გურამ
კაშია 7-ე წელია უკვე „დინამოშია" და არც თუ დიდი ხნის წინ გუნდის
კაპიტნობაც ჩაიბარა. რა პრობლემები აქვს „დინამოს" და რაში ხედავს
ახალგაზრდა კაპიტანი გამოსავალს?
გთავაზობთ გურამ კაშიასთან ინტერვიუს:
- 'დინამო' ბოლო პერიოდში ფორმაში არ არის, რა ხდება გუნდში, რა არის წარუმატებლობის მიზეზი?
- ჩემი აზრით, პრობლემა იმაშია, რომ გუნდი ახალგაზრდა
ფეხბურთელებით არის დაკომპექტებული და ტრავმებმა გაგვაწამა, დრო
გვჭირდება, ახალი შემადგენლობაა თითქმის, ვქმნით მომენტებს და ვერ
გაგვაქვს. . ხშირად მსაჯებიც არ გვწყალობენ, ცუდი არ მინდა ვილაპარაკო და
მათ არ მინდა დავაბრალო ყველაფერი, მაგრამ ასეა. გუნდს დაემატნენ ახალი
ფეხბურთელები კრსტესკი, ჩიკვილაძე, კახელიშვილი - კარგი ფეხბურთლები არიან
და ვფიქრობ, შევთამაშდებით.
ჩიკვილაძე ძალიან სასარგებლოა მარცხენა ფლანგზე, პრობლემა
სწორედ აქ გვქონდა, კახელიშვილი ძალიან აქტიურია, ადვილად შეეწყო გუნდს,
მასაც "დინამოს" სკოლა აქვს გავლილი და ამიტომ არ გაძნელებია. რაც შეეხება
კრსტესკის, მის ადგილზე სასურველი იქნებოდა უფრო გამოცდილი ფეხბურთელი,
მაგრამ ამ ეტაპზე სხვა ვერ ხერხდება, იმედია, მალე კრსტესკი ოპტიმალურ
ფორმაში მოვა. ადრე უფრო შედეგიანი ლეგიონერები გვყავდა, იგივე კშრკოსგან
ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდი. 'დინამოდან' წავიდა ხმალაძე და ძალიან
დააკლდა ეს გუნდს.
- 'დინამოს' წარუმატებლობის მიზეზი მარტო ფეხბურთელებშია? მწვრთნელის ფაქტორი რამდენად დიდია?
- რა თქმა უნდა, მარტო ფეხბურთელები არაფერ შუაშია არიან,
მწვრთნელიც, ფეხბურთლებიც და ზოგადად, გარემო, სადაც ვთამაშობთ,
ყველაფერი მოქმედებს. ვთამაშობთ, ვთამაშობთ და ისეთ გოლებს ვუშვებთ, გოლი
რომ შეფრინდება ჩვენს კარში, თვალს ვაყოლებ, ისეთი უიღბლო გოლები
გაგვდის. გამტანი არ გვყავს. ვაწაძეს სულ ამტვრევენ და ტოვებს ბევრ
შეხვედრას, აკირემი გამოდის და ხან გააქვს, ხან - არა, გიორგი
მერებაშვილის გუნდიდან წასვლამაც იქონია ამაზე გავლენა. მე შვიდი გოლი
მაქვს გატანილი და ეს უკვირთ, მე რომ 7 მაქვს, ფორვარდს ხომ 20 უნდა
ჰქონდეს? " დინამოში" ასე უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის.
აზრზე უნდა მოვიდეთ და ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. შედეგია ის, რომ
მესამე ადგილზე ვართ და მიზეზი ჩვენ თვითონ უნდა ვიპოვოთ. კახას ბრალი არ
არის ნამდვილად, გოლს რომ ვერ ვიტანთ, ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი.
- დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების
ნახევარფინალში ცხინვალის "სპარტაკს" ხვდებით. გარდა იმისა, რომ
"სპარტაკი" გაძლიერდა და ფეხბურთელები დაიმატა, კულუარებში ვრცელდება
ინფორმაცია, რომ ქვეყნის ერთგვარი პოლტიკაა, რომ ევროპაზე საქართველოდან
გუნდმა ცხინვალის სახელით ითამაშოს, ამაზე თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას?
- ამაზე მეც ვიფიქრე ბევრი და არ მინდა ასე მოხდეს. მსაჯის სიმპათიებმა
თუ არ ითამაშა დიდი როლი, როგორც ეს ხშირად ხდება "დინამოს" წინააღმდეგ,
ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. გამოგონილი პენალტებით თუ გვაჯობებს ცხინვალი,
არ ვიცი. არასდროს დამიბრალებია მსაჯებისთვის არაფერი. თუ წავაგებთ
ღირსეულად, ამას ვაღიარებ. შეიძლება, პოლტიკურად მეც მაწყობს, რომ
ცხინვალმა ითამაშოს ევროპაზე, მაგრამ ფეხბურთი და პოლიტიკა შორს უნდა
იყვნენ და არიან კიდეც ერთმანეთისგან. თავს შევაკლავთ, რომ თასი ავიღოთ და
ტიტული მოვიპოვოთ წელს. რა შეიძლება მოხდეს თასზე, არ ვიცი, ჩვენთან ისეთი
სიბინძურეა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
- „დინამომ" „ბაიასთან" მნიშნელოვანი ქულები დაკარგა. რატომ ხდება, რომ თქვენ შეგიძლიათ „ოლიმპს" მოუგოთ 4:0 და წააგოთ „სიონთან"?
- ოლიმპთან ამხანაგურ მატჩში, ვიდრე შეკრებაზე
წავიდოდით, 4:0 მოვიგეთ, რატომ ხდება ჩემპიონატში ასე და რატომ ვერ
ვიგებთ, არ ვიცი. მაგრამ მსაჯის ფაქტორიც დიდია, გარედან არ ჩანს, მაგრამ
წვრილ-წვრილ ჯარიმებს ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს. მაგალითად, ზუგდიდში,
სადაც ჩვენ ვითამაშეთ, იყო ჭაობი, არადა მათ აქვთ საშუალება და მინდორი,
რომ იქ გვეთამაშა, რას უწყვეტდათ ეს მატჩი არ ვიცი, რატომ არ გვათამაშეს
იქ, არასდროს მინახავს, სტადიონი დაუხაზავი იყოს. იქ ჩვენ ფეხბურთი არ
გვითამაშია, რა ვუთხრა მე გულშემატკივარსა და მაყურებელს? რაც შეეხება
გოლს, რომელიც არ ჩაითვალა, ვიდეო არ მინახავს, მაგრამ მოედნიდან, არ
ჩანდა, რომ თამაშგარე იყო. ვაწაძე წააქციეს, მგონი, პენალტის ნიშნულთან,
მაგრამ რადგან დახაზული არ იყო, ვერ დავინახეთ. ერთ მომენტში კუთხურიდანაც
იყო პენალტი, საჯარიმოში მაისურზე დამქაჩეს და წამაქციეს, მაგრამ აქაც არ
დანიშნულა პენალტი. არ მინდა მსაჯებს დავაბრალო ყველაფერი, მაგრამ
საშუალებას არ გვაძლევენ ფეხბურთი ვითამაშოთ.
აღარ მინდა მოვისმინო, რომ საქართველოში ფეხბურთი მოკვდა,
„დინამო" ფეხბურთს ვერ თამაშობს. მინდა, რომ ჟურნალისტებმა ილაპარაკოთ
სიმართლე. ვიღაცამ ამ ყველაფერს უნდა მიხედოს. ერთი სული მაქვს როდის
წავალ. საფეხბურთო გადაცემებს რომ ვუყურებ, ვკვდები ნერვიულობით.
ფეხბურთელი ასეთ სიტუაციაში ყველაზე ცოდოა. ორ კაპიკს გვიხდიან და ამასაც
აღარ გადაგვიხდიან.
- კონტრაქტი სეზონის ბოლოს გიმთავრდება, რა შემოთავაზებები გაქვს?
- არის რაღაცეები შემოთავაზებები, ბევრი
ვარიანტია, რუსეთიც იყო. მენეჯერი მყავს და ის მუშაობს ამ საკითხზე, უფრო
ევროპის ვარიანტზე, იყო სხვადასხვა წინადადებებიც, მაგრამ ახლა ამაზე
საუბარი ნაადრევად მიმაჩნია.
- ბოლო პერიოდში „დინამოს" მფლობელის ირგვლივ
აჟოტაჟია ატეხილი, ფეხბურთელებს რამდენად შეგეხოთ ეს ამბავი და თუ აპირებთ
საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას?
- ეგ საერთოდ ჩემი საქმე არ არის, მაგაზე
კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემზე არ მოქმედებს, ჩვენს ხელმძღვანელობაში
ვინც არიან, მათ უნდა აღელვებდეთ ეგ. თავად უნდა გაარკვიონ. ჟორდანიამ
გააკეთა განცხადება, ჩემია „დინამოო", საქმით არაფერი კეთდება ჯერ.
ყველაფერი წესრიგშია და როგორც აქამდე იყო, ისე გრძელდება.
- ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიამ თქვენც გამოგიძახათ, მის მოსვლას როგორ აფასებთ და გაამართლეთ თუ არა მისი ნდობა?
- რა უნდა ვთქვა, ორი-სამი დღე ვიყავი
თემურისთან. დადებითად ვაფასებ. რაც ამ დღეებში დავინახე, ისაა, რომ
მთავარია ფეხბურთელი კარგად თამაშობდეს, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს
ჩემპიონატში იქნება ეს თუ გერმანიასა და იტალიაში. მთავარია, საჭირო იყო
გუნდისთვის და აუცილებლად გამოგიძახებს.
მაგდა კლდიაშვილი www.goli.ge
|