ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 8 » ზვიად სიჭინავა: "მონიკა ბელუჩი ვარ, რეკლამა რომ გავიკეთო?"
13:33 ზვიად სიჭინავა: "მონიკა ბელუჩი ვარ, რეკლამა რომ გავიკეთო?" |
2009 წელს ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. პირველ
ყრილობას "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია არ დაესწრო, კომედიაში
მონაწილეობას არ მივიღებო.
2010 წლის 22 იანვარს ზვიად სიჭინავა
ფედერაციის პრეზიდენტად ოთხწლიანი ვადით აირჩიეს. კოკაია არც ამ ყრილობას
დაესწრო - მიზეზად უცხოეთში ყოფნა დაასახელეს. ხორვატი ფეხბურთელის, ივან
გრუიცას გამო ფედერაციასა და "ზესტაფონს" შორის დაპირისპირება მოხდა.
მოკლედ,
სიჭინავასა და კოკაიას შორის სულ რაღაც ხდებოდა, მაგრამ ორშაბათს დავით
მინაშვილის გადაცემა "არენაში" დაპირისპირებამ, რომ იტყვიან, ზედაპირზე
ამოხეთქა, შემდგომ კი ეს თემა "მსოფლიო სპორტის" გვერდებზე კოკაიამ კიდევ
უფრო განავრცო.
ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მედია სწორედ მის ბრალდებეზე საპასუხოდ შეკრიბა.
ზვიად
სიჭინავა:"კოკაიას ინტერვიუში მრავალი უზუსტობა და დაუსაბუთებელი
ბრალდებაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ ვალდებულია
განმარტოს ყველა სადავო საკითხი, რათა მედია და გულშემატკივარი შეცდომაში
არ შევიდეს.
რა თქმა უნდა, ნაკრების წარმატებები თემურ ქეცბაიასა და
ფეხბურთელების დამსახურებაა, მაგრამ კოკაიასთან ინტერვიუში ისე გამოჩნდა,
თითქოს ფედერაცია არაფერს აკეთებს. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, რათა
ნაკრებს არ შეექმნას ისეთივე პრობლემები, როგორიც ფედერაციის წინა
ხელმძღვანელობის დროს იყო.
ითქვა, თითქოს ახალმა ხელმძღვანელობამ
ფედერაცია 100 ათას ევროზე მეტით აზარალა. კოკაიამ მართლაც შემახვედრა
"ტაოპრივატბანკის" დირექტორს, მას შემდეგ თანხა ორჯერ გადავიხადეთ, მაგრამ
19 დეკემბერს ჩვენი ანგარიშები დააყადაღეს. საქმე სასამართლოს გადაეცა და
ის გაარკვევს, ვინ რა იზარალა და ვინ რას დაკარგავს.
მეც ბევრი რამ
მაინტერესებს, მაგალითად, რატომ იყო დაინტერესებული კლუბის პრეზიდენტი
"ტაობანკსა" და ფედერაციას შორის მოლაპარაკებით? თანაც ვალი ერთი წლით იყო
აღებული, თავის დროზე ვერ გაისტუმრეს და ახლა ჩვენი ხელმძღვანელობისას
დროს დაგვაყადაღეს.
...2006-07 წლები ფედერაციისთვის ფინანსურად
ყველაზე მომგებიანი იყო - უზარმაზარი სახელმწიფო დახმარების გარდა,
იტალია-საფრანგეთთან საშინაო შეხვედრებისთვის "ინფრონტმა" სოლიდური თანხები
ჩარიცხა. ამის მიუხედავად, მაინც დიდი ოდენობის კრედიტი გამოიტანეს.
მაინტერესებს, ამ ვალების პროცენტებით ვინ ისარგებლა?
რატომ აქვს
მხოლოდ ერთ კლუბს ფედერაციასთან პრეტენზია და რატომ ლანძღავენ აღმასკომს?
