ვასილ
გიგიაძემ უკრაინის ჩემპიონატში 200 მატჩი ჩაატარა. საიუბილეო მე–200
შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელმა "ჩერნომორეცთან" გამართა. აღნიშნულ მატჩში
გიგიაძემ მხოლოდ 4 წუთი ითამაშა. ერთ–ერთ უკრინულ გაზეთთან საუბრისას
ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა: " 200 შეხვედრა ჩავატარე უკრაინის
ჩემპიონატში, მაგრამ მოედანზე გატარებულმა მხოლოდ 4–მა წუთმა ის ემოცია
ვერ მომიტანა, რასაც ამ დროს განიცდიან ხოლმე. თუმცა ფეხბურთელის მოედანზე
გაყვანა–არგაყვანის საკითხი მწვრთნელების გადასაწყვეტია".
საუბრისას
გიგიაძემ სიმფეროპოლის "ტავრიაში" ჩატარებული პირველი შეხვედრაც გაიხსენა
"ვიორსკლას" წინააღმდეგ გამართული, რომელიც ფრედ 0–0 დასრულდა. ასევე
მე–100 მატჩიც, რომელიც თავდამსხმელმა "კრივბასის" შემადგენლობაში
ჩაატარა, ამჯერად "ტავრიას" წინააღმდეგ. "იმ შეხვედრაში საგოლე პასიც
ჩავაწოდე და ყვითელი ბარათიც მივიღე", – იხსენებს გიგიაძე.
"პენალტების საუკეთესო შემსრულებელი ხართ, რამე საიდუმლო ხერხი ხომ არ
იცით, რითაც მეკარეების სუსტ წერტილს სათქვენოდ იყენებთ", – დაინტერესდა
უკრაინელი ჟურნალისტი. რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: " კი, მე ყოველთვის
დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში. თუმცა მქონდა ცუდი მომენტებიც...
"ჩერნომორეცთან" ვიტალი რუდენკო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. რაც
მთავარია, მსგავსი ფაქტები ჩემზე გავლენას არ ახდენს, საკუთარი
შესაძლებლობების 100 %–ით მჯერა!"
ქართველი ფეხბურთელი ყველაზე ეფექტურად "დინამოსთან" გატანილ გოლს მიიჩნევს. იმ შეხვედრაში "ტავრიამ" 3:2 იმარჯვა.
უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი თავდამსხმელის სამომავლო გეგმებითაც
დაინტერესდა. კითხვაზე ხომ არ აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
სიმფეროპოლში დარჩენას, ქართველმა ფეხბურთელმა ასე უპასუხა: "აქ თავს ისე
ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ ჩემი ნამდვილი სახლი საქართველოა.
32 წლის ვარ და ისევ ვაპირებ თამაშს. სამწუხაროდ, ნაკრებში თამაშზე უარის
თქმა მომიხდა, რათა კონცენტრირება კლუბზე მომეხდინა".
უახლოესი შეხვედრა "ტავრიას" გიგიაძის ყოფილ გუნდთან "კრივბასთან" აქვს. თავდამსხმელი ფიქრობს, რომ საინტერესო დუელი შედგება.
ვასილ გიგიაძეს "ტავრიასთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.
|