერობით გასავარდნ ზონაში, ბოლოდან მესამე ადგილზე იმყოფება.