სხვათა შორის, კრედიტის გამოტანაზე აღმასკომის თანხმობა არ არსებობს. ჩემი
თხოვნა, რომ თავიდან 300 ათასის გადახდის უფლება მოეცათ, არ შეისმინეს და
399 ათასი მოითხოვეს. ისიც საინტერესოა, კრედიტის საფასურად ვისი პირადი
ანგარიში იყო გირაოში ჩადებული? კოკაია ამბობს, ასეთი პრეტენზიების შემდეგ
ფედერაციასთან თანამშრომლობას არც ერთი ბანკი არ ისურვებსო. ასეთი კრედიტის
აღებას აღარც ვაპირებთ.
პასუხს ტელევიზიით გვცემს და რეკლამას
იკეთებსო: მონიკა ბელუჩი არ ვარ, რეკლამა რომ გავიკეთო. არ იცოდა, "ვიტ
ჯორჯია"-"ზესტაფონის" თამაშზე რა მოხდაო. ამ საკითხს დღეს სადისციპლინო
კომიტეტი განიხილავს. ტყუილია, "ზესტაფონმა" ოფიციალური წერილი შეიტანაო,
მათ მხოლოდ იმის გარკვევა სურდათ, შემდეგ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება
ვის ჰქონდა და ვის არა.
მაბრალებენ, "დინამოს" ჩემპიონობაში
ეხმარებაო. ეს რომ შემეძლოს, უპირველესად მშობლიური ზუგდიდის გუნდს
მივეხმარებოდი და არა "დინამოს". ჩემპიონი კი ღირსეული გახდება.
პრეზიდენტთან
შეხვედრისას პირველად სწორედ "ზესტაფონი" ვახსენე, კლუბს არც
ვუპირისპირდები, ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მეტ ფეხბურთელს უზრდის და
მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ფედერაციის საქმიანობაზე მცდარი
ინფორმაციის გავრცელებისა და ჩემპიონატის გაქილიკების უფლებასაც არავის
მივცემ.
ლეგიონერის გადასახადი პრაქტიკულად არარსებული პროფლიგის
დებულებაშია დაფიქსირებული და თუ ლიგის დებულებით მეკუთვნის 15 ათასის
გადახდა, ფედერაცია რა შუაშიაო? პროფლიგის საკითხს მაისში სერიოზულად
განვიხილავთ. პრეზიდენტმა ტელერეპორტაჟების აუცილებლობა ახსენა, რაც ლიგის
საქმიანობას გააადვილებს და არა ვალებზე, არამედ შემოსავლების გაზრდაზე
იფიქრებენ.
საინტერესოა, გრუიცა რომ ჩაირიცხა, რამდენჯერ ათამაშეს?
მენთეშაშვილის პრობლემაზე კი კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ. ფედერაციას
კლუბის დახმარება სურდა. ეს ტრანსფერი ჩვენს თანამშრომელ ირაკლი ნაკაიძეს
არანაირად არ ეხებოდა, გულით ეხმარებოდა, რეზო არველაძემ ფიფას
წარმომადგენელ ევა პასკიეს სთხოვა "ზესტაფონის" პრობლემის მოგვარება,
მაგრამ საპასუხოდ რა მივიღეთ?
ფედერაციის მიერ სპორტული არბიტრაჟის
დაფუძნება კანონის დარღვევააო. ამ დროს, არბიტრაჟის დაფუძნებას ხელი
"ზესტაფონის" წარმომადგენელმაც მოაწერა და ფიფას მოთხოვნაც არის, რომ
არბიტრაჟი ფედერაციამ დააფუძნოს.
ახსენა "სოლიდარობის თანხა", რაც
ტრანსფერიდან 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელის აღმზრდელ კლუბს მყიდველმა უნდა
გადაუხადოს. არასდროს მითქვამს, რომ ეს თანხა ფედერაციას ეკუთვნის.
პრეზიდენტის დახმარებით სკოლა-ინტერნატები ჩამოყალიბდება, მაგრამ
"ჯვაროსნების" აკადემიას სახელმწიფომ დაფინანსება რომ შეუწყვიტოს, ქართული
საქმე ყველამ ერთად არ უნდა ვაკეთოთ?
ყველას გავახსენებ, რატომ
შეექმნა პირველი პრობლემა ძველ ფედერაციას: ალენ ჟირესთან კონტრაქტის
გაწყვეტის გამო ფიფამ 108 ათასი დოლარით დაგვაჯარიმა. მაშინ ფედერაციის
სპონსორი "ფერო" იყო და თანხა არ გადაიხადა.
