ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » აგვისტო » 2 » ანანიძემ ვერ გაიბრწყინა, სალუქვაძე ყველაზე უიღბლოა
01:01 ანანიძემ ვერ გაიბრწყინა, სალუქვაძე ყველაზე უიღბლოა |
ახალი სეზონი ოფიციალურად ევროპის სულ რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო, თუმცა
ქართველ ლეგიონერებზე მოსაყოლი მაინც გვაქვს. ეს უპირველესად, პოსტსაბჭოურ
სივრცეში მოასპარეზე ჩვენებურებზე ითქმის. გასულ უქმეებზე ოფიციალურ
მატჩებში ქართული გოლი არსად გასულა, თუმცა რამდენიმე ჩვენებურმა თავისი
გუნდის წარმატებაში მაინც შეძლო საკუთარი წვლილის შეტანა.
რუსეთში
ჩემპიონატი როგორც იცით, გაზაფხული-შემოდგომის სისტემით მიმდინარეობს და
ამიტომაც სულ მალე იქაური პრემიერლიგა გადამწყვეტ ფასაში შევა. გასული ტური
რუსეთში ოთხ დღეზე გაიწელა. პარასკევს რამენსკოეს "სატურნმა" შინ "ანჟის"
1:0 მოუგო, ხოლო ნალჩიკის "სპარტაკმა" ასევე საკუთარ კედლებში 2:1
დაამარცხა პერმის "ამკარი".
ნუკრი რევიშვილმა, რომელიც ბოლო ტურებში
შეუცვლელად იცავდა "ანჟის" კარს, ამჯერად სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა
და მახაჩყალელთა თავკაცმა გაჯი გაჯიევმა ძირითად შემადგენლობაში მის
ნაცვლად აბაევი გაამწესა. სამაგიეროდ, ქართველთაგან სასტარტოში ითამაშეს
დავით კვირკველიამ და გიორგი ილურიძემ. კვირკველიამ, რომელმაც
"სპორტ-ექსპრესისგან" 5-იანი მიიღო, მოედანზე 90 წუთი დაჰყო, ილურიძე კი
პირველი ტაიმის დასრულებისთანავე შეცვალეს. ისიც 5-იანით შეაფასეს. ზურაბ
არზიანი თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო და შესაბამისად, შეფასების გარეშე
დარჩა.
ნალჩიკელებმა კი გათამაშების ცხრილში მეოთხე პოზიცია
გაიმყარეს. მართალია, ქართველები "სპარტაკს" გოლებით ამჯერად ვეღარ
შეეშველნენ, მაგრამ გუნდის გამარჯვებაში მათაც დიდი წვლილი შეიტანეს.
გოგიტა გოგუამ და დავით სირაძემ სრულად ითამაშეს. პირველი მათგანის თამაში
"სპორტ-ექსპრესმა" 5.5-ით შეაფასა, მეორისა კი - 6-ით.
შაბათს
რუსეთის მოქმედ ჩემპიონ "რუბინისთვის" სანკტ-პეტერბურგში ვოიაჟი
წარუმატებელი გამოდგა, ლაშა სალუქვაძისთვის კი - კიდევ უფრო უიღბლო.
ქართველი მცველი მატჩის პირველივე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.
შაბათსვე ჩრდილოკავკასიურ დერბიში გროზნოს "ტერეკმა" ვლადიკავკაზის
"ალანიას" უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ჩეჩნური გუნდის წარმატებაში
ლევან გვაზავას განსაკუთრებული როლი არ უთამაშია, იგი მოედანზე 84-ე
წუთიდან გამოჩნდა.
გუშინდელი დღე ქართველებისთვის წარუმატებელი
გამოდგა. ტურის ცენტრალური მატჩი მოსკოვური დერბი იყო, სადაც "სპარტაკი"
ცსკა-სთან 1:1 დამარცხდა. 72-ე წუთზე არმიელთა მცველმა ვასილი ბერეზუცკიმ
ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ "სახალხო გუნდმა" მოპოვებული უპირატესობის
შენარჩუნება ვერ შეძლო და ცსკა-მ სერგეი იგნაშევიჩისა და არენდიდან სულ
ახლახანს დაბრუნებული ბრაზილიელი ვაგნერ ლავის გოლებით მოიგო. ჯანო
ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა. ცსკა-მ ამ გამარჯვებით "რუბინს" მეორე
საფეხური წაართვა. მოსკოვის "ლოკომოტივი" საკუთარ მოედანზე "როსტოვთან"
დამარცხდა - 0:1. ამ მატჩს მალხაზ ასათიანმა თავიდან ბოლომდე სათადარიგოთა
სკამიდან უყურა.
გადავინაცვლოთ უკრაინაში, სადაც უკვე მეოთხე ტური
მიილია. პარასკევს დონეცკის "შახტიორმა" სტუმრად 3:1 სძლია კიევის
"არსენალს". თორნიკე ოქრიაშვილი დონეცკელთა განაცხადში არ გამოჩენილა.
პარასკევსვე
პოლტავის "ვორსკლასა" და სიმფეროპოლის "ტავრიას" მატჩში, რომელიც უგოლო
ფრით დასრულდა, ითამაშა ვასილ გიგიაძემ. ვეტერანი ქართველი ფორვარდი
"ტავრიას" სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს და შესვენებისას შეცვალეს. "კრივბასთან"
გასვლით შეხვედრაში, რომელიც "ილიჩევეცმა" 0:1 წააგო, სტუმართა რიგებში არ
გამოჩენილა გიორგი გაბედავა. ასევე არ ათამაშეს ლვოვის "კარპატის"
ქართველი სანდრო გურული. "ზესტაფონის" მეტოქე გასვლაზე ლუგანსკის "ზარიას"
დაუზავდა - 2:2.
სამაგიეროდ, თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში
მყარად დამკვიდრდა უჩა ლობჟანიძე. დნეპროპეტროვსკის "დნეპრმა" შინ
"ობოლონი" 3:0 გაანადგურა, ახალგაზრდა ქართველმა მცველმა კი "დნეპრის"
დაცვის მარჯვენა ფლანგზე სრულად ითამაშა. ლობჟანიძესა და მის
თანაგუნდელებს უკრაინული პრემიერლიგის საწყის ოთხ ტურში ქულათა მაქსიმუმი
აქვთ მოგროვილი და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ.
"ლელო"
|
ნანახია: 858 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|