უკრაინის ჩემპიონატში "დნეპრისა" და "ტავრიას" დაპირისპირება შედგა, რუსეთში მალხაზ ასათიანის "ლოკომოტივმა" "ტომკს" სძლია, ბუნდესლიგაში კი "ჰერტამ" ლევან კობიაშვილთან ერთად მის ყოფილ გუნდთან გამართული შეხვედრა დათმო და დაქვეითებისგან მხოლოდ სასწაული თუ იხსნის. ქართული ლეგიონის მიმოხილვა ჩვენს საიტზე
დავიწყოთ უკრაინით, სადაც სანდრო გურულის "კარპატმა" საკუთარ მოედანზე კიევის "დინამოს" 1:0 მოუგო და სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული სენსაცია გამოაცხო. ამ გამარჯვებაში მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელმაც მიიღო, რომელიც თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო, როცა მისი გუნდი უკვე 1:0-ს იგებდა.
ახლა ქართულ დერბიზეც ვთქვათ, "დნეპრმა" დნეპროპეტროვსკში "ტავრია" მიიღო და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში, როგორც ყოველთვის, შეუცვლელად იასპარეზა უჩა ლობჟანიძემ, სტუმართა ქართველი ფორვარდი ვასილ გიგიაძე კი მოედანზე 52-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა გატანილ გოლში მონაწილეობა არ მიუღია.
რუსეთში მალხაზ ასათიანის "ლოკომოტივმა" ბოლო ხანს მოღონიერებულ "ტომს" 2:1 სძლია და როგორც ჩანს, სასტარტო წარუმატებლობათა სერია დაასრულა. მალხაზმა 90 წუთი ითამაშა და რუსული სააგენტოებისგან 6.0 შეფასებაც დაიმსახურა. ის შეტევებში იშვიათად ერთვებოდა, თუმცა დაცვის ხაზში ძალიან საიმედო გახლდათ და "რკინიგზელების" კართან მისი ზონიდან ერთი ხიფათიც კი არ შექმნილა.
ინგლისის ჩემპიონშიფში რამდენიმე კვირიანი შესანიშნავი მატჩების სერიის შემდეგ, უმოტივაციობამ, როგორ ჩანს, თავისი დაღი დაასვა ზურაბ ხიზანიშვილსა და მის "რედინგს", რომელიც სტუმრად "ოუტფორდთან" 0:3 განადგურდა. ქართველმა მცველმა მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა და უკანასკნელ წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
ისევე როგორც ლევან კობიაშვილმა, რომლის "ჰერტა" "შალკესთან" 0:1 დამარცხდა და ახლა, დარჩენილ სამ ტურში 5 ქულიანი დანაკარგის აღმოფხვრა მოუწევს. ლევანმა მარცხენა მცველის პოზიციაზე 90 წუთი იასპარეზა.
fanebi.com