ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 17 » მიხეილ ყაველაშვილი: "ეს გზა ტაძართან ვერ მიგვიყვანს!"
12:38 მიხეილ ყაველაშვილი: "ეს გზა ტაძართან ვერ მიგვიყვანს!" |
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი "სპორტალ.გე"-ს
და მის მკითხველებს ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე საკუთარ
შეხედულებას უზიარებს. ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ.
- დადგა
ნანატრი დღე, როგორც იქნა გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ ხორვატია, ჩვენი ჯგუფის
ფავორიტი, ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი მსოფლიოში, უდიდეს სიხარულს განიცდის
გულშემატკივარი, ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ.
ამ გაჭირვებულ
ყოფაში, მართლაც დიდი შვების და სიხარულის მომგვრელია ეს გამარჯვება.
შეუძლებელია, არ მოგწონდეს ამდენი გულწრფელად აჟიტირებული და გახარებული
თანამემამულე, ნაკრების ფეხბურთელები, მათი გულწრფელი სიამაყე, რომ ამ
მძიმე ყოფაში მყოფ გულშემატკივარს ასეთი სიხარული მიანიჭეს.
ამ
გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია
ცალკე აღნიშვნის ღირსია და, როგორც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თქვა
სატელევიზიო გადაცემაში - "საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვინც მისით
არ ამაყობდეს". მეც ჩემი მხრიდან, როგორც მისი ყოფილი თანაგუნდელი და
მეგობარი, დავამატებდი - იშვიათად მინახავს ასეთი შრომისმოყვარე,
თავდადებული, ბრძოლისუნარიანი ადამიანი და თავის საქმის პროფესიონალი.
მოკლედ,
ეს ერთი შეხედვით სასიამოვნო განცდაა, მაგრამ ცოტა განსხვავებულ
შეხედულებებზე გიამბოთ. შეხედულებებზე, რომლებიც, ჩემი აზრით, აუცილებლად
უნდა არსებობდეს დღევანდელ "წარმატებულ გარემოში".
პირველი, რაც
მინდა ვთქვა, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა და ამ სფეროს სპეციალისტმა,
თამაშები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, ხორვატიასთან და ისრაელთან, პატრიოტული
მოტივების გარეშე, იყო ძალიან ცუდი ხარისხის. საერთოდ ეროვნული ნაკრების
უკანასკნელი შეხვედრები, წაუგებელ მატჩებსაც თუ ჩავთვლით, ჩემს საფეხბურთო
გემოვნებასთან და ფილოსოფიასთან შეუთავსებელია. გუნდს, რომელიც
ორიენტირებულია მხოლოდ თავდაცვაზე და არ ძალუძს გააზრებული და
კომბინაციური შეტევების წარმართვა, შედეგიანობა კი, დამოკიდებულია მხოლოდ
მოწინააღმდეგის შეცდომასა და გამართლებაზე, საფებურთო პერსპექტივა არ
გააჩნია. საუბედუროდ, ჩვენთან დამკვიდრდა, თუ დაამკვიდრეს აზრი, რომ
მთავარია კონკრეტული მატჩის შედეგი და ამით ვწყვეტთ ყოველგვარ ანალიზს და
მსჯელობას, ეს არის უდიდესი შეცდომა, რადგან შედეგს ხარისხის გარეშე
დღევანდელ საფეხბურთო რეალობაში მომავალი არ გააჩნია.
გაჩნდება
კითხვა, ძალუძს კი, ჩვენს ნაკრებს აღნიშნული კონტინგენტით გააზრებული და
შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაში? ალბათ, ამაზე ღირს კამათი და
მსჯელობა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
პირფერობას არ დავიწყებ
ზოგიერთი ჩემი კოლეგის მსგავსად, რომლებიც პირში ეფერებიან და ხოტბას
ასხამენ ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყველა გადაწყვეტილებას, თითქოს,
თვალშისაცემია ნაკრების პროგრესი, აგრეთვე, ეს გაიგივებულია ფეხბურთის
ფედერაციის წარმატებასთან, მაგრამ თუ გავიხსენებთ უახლოეს წარსულს, ასეთივე
დამოკიდებულება იყო წინა მწვრთნელების თუ ფედერაციის ხელმძღვანელობის
მიმართაც, რაც ნიშნავს რეალობის შესაბამისად მოქცევას და საზოგადოებაში
ძალადობრივად იმ აზრის დამკვიდრებას, თითქოს ფეხბურთზე აზრის გამოთქმა
მხოლოდ შეზღუდულ კონტინგენტს შეუძლია და მათი აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი.
ეს კი, წარმოადგენს განსხვავებული აზრის იგნორირებას, პირდაპირ კავშირშია
ფეხბურთის განვითარებასთან.
ჩემდა სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ხელშემწყობი სპორტული მედიაა. ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.
დავუბრუნდეთ
ეროვნულ ნაკრებს. ჩემი აზრით, ნაკრების სათამაშო სისტემა და სტილი იგივეა,
რასაც თამაშობდა თემურის გაწვრთნილი გუნდი "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგაში.
თავისთავად, როცა მწვრთნელს აქვს თავისი პრინციპები და შეხედულებები,
რომელსაც მკაცრად მისდევს, ურიგო არ არის, მითუმეტეს თუ ეს ყველაფერი
გარკვეულ ეტაპზე შედეგის მომტანია. პარალელის გავლება შეიძლება ოტო
რეჰაგელის გაწვრთნილ საბერძნეთის ნაკრებთან, რომელმაც ევროპის ჩემპიონობის
მოპოვება შეძლო მკაცრად თავდაცვითი სისტემის წყალობით, მაგრამ მას შემდეგ
გაცილებით საინტერესო მოვლენები განვითარდა მსოფლიო ფეხბურთში. