ჩვენი ნაკრები ლატვიასთან დადებითი ბალანსით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და ამიტომ, რიგაში მოგებისა ბევრს არც სჯეროდა, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრები მებრძოლი გუნდია. ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიასთან საუბარი სწორედ ლატვიური მატჩით დავიწყეთ....
- საუბარი ლატვიაში ჩატარებული მატჩით დავიწყოთ. როგორ აფასებთ ამ შეხვედრას?
- მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მსვლელობისას წვიმდა და ქარი ქროდა, რამაც გუნდების თამაშზე გარკვეული გავლენა იქონია, საინტერესო, დაძაბული მატჩი იყო. ჩვენი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. მათ ამჯერადაც მაქსიმუმი გაიღეს მოგებისთვის, მაგრამ... საგოლე მომენტები შევქმენით, მეორე ტაიმში ბურთიც გავიტანეთ და თამაშს ვიგებდით, მაგრამ ეს უპირატესობა მატჩის ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ. რათა თქმა უნდა, 91-ე წუთზე გოლის გაშვება გულდასაწყვეტია. სამწუხაროდ ასე მოხდა: როგორც ჩვენ დავსაჯეთ მალტა 91-ე წუთზე გატანილი გოლით, ასევე დავისაჯეთ ლატვიაში. დასანანია, ჩვენმა გუნდმა კონცენტრაცია დაკარგა და გოლიც ამიტომ მივიღეთ. თუმცა ეს უკვე წარსულია და ვერაფერს შევცვლით. ახლა მთავარია მომდევნო მატჩებზე ვიფიქროთ.
- გუნდმა რიგაში უკეთ ითამაშა, ვიდრე თბილისში მალტასთან. როგორ შეძელით გუნდის გამოცოცხლება?
- ორივე მატჩი წვიმაში ჩატარდა, რამაც ფეხბურთელებისგან დიდი ენერგია მოითხოვა. რიგაშიც წვიმდა, მაგრამ მოედანი კარგ მდგომარეობაში იყო. ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ლატვიაა სწორედ კარგი მოედანი გვინდოდა. ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც ბურთის გაგორება და ტექნიკურად თამაში იციან.
- მალტელების წინააღმდეგ გოგიტა გოგუა ერთ-ერთი გამორჩეულთაგანი იყო. საერთოდაც, ნალჩიკის "სპარტაკის" ეს ნახევარმცველი ნაკრებში კარგად თამაშობს. შესაბამისად, ბევრს გაუკვირდა, როცა ლატვიასთან მატჩში, ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ. ზოგმა ისიც კი თქვა, გოგუამ ერთი გაფრთხილებაც რომ მიიღოს მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევს. ნაკრების თავკაცი ამას მოერიდა და ამიტომაც შეცვლაზე შეიყვანაო...
- წინა შეხვედრისგან განსხვავებით, რიგის მატჩის სასტარტოში სხვა ფეხბურთელებიც არ იყვნენ. ასე რომ, გოგუას შეცვლაზე შეყვანა ჩვენი, მწვრთნელების გადაწყვეტილება იყო და სხვა არაფერი.
- რიგაში შესარჩევის წლევანდელი მატჩები დავასრულეთ. 4 თამაშში 6 ქულა გვაქვს. საინტერესოა, ნაკრების თავკაცი რამდენად კმაყოფილია გუნდის მონაგარით...
- ალბათ, ყველას კარგად ახსოვს რა შედეგები ჰქონდა ჩვენს ნაკრებს წინა შესარჩევ ციკლებში. ამის გათვლისწინებით, მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა საწყის 4 მატჩში 6 ქულას აიღებო, კმაყოფილი ვიქნებოდი. თუმცა, ჩატარებულმა ოთხმა ტურმა დაგვანახა, რომ მეტი ქულის დაგროვებაც შეგვეძლო. თუნდაც ისრაელთან და ლატვიასთან… ორივე თამაშის მოგება შეიძლებოდა. ასე რომ, უფრო მეტ ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ ფაქტია 6 ქულა გვაქვს და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.
