პირდაპირ ვიტყვი სათქმელს: თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე, შოთა არველაძე – სწორედ ის სამეულია, რომელთანაც ჩვენი მომავალი დიდი ფეხბურთის ბედ–იღბალი იქნება დაკავშირებული. მათ ითამაშეს ეროვნულ ნაკრებში, ცნობილ კლუბებში, ბევრი ნახეს, მოისმინეს, ისწავლეს და ახლა, სამწვრთნელო კარიერისას თავს არ გვაბეზრებენ თეორიული კონცეფციების საჯაროდ გადმოფრქვევით, პოპულისტური განცხადებებით და დაპირებებით. ორი მათგანი დღეს უცხოეთში მუშაობს, თემურ ქეცბაიამ კი აშკარად გარისკა, როცა ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში.
თემურ ქეცბაია – რისკი, რასაკვირველია იყო, თუ წინა ორი შესარჩევი ციკლის შედეგებს გავიხსენებთ. ვიცოდი სადაც მოვდიოდი და რაც დამხვდებოდა. მაგრამ, როცა გეძლევა შანსი, რომ სამშობლოს გამოადგე, წარმოუდგენელია უარის თქმა. ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ საქართველოს ნაკრებთან მუშაობა ჩემს კარიერას შეაფერხებს. თუმცა, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი...
კახა ცხადაძე – ქეცბას ერთი შეცდომაც არ ჰქონია. ზუსტი სელექციის შემდეგ ყველა ფეხბურთელს დღევანდელი შესაძლებლობების მიხედვით ადგილი მოუძებნა და ამასთანავე, თავიდანვე ობიექტურად განსაზღვრა, რომ დღევანდელ ნაკრებს პირველ ნომრად თამაში ჯერ გაუჭირდება. მაგრამ, მოდის საკმაოდ ნიჭიერი თაობა, რომელიც მალე ფიზიოლოგიურადაც მომწიფდება და თამაშის დონესაც აიმაღლებს. შემდეგ უკვე სტილიც ჩამოყალიბდება. დღეს კი შედეგი იყო მთავარი! თემურს ვულოცავ წარმატებულ მუშაობას და რასაკვირველია, წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებას...
თემურ ქეცბაია – მართლაც, ყველამ ვიცით, თუ რას წარმოვადგენთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. და ესაა კიდეც ჩვენი კოზირი. მხოლოდ შემტევი ფეხბურთი რომ აგვერჩია, შესაძლოა, ერთი მატჩიც ვერ მოგვეგო. ექსპერიმენტის დრო არ გვქონდა! ასეთია რეალობა! ერთი სიტყვით, დღეს ის გუნდი გვყავს, რაც ნახეთ. მომავალში კი, იმედი მაქვს სიტუაცია შეიცვლება, მერე კი თამაშის ხარისხიც გამოსწორდება და შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთიც მოვა...
კახა ცხადაძე – აღარ გავიმეორებ, თუ რა წარმატებებს მიაღწია თემურმა, როცა კვიპროსზე მუშაობდა. ახლა კი შოთა არველაძე! გუნდი, რომლის გულშემატკივრებს ათეულიც საოცნებოდ ჰქონდათ, დღეს თამამად იბრძვის საპრიზო ადგილებისთვის. წინა სეზონში ბაქოს „ინტერი", სადაც ახლა ვმუშაობ, აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა და წელსაც შესაძლოა ტიტულის შენარჩუნება... ვფიქრობ, რომ უცხოეთში ქართველი მწვრთნელების ასეთი წარმატებები პრესტიჟულია ჩვენი ფეხბურთისათვის. იმედი მაქვს, ჩვენში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ისე განვითარდება, რომ საძებნი აღარ იქნება ხარისხიანი სავარჯიშო მოედანი თუ სრულყოფილი სტადიონი, გადაადგილების, კვებისა და საშხაპეების პრობლემაც მიეცემა დავიწყებას... ახლა ძალიან გახარებული ვარ ქუთაისის „ტორპედოსა" და თბილისის „დინამოს" პატრონები რომ გამოუჩნდნენ... და თუ ეს პროცესი გაგრძელდება და საფეხბურთო ცხოვრება თანამედროვე მოთხოვნების დონეს მიაღწევს (რისი დიდი იმედიც მაქვს), დამერწმუნეთ, ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც უცხოეთში გაქცევაზე ნაკლებად იფიქრებენ...
