ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთად" უმაღლეს ლიგას ფოთის "კოლხეთიც"დაუბრუნდა. ვინ იქნება "კოლხეთის" სპონსორი და ვინ იქნებიან გუნდის ახალი სახეები, ამ და სხვა საკითხებზე, Goli.Ge გუნდის პრეზიდენტს თემურ ბარქაიას ესაუბრა.
როგორც ბარქაია ამბობს, ამჟამად მოლაპარაკება სპონსორებთან მიმდინარეობს. განსხვავებით "ტორპედოსგან" "კოლხეთს" რამდენიმე სპონსორი ეყოლება.
"როგორც იცით, ახალი პროექტი დაიწყო ქართულ ფეხბურთში, რომელის მიხედვითაც, გუნდი რომელიმე ბიზნესკომპანიამ, ერთი მილიონი ლარით უნდა დააფინანსოს. ჩვენ განვიხილავთ და მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რამდენიმე ფირმასთან, ასევე კერძო პირებთანაც. ამ ეტაპზე დაახლოებით, 600 000 ლარი გროვდება და საკმარისი არ არის ეს, მაგრამ თავისთავად ფაქტი, რომ ქართულ გუნდებს 1 000 000 ლარი ექნებათ მინიმუმ ბიუჯეტი, ეს თავისთავად აისახება დონეზე. ჩვენი გუნდის დაფინანსებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ფოთის პორტიც, თუმცა, ისინი ერთადერთი სპონსორები არ იქნებიან".
გარდა სპონსორისა, გულშემატკივარის ინტერესს გუნდის შემადგენლობა იწვევს. როგორც თემურ ბარქაია აცხადებს, ამ ეტაპზე გუნდი უკვე დატოვა რამდენიმე ფეხბურთელმა. ესენი არიან: ქირია, თოდუა, მალიჩავა, ფარცვანია.
" კლუბს რამდენიმე დღეში 7-8 ფეხბურთელი კიდევ დატოვებს. ამჟამად მოლაპარაკებები მიდის და უახლოეს დღეებში გაირკვევა მათი ვინაობა. ვაპირებთ მეკარის, ორი მცველის, სამი ნახევარმცველისა და ერთი თავდამსხმელის დამატებას. ამ ეტაპზე მათი ვინაობის გამხელა ეთიკურად არ მიმაჩნია, ვინაიდან გარკვეული ჯერ არაფერია. 15 ივნისს უკვე გვეცოდინება ყველაფერი. ვერ გეტყვით, რომ ხმაურიანი ტრანსფერები იქნება, ვინაიდან ჩვენ ძალიან გვიან ჩავერთეთ ამ პროცესში და ბევრი თავისუფალი აგენტი და საინტერესო ფეხბურთელი უკვე იყიდა სხვადასხმა გუნდმა, მაგრამ იქნება ნორმალური ტრანსფერები და გაკეთდება საშუალო დონის გუნდი".
გუნდის პრეზდენტმა მომავალ მიზნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ადგილის შენარჩუნებისთვის ნამდვილად არ იბრძოლებს "კოლხეთი".
" მეხუთე-მეექვსე ადგილი ჩვენთვის პროგრამა მინიმუმი იქნება. ყველა გუნდმა იცოდეს, რომ ფოთში არც თამაში იქნება ადვილი და არც 3 ქულის წამოღება".
ცვლილებები არ შეეხება სამწვრთნელო შტაბს. ბესიკ შეროზია თავის თანაშემწეებთან ერთად დარჩება გუნდის მთავარ მწვრთნელად. "კოლხეთს" ლიცენზია დღეს გადაეცა ოფიციალურად.
რაც შეეხება საზაფხულო შეკრებას, გუნდი ორ შეკრებას გაივლის, საქართველოსა და თურქეთში. პირველი შეკრება, რომელიც ბაკურიანში გაიმართება, როგორც ბარქაია ამბობს, ფიზ-მომზადებაზე იქნება აქცენტირებული, ხოლო მეორე - თეორიაზე.
ამ ეტაპზე არ იგეგმება სტადიონის გაკეთება. სტადიონის მშენებლობა ფოთში 2011 წელს დაიწყება. მშენებლობისა და რეაბილიტაციის ხარჯებს ინვესტორები და სახელმწიფო თანაბრად გაიყოფს.
მაგდა კლდიაშვილი
goli.ge