- ესტონეთთან თქვენი ნაკრების პირველი მატჩი და ლატვიაში სამშაბათის თამაში შევადაროთ. რა დახვეწა გუნდმა და კიდევ რაზე გვაქვს სამუშაო?
- მიხარია, რომ ჩვენი მუშაობის ნაყოფი ჩანს. თუმცა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. არც იმით უნდა დავიმშვიდოთ გული, რომ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს. სასწავლი კიდევ ბევრია. ფაქტია, ამ გუნდს უკეთ შეუძლია თამაში და მომდევნო მატჩებში სწორედ უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ფეხბურთელები ყველა მატჩში მონდომებულები არიან და ბოლომდე იბრძვიან სასურველი შედეგის მისაღწევად. თითოეული ფეხბურთელი ყველანაირად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს გუნდის წარმატებაში. კარგ შედეგებს სწორედ ეს მონდომება, განაპირობებს. იღბალიც აუცილებელია, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის არ გაგიმართლებს. ამიტომ, ყველა თამაშში ბოლომდე კონცენტრირებული უნდა ვიყოთ.
- ზოგი ამბობს, ქეცბაიას ნაკრებს "მეორე გუნდის" როლში თამაში უფრო კარგად გამოსდისო. იმედოვნებენ, რომ ჩვენი ეროვნული "პირველ გუნდის" როლსაც მალე მოირგებს...
- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ლატვიაში "მეორე გუნდის" როლში ვიყავით. პირიქით, თამაში ჩვენ მიგვყავდა, მეტოქე დავჯაბნეთ, მასზე მეტი და მწვავე მომენტი შევქმენით. უბრალოდ, მატჩის მიწურულს კონცენტრაცია ვერ შევინარუნეთ, რაც ძვირად დაგვიჯდა და ორი ქულა სწორედ ამის გამო დავკარგეთ.
- 17 ნოემბერს სლოვენიასთან სტუმრად გვექნება ამხანაგური მატჩი...
- სლოვენიაში საგრძნობლად შეცვლილი შემადგენლობით ვითამაშებთ. ვინც ბოლო მატჩებში ითამაშა, მათგან ბევრი არ გვეყოლება. მინდა ის ფეხბურთელები ვნახო საქმეში, ჩვენი ნაკრების გაფართოებულ სიაში რომ არიან. ლეგიონერებიც და საქართელოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებიც. მათ შორის ბევრი ახალგარდაა. მინდა ამ მოთამაშეებზე მეტო წარმოდგენა მქონდეს. ახლა მათ მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი.
- ანუ იმ ფეხბურთელებსაც გულისხმობთ, რომლებსაც ადრე უთამაშიათ ნაკრებში - რატი ალექსიძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან მჭედლიძე, გურამ კაშია, ოთარ მარცვალაძე...
- გვარების დაკონკრეტება არ მინდა. სლოვენიასთან მატჩამდე სანაკრებო შემადგენლობას გამოქვეყნდება და ყველა გაიგებს... მანამდე კი ნაკრების გაფართოებულ სიაში მყოფ ფეხბურთელებზე კლუბებში დაკვირვებას გავაგრძელებთ და შემადგენლობას ამის მიხედვით შევაჩევთ.
- ვიცით, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან გქონდათ საუბარი. ადრე განაცხადეთ, რომ ეროვნული სტადიონის ნიადაგი ცუდია და შესაცვლელია. რამე სიახლე ხომ არ არის?
- ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ნაკრების მწვრთნელი ვარ, ჩემი საქმე მაქვს და ყველანაირად ვცდილობ გუნდი უკეთ ვათამაშო, კარგი შედეგები გვქონდეს. მოედანი მისახედია, მაგრამ ეს ჩემი სფერო არ არის. იმედი მაქვს, მოედნის საკითხი მომავალში პრობლემური აღარ იქნება.
- დაბოლოს, არის შანსი ზამთარში კვიპროსის ტურნირზე იასპარეზოს?
- კი, საამისო შანსი არის. ჩავალ კვიპროსზე და 7-10 დღეში ეს საკითხი გადაწყდება.
|