მოგეხსენებათ, ახალ საფეხბურთო სეზონში საქართველოს
ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, სხვებთან ერთად, ორი ტრადიციული კლუბი,
ქუთაისის "ტორპედო" და ფოთის "კოლხეთი" იასპარეზებს. გულშემატკივრისთვის
კარგადაა ცნობილი იმერულ კლუბში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
იმერელთაგან განსხვავებით, ჯერ არც ერთი
ხმაურიანი ტრანსფერი არ განუხორციელებიათ "კოლხეთის" ხელმძღვანელებს.
როგორც ცნობილია, ფოთელებს წინასასეზონო შეკრება 15 ივნისს უნდა დაეწყოთ,
შემდეგ ეს ვადა 20 ივნისამდე გადაიწია. კლუბის პრეზიდენტთან საუბარში კი
გავარკვიეთ, რომ "კოლხეთი" საბოლოოდ 25 ივნისს შეიკრიბება და მზადებასაც
აქედან განაახლებს.
ცნობილი გახდა რამდენიმე ფეხბურთელის
ვინაობა, რომლებიც "კოლხეთს" ახალ საფეხბურთო სეზონში დაეხმარებიან.
ბარქაიას განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია რუსთავის "ოლიმპიდან" წამოსულ
მარცხენა მცველთან, ოლეგ გველესიანთან. უკვე "კოლხეთის" ფეხბურთელად
შეიძლება ჩაითვალოს ბოლნისის "სიონის" ყოფილი მეკარე მინდია ბობღიაშვილი.
მომდევნო სეზონში ფოთელებს დაეხმარებათ ასევე ერევნის "ულისეს"
თავდამსხმელი გიორგი კრასოვსკი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე სეზონის წინ,
სომხეთში გადაბარგებამდე, კრასოვსკი სწორედ ფოთელთა ღირსებას იცავდა
უმაღლეს ლიგაში.
სავარაუდოდ, ფოთელთა მაისურას მოირგებენ
თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე, რომელიც ბოლოს უზბეკეთის ჩემპიონატში
ასპარეზობდა და რუსთავის "ოლიმპის"
ნახევარმცველი გიორგი ხიდაშელი. როგორც "კოლხეთის" პრეზიდენტმა
ჩვენთან საუბარში განაცხადა, ფოთელები კიდევ 2-3 ფეხბურთელს აუცილებლად
დაიმატებენ. ასევე, მიმდინარეობს დაკვირვება მარტვილის "მერანში"
მოასპარეზე ცოტნე ბუკიასა და ლანჩხუთის "გურიას" შემადგენლობაში მოთამაშე
ივანე კილაძეზე.
რაც შეეხებათ გუნდიდან წასულებს: გუნდი
უკვე დატოვეს დავით ქირიამ, გია თოდუამ, ირაკლი მალიჩავამ და შალვა
ღონღაძემ.
ბარქაიას განცხადებით, კლუბის ერთ-ერთი
სპონსორი ფოთის პორტი იქნება, რომელიც "კოლხეთს" 40 %-ით დააფინანსებს.
დანარჩენი თანხით კი კლუბს ადგილობრივი ბიზნესმენები დაეხმარებიან,
რომლებთანაც ინტენსიური მოლაპარაკება ამჟამადაც მიმდინარეობს.