გიორგი მერებაშვილი თბილისის "დინამოდან" სერბულ
"ვოივოდინაში" ზამთრის სატრანსფერო სეზონში გადავიდა. რამდენიმე შეხვედრა
ჩაატარა, ერთი გოლიც გაიტანა, "ჩუკარიკჩისთან" შეხვედრაში პენალტით და ორი
საგოლე მომენტიც შექმნა. მისი გადასვლის შემდეგ, "ვოივოდინას" მწვრთნელი
შეეცვალა, გუნდს სათავეში მილან დურიჩიჩი ჩაუდგა.
თასის ნახევარფინალში "ვოივოდინა" "პარტიზანს" დაუპირისპირდა და 1:3
დაამარცხა. 5 მაისს, ფინალში მერებაშვილის გუნდის მეტოქე "ცრვენა ზვეზდა"
იქნება.
თავად ფეხბურთელი "პარტიზანთან" შეხვედრას ასე აფასებს:
"პარტიზანი" ერთ-ერთი ლიდერია ჩემპიონატში "ცრვენა ზვეზდასთან" ერთად და
ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის.
ჩემპიონატში წავაგეთ მათთან 2:1 და შევისწავლეთ მათი ტაქტიკა.
ნახევარფინალში დაცვითი ფეხბურთი ვეთამაშეთ. ისინი ძირითადად ტექნიკურ
ფეხბურთს თამაშობენ, ამიტომ კონტრშეტევაზე ავაგეთ შეხვედრა. 37-ე წუთზე
სწორედ ერთ–ერთ კონტრშეტევაზე დავიჭირეთ მეტოქე და პირველი გოლიც
გავუტანეთ. დრაგან რჯამ თავით შეაგდო. შემდეგ ერთი მომენტი გამოგვეპარა
და მეტოქემ ეფექტური გოლი გაგვიტანა.
მეორე ტაიმში ტაქტიკა არ შეცვლილა, ისევ კონტრშეტევები გავაგრძელეთ,
რადგან "პარტიზანთან" გახსნილი ფეხბურთის თამაში სარისკოა. 48-ე წუთზე
დუბლი შეასრულა რჯამ, რაც მოწინააღმდეგისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა.
ფეხბურთელები ჩქარობდნენ, რომ გოლი გაეტანათ. ერთი თამაშია თასზე და ეს
ახდენდა გავლენას. დაახლოებით 10 წუთში ისევ კონტრშეტევაზე დავიჭირეთ
ისინი. ფლანგზე მიიღო ნედოევიჩმა ბურთი, უკან დაუგორა მარიოს, რომელმაც 22
მეტრიდან შორეულ კუთხეში, თითქმის ცხრიანში გაიტანა მესამე გოლი.
მთელი თამაში ისე ჩავუკეტეთ მეტოქეს, რომ მხოლოდ 2 მომენტი შექმნეს.
ჩვენმა მეკარემაც ძალიან კარგად ითამაშა, რამდენიმე მკვდარი ბურთიც აიღო.
თანაბარი თამაში იყო, მაგრამ მომენტები ჩვენ გამოვიყენეთ და გავიმარჯვეთ
კიდეც".
ქართველმა ფეხბურთელმა ნახევარფინალურ შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა,
რადგან დურიჩიჩმა დაცვით ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი.
"მწვრთნელი მენდობა, ვუყვარვარ და პატივს მცემს. მითხრა, რომ ამ მატჩზე
დაცვითი ტაქტიკა უნდა აერჩია და ამიტომ არ მაყენებდა ძირითად
შემადგენლობაში. ეს იყო მიზეზი, რომ ამ პრინციპულ შეხვედრაში არ მომიწია
თამაში. ნაწყენი ვიყავი, მაგრამ მწვრთნელმა გამომიკეთა ხასიათი, ისე
მელაპარაკა", – აღნიშნა მერებაშვილმა.
ქართველ ფეხბურთელს სერბეთში ადაპტაცია გაუჭირდა, ჯერ კიდევ შეჩვევის
პროცესშია, რასაც ქართული და სერბული ფეხბურთის განსხვავებით ხსნის:
"გუნდთან გამიჭირდა შეგუება, განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, "დინამოსთან"
შედარებით. ფეხბურთელებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ძირითადად,
ფეხბურთის სტილია განსხვავებული. იმედია, მალე გადავლახავ ამ დაბრკოლებას.
