უკვე გაცნობეთ, რომ კამერუნთან 25 მაისის ამხანაგური მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრის ორგანიზება ვერ
მოხერხდა. მერე იყო საქართველოში "ინტერ ამერიკა სპორტის" წარმომადგენლის
ნიკო პატარქალიშვილი წინადადება ფეხბურთის ფედერაციისადმი - პირობა კიდევ
ერთი ამხანაგური მატჩის ორგანიზებაზე. პატარქალიშვილმა ფედერაციას
ვენესუელის, პერუს, ბოლივიის, კანადის, კოსტა რიკის ან ჰონდურასის
(მუნდიალის მონაწილე) თბილისში ჩამოყვანა შესთავაზა...
შეთავაზება ერთია, მაგრამ ახლა ვნახოთ, როგორია ჩვენი ნაკრების გეგმები.
თემურ ქეცბაია გუნდს 18 მაისს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში შეკრებს და
კამერუნთან მატჩისთვის მზადებას შეუდგება. მუნდიალის მონაწილე აფრიკულ
ნაკრებთან სპარინგი 25 მაისს, ავსტრიისავე ქალაქ ლინცშია დანიშნული. და რა
გამოდის? ამ თამაშის შემდეგ ნაკრები თბილისში უნდა დაბრუნდეს და 4-6 დღის
შემდეგ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართოს? რა თქმა უნდა, ყველაფერი
ნაკრების თავკაცის გადასაწყვეტია და მის კომპეტენციაში ჩარევას არც
ვაპირებთ, მაგრამ... ამგვარი ჩანაფიქრი კარგ სამწვრთნელო გეგმას ნაკლებად
ჰგავს. ეს გეგმა კი ასეთი იყო - 18-დან 25 მაისამდე ეროვნული გუნდი
ავსტრიაში მოემზადებოდა, პოლ ლე გენის კამერუნთან მატჩის შემდეგ (29 მაისი)
კი იქვე, ავსტრიაში, საუდის არაბეთთან გამართავდა მეორე ტესტშეხვედრას.
ანუ იდეის არსი გახლდათ ის, რომ ორ ამხანაგურ მატჩს შორის ნაკრებს
მგზავრობის აუცილებლობა არ ჰქონოდა.
მოკლედ, საეჭვოა, ქეცბაია მეორე საკონტროლო შეხვედრის თბილისში ჩატარებას
დათანხმდეს. ეტყობა, ამაზე "ინტერ ამერიკა სპორტის" წარმომადგენელმაც
იფიქრა და შეთავაზებაში კორექტივი შეიტანა. აი, რას ამბობს პატარქალიშვილი:
"თუ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის სურვილი და ფედერაციის
ხელმძღვანელთა ინტერესი იქნება, სრულიად შესაძლებელია, რომ ვენესუელის,
პერუს, ბოლივიის, კანადის, კოსტა რიკისა ან ჰონდურასის ნაკრები ავსტრიაში
ჩავიყვანოთ და იქ გაიმართოს ამხანაგური მატჩი. თუ ეს ვარიანტი ქეცბაიას
გეგმას შეესაბამება და მისი თანხმობა იქნება, მაშინ მზად ვარ, ამაზე
მუშაობა დავიწყო".
გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ პატარქალიშვილის პროექტია თბილისში პელეს
ჩამოყვანა და საერთაშორისო ტურნირის (2-6 ოქტომბერი) ორგანიზება ბრაზილიის,
არგენტინის, ურუგვაის 20-წლამდელთა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების
მონაწილეობით. ამ ტურნირის ჩატარება ეროვნულ სტადიონზეა ჩაფიქრებული,
მაგრამ კორექტივს ვერც ეს პროექტი ასცდა. პატარქალიშვილი გუშინ ქვეყნის
მთავარი არენის ხელმძღვანელობას შეხვდა:
"ეროვნული სტადიონის დირექტორ სანდრო შახოვთან საუბრით კმაყოფილი ვარ.
საერთაშორისო ტურნირისთვის ეროვნული სტადიონის დაჯავშნა 2, 4 და 6
ოქტომბრისთვის გვინდოდა, მაგრამ პატარა პრობლემა შეიქმნა. საქმე ისაა, რომ 8
ოქტომბერს ჩვენი ეროვნული გუნდი მალტის ნაკრებთან საშინაო შესარჩევ მატჩს
გამართავს. ეს თამაში ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. საკვალიფიკაციო
მატჩისთვის სტადიონის მოსამზადებლად არენის დირექციასა 4-5 დღე მაინც
სჭირდება. შესაბამისად, ადრე ნავარაუდევი 2-6 ოქტომბერი გამოირიცხა. თუმცა
შეთანხმებას მაინც მივაღწიეთ - ეროვნული სტადიონი 12-17 ოქტომბრისთვის
დავიბევეთ", - გვითხრა პატარქალიშვილმა.