"ზესტაფონი" უკვე ესპანეთშია, სადაც სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადების
მთავარ ეტაპს შეუდგა. საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერებმა
ქალაქ ესტეპონამდე საკმაოდ გრძელი გზა გაიარეს - თბილისიდან ჯერ მიუნხენში
ჩაფრინდნენ, ხოლო შემდეგ ბარსელონის გავლით მალაგაში გადაფრინდნენ,
საიდანაც დანიშნულების ადგილზე ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ
ჩავიდნენ.
ბარსელონაში "ზესტაფონის" წევრებს ექვსსაათიანი
"ფანჯარა" ჰქონდათ და დრო უქმად არ დაუკარგავთ - ულამაზესი ქალაქიც
მოინახულეს და განუმეორებელ "კამპ ნოუსაც" ეწვივნენ.
ესტეპონაში
ქართველები სასტუმრო "ესტეპონა პალასში" დაბინავდნენ. იქვე არიან
შვეიცარიული "სიონი" და მიმდინარე ევროპის ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი
აღმოჩენა - პოლონური "ლეხი". "ზესტაფონმა" პირველი ესპანური ვარჯიში გუშინ
ჩაატარა.
შეგახსენებთ, ფეროელები პირენეებზე 24 ფეხბურთელით გაემგზავრნენ, რომელთა შორისაა გუნდის ხორვატი ახალწვეული გორან გრუიცა.
2-8
თებერვალს "ზესტაფონი" "მარბელას თასზე" იასპარეზებს და პოტენციურ
მეტოქეებად ისეთი ძლიერი კლუბები ეყოლება, როგორებიც სანკტ-პეტერბურგის
"ზენიტი", კიევის "დინამო", დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" და პრაღის "სპარტა"
არიან.
|