არნემის "ვიტესში" მერაბ ჟორდანიას მისვლის შემდეგ კლუბში მესამე ქართველიც მიიწვიეს - გიორგი ჭანტურიასა და გურამ კაშიას შემდეგ არნემში გიორგი დიასამიძეც ჩავიდა.
როგორც ჰოლანდიური კლუბის ქართველებისგან შევიტყვეთ, დიასამიძე "ვიტესში" სინჯებზე მიიწვიეს და მეოთხე დღეა, არნემში ვარჯიშობს. დიასამიძე საქართველის 19-წლამდელთა ნაკრებისა და პორტუგალიის რეგიონალლიგის კლუბ "ესპერანსას" ნახევარმცველია. მას ნაკრებში გელა შეყილაძეც იწვევდა და ახლა ვლადიმერ გუცაევმაც მიაქცია ყურადღება. ეს უკანასკნელი გიორგის ენდობა და ყველა საკონტროლო შეხვედრაში მიიწვია, მათ შორის აგვისტოში ბელარუსში გამართულ ამხანაგურ მატჩებშიც. ახლა კი პორტუგალიაში გასამართ ჯგუფურ ტურნირზეც მიჰყავს.
თავის დროზე, დიასამიძეს კლუბში მოწყობაში "არველაძეების ფონდი" ეხმარებოდა. 2006 წელს გიორგი გასინჯვაზე ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდში მიიწვიეს, 2007 წელს ლისაბონის "ბენფიკაში", 2008 წელს კი ფონდმა ლისაბონის "სპორტინგში" მიავლინა.
საბოლოოდ, ცნობილ ევროპულ კლუბებში ჩარიცხვის იმედი არ ახდა და 17 წლის ნახევარმცველი პორტუგალიის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ "ესპერანსაში" ჩაირიცხა და ზაფხულამდე იქ თამაშობდა.
მერაბ მამულაშვილი
|