მერე იყო დიდი
სახელმწიფო დახმარება და რატომღაც ასევე დიდი კრედიტები. ვინ დგას ამ
ყველაფრის უკან? ახალკაცი რომ არ წასულიყო, ფედერაცია კლუბებს უეფადან
ჩარიცხულ თანხებს დღემდე ვერ გაუსტუმრებდა. ჩვენ დავალიანება სახელმწიფოს
დახმარებითა და ჩვენი შემოსავლებით დავფარეთ. სესხიც მხოლოდ ერთხელ
გამოვიტანეთ, ისიც "ტაოპრივატის" სესხის დასაფარად. მე ხომ არ დამიწყია
იმის გამოკვლევა, "ზესტაფონის" პრეზიდენტი მართლა "ტაოპრივატბანკის"
ერთ-ერთი დამფუძნებელია თუ არა?
...არ ვიცი, ჩემს წინააღმდეგ რა დაიწყეს. "ტაოსთან" სასამართლო პროცესის გადაფარვა ვიღაცას სიმართლის დასამალად ხომ არ სურს?"
რევაზ
არველაძე (ფედერაციის გენერალური მდივანი): "ფიფას და უეფას რაღაც
სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთანო.
ნეტავ, მათთან რომ გვაქვს, ასეთი კარგი ურთიერთობები სხვებთან გვქონდეს.
"ზესტაფონს" გრუიცას თანხა მართლა არ გადაუხდია, მაგრამ განაცხადში
შეყვანის უფლება მივეცით და არა იმიტომ, რომ შეგვეშინდა, გუნდის და
ფეხბურთელის ინტერესს ვითვალისწინებდით. მენთეშაშვილის საკითხზე კი კლუბები
ვერ თანხმდებიან."
ნარგიზა ჩხიკვაძე (ფედერაციის ბუღალტერი): "2008
წელს უეფადან კლუბების ევროტურნირებში მონაწილეობისთვის ჩარიცხული თანხა
ფედერაციამ კლუბებს ვერ გადაუხადა და "ტაოს" კრედიტი ამის გამო აიღო. ჩემი
აზრით, ბანკი დაინტერესებული იყო, ფედერაციას ვალი დაეგვიანებინა, თანაც
შეთანხმებული 16 პროცენტის ნაცვლად ჯარიმით გათვალისწინებული 32 პროცენტი
რომ გადაეხადა. ხელშეკრულებით დარღვეულია ფედერაციის ინტერესი და ჯარიმის
სახით გადახდილი ზედმეტი თანხის დაბრუნებას ვითხოვთ."
ქეთი
მირიანაშვილი, ფედერაციის ადვოკატი: "როდესაც "ტაომ" ფედერაციის ანგარიში
დააყადაღა, ბანკის მხრიდან სუბიექტური დამოკიდებულება გამოჩნდა. ჩვენი
შეფასებით, ხელშეკრულებაც დარღვევებით არის შედგენილი და კითხვებს ბადებს.
სესხი იყო 300 ათასი ევრო, 350 ათასი უნდა გადაგვეხადა და რეალურად 430
ათასი გადავუხადეთ.
ჩვენ ხელშეკრულების ბათილად ცნობას, აგრეთვე
საჯარიმო სახით ბანკისთვის სასარგებლოდ დარიცხული და სააღსრულებო
სამსახურისთვის გადახდილი თანხების დაბრუნებას ვითხოვთ. გაუგებარი იყო, ვის
რაში დასჭირდა ყადაღის დადებით აჟიოტაჟის ატეხვა, როდესაც ეს წლის
დასაწყისში იყო შესაძლებელი. წლის ბოლოს თანხა, რომელსაც ორგანიზაცია ვერ
აითვისებს, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოიჭრება და ეს იყო სწორედ
გასაოცარი, რაში აწყობს ბანკს ჩვენი ანგარიშიდან თანხის მოჭრა და
ფედერაციისთვის პრობლემის შექმნა? - იმედია, ამ კითხვებს პასუხი
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაეცემა."
|
ნანახია: 1059 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|