თემურ ქეცბაია – ჩვენი ფეხბურთის დღევანდელ სიტუაციაში, ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია სახელწიფო სტრუქტურების ზრუნვა და დახმარება. ის გარემოება, რომ სახელმწიფო აფინანსებს საქართველოს ყველა ასაკის ნაკრებს, ქვეყნისა და გულშემატკივრების წინაშე ჩვენს პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის და ასეთი დახმარებისათვის ყველას დიდ მადლობას მოვახსენებთ...
თემურ ქეცბაიასა და კახა ცხადაძეს დეკემბერში თბილისში შევხვდი და მათთან ინტერვიუს ფრაგმენტები ახალი წლის დღეებში რადიო „თავისუფლების" ტრადიციულ საშაბათო სპორტულ მიმოხილვაში გადაიცა.
შოთა არველაძე კი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მშობლიურ ქალაქში ვერ ჩამოვიდა. ასე რომ, მასთან შეხვედრა წინაა...
სრულიადაც არ მინდა, რომ ახალგაზრდა და ვფიქრობ, მეტად პერსპექტიულ მწვრთნელთა სამეულის გამოყოფით ვაპირებ სხვადასხვა ასაკისა და რანგის ჩვენს სხვა მწვრთნელებს გული დავწყვიტო. მეც მშვენივრად ვიცი, რომ ამ ბოლო 20 წლის მანძილზე ზოგიერთ გამოცდილ და პერსპექტიულ მწვრთნელს მუშაობის საშუალება თუ მისცეს – აღარ დააცალეს თავისი შესაძლებლობის სრული რეალიზაცია... მაგრამ, დღეს ალბათ აღარც ღირს შეცდომების, მოუთმენლობისა და არაკომპეტენტურობის კონკრეტული ფაქტების გახსენება... მით უმეტეს, ახლა ხომ ვერავინ დაიწუწუნებს, რომ შანსი არ ეძლევა... ჩემმა გამორჩეულმა სამეულმა კი ის ეტაპები გაიარა, რაც აუცილებელია პროფესიონალი მწვრთნელის ფორმირებისათვის. ეს არის და ეს!
ჩვენს სამშობლოში კი ისევ ძალიან უყვართ ფეხბურთი. გადაჭრით ვერ ვიტყვი ძველებური ენთუზიაზმით სვამენ თუ არა ქართული ფეხბურთის სადღეგრძელოს, მაგრამ – ჭეშმარიტად გამორჩეული ვარსკვლავების ავტორიტეტი რომ შეურყეველია – ახალი წლის დღეებმაც დამარწმუნა. 5 იანვარს, ბათუმიდან წამოსულნი ზესტაფონთან სტუმართმოყვარეობით განთქმული არგვეთის რამდენიმე მკვიდრის, ჩემი ნათესავ–მეგობრების სუფრაზე აღმოვჩნდით. ძალიან ვჩქარობდით, მაგრამ ამაოდ... მერე თამადას დაასწრეს და სპორტსა და ხელოვნებაში გამორჩეული ქართველების სადღეგრძელო შევსვით – სიხარულითა და რაც მთავარია ბოლომდე და ერთი თხოვნაც შემომაპარეს – იქნებ დიდ ფეხბურთელებთან ერთად კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილიც დაგვიპატიჟოო. მე უკვე იმ კონდიციაში ვიყავი, როცა ცხრათავიანი დევის დამარცხებაც იოლ საქმედ მიგაჩნია. და რასაკვირველია შევპირდი!..
შროშას მივუახლოვდით და არგვეთელებმა დამირეკეს: ის რამდენიმე ბოთლი ტყემალი შენთვის რომ გვქონდა გადანახული – შენც დაგავიწყდა და ჩვენცო. რასაკვირველია, არ მივბრუნებულვარ. მაგრამ, სამი დღის წინ თბილისში გამომიგზავნეს იმდენი ტყემალი – ორას შემწვარ გოჭს რომ ეყოფა. და რადგან გული მიგრძნობს, უახლოეს დღეებში საფეხბურთო ნადიმებია მოსალოდნელი, მასპინძლებს ახლავე ვეუბნები: ტყემალი არის!
დავით ქლიბაძე