დურიჩიჩმა მითხრა, რომ 20 წელია შენსავით ძლიერი ფეხბურთელი არ მყოლია,
კარგი ფეხბურთელი ხარ და უფრო კარგი ფეხბურთი უნდა ითამაშოო. მთავარია,
შევეგუო გუნდს და მოვინდომო.
ბედნიერი ვარ, რომ ყველა ადამიანისგან, ფანისგან დიდ სითბოს და
მხარდაჭერას ვგრძნობ".
გიორგი მერებაშვილმა ქართველი და სერბი ფეხბურთელების შედარებაც
გააკეთა: "ბევრ მწვრთნელთან მქონია შეხება და ყველა ამას ამბობდა, რომ
ქართველ ფეხბურთელებს დისციპლინა და ბრძოლა გვაკლია მოედანზე. აქ თუ აგებს
გუნდი, ფარ-ხმალს არ ყრის, ბოლო წამებზე შეუძლიათ ფეხბურთელებს თამაშის
შემობრუნება და გოლის გატანა.
სერბეთიდან იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში მიდიან ფეხბურთელები,
თუმცა ქართველები ბევრად უკეთესები არიან. ვუყურე თასის ნახევარფინალის –
"დინამო" "სპარტაკის" თამაშს და შედარება გავაკეთე, სერბებისგან
განსხვავებით, ტექნიკურ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ ბრძოლისუნარიანობით
ჩამოვრჩებით.
ფეხბურთელისგან ისიც გავიგეთ, რომ თითქმის ყველა მატჩზე სტადიონზე
3000–დან 4000 –მდე გულშემატკივარი მიდის, "პარტიზანისა" და "ცრვენა
ზვეზდას" მატჩებზე კი მათი რიცხვი 10 ათასსაც აღწევს.
თემურ ქეცბაიას ნაკრებში მოსვლას ქართველი ფეხბურთელი დადებითად
აფასებს და აღნიშნავს, რომ სწორედ დისციპლინა და ბრძოლისუნარიანობაა
მწვრთნელის მთავარი მოთხოვნა ფეხბურთელების მიმართ.
"პირველად მომიწია მასთან მუშაობა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. როგორც
ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯებოდა მოედანზე და მწვრთნელის რანგშიც დიდ
წარმატებას მიაღწია. ვფიქრობ, ნაკრებში ყველაფერი დალაგდება", – დასძინა
მერებაშვილმა.
სერბეთის თასის ფინალში "ვოივოდინას" "ცრვენა ზვეზდა"
დაუპირისპირდება. გახსოვთ ალბათ, 2009 წლის 30 ივლისს, თბილისის
"დინამომ” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო
ეტაპზე "ცრვენა ზვეზდა" 2:0 დაამარცხა.
ანგარიში კი 41-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა
გახსნა. გუნდის წინააღმდეგ თამაში ქართველ ფეხბურთელს
სერბეთის ჩემპიონატშიც მოუწია, მაგრამ ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
"როცა "ცრვენა ზვეზდასთან" შეხვედრაში შევდიოდი მინდორზე, ისეთი გრძნობა
მქონდა, ენით ვერ აღვწერ... ვფიქრობდი, რომ შარშან "დინამოსთან" ერთად
უნდა მეთამაშა ამ გუნდის წინააღმდეგ, ახლა კი სულ სხვა სიტუაციაში მიწევდა
თამაში.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "ცრვენა ზვეზდას" კაპიტანმა ნიკოლა
ლაზეტიჩმა კომენტარში აღნიშნა, როცა ჩემზე კითხეს, თბილისში ვნახე
მერებაშვილის თამაში და აქ რომ ეთამაშა განმეორებით შეხვედრაში ჩვენს
წინააღმდეგ, "დინამო" უკეთესად ითამაშებდა და ჩვენ ვერ გავიდოდით შემდეგ
ეტაპზეო. აქ "ცრვენა ზვეზდა" ძალიან უყვართ. როცა ასეთი გამოცდილი
ფეხბურთელი გაქებს, ჩემთვის დამატებითი სტიმულია.
იმედია, თასის ფინალში მომიწევს ძირითადში ყოფნა. ძალიან მინდა გოლი
გავიტანო და სერბეთის თასი მაღლა ავწიო. "ვოივოდინას" არასდროს მოუგია თასი
და მთელი გუნდი კონცრენტრირებულნი ვართ ამ შეხვედრაზე", – აღნიშნა
ფეხბურთელმა.
ხვალ "ვოივოდინა" ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩს ზლატიბორის
"სპარტაკთან" გამართავს.
მირანდა სურმანიძე www.goli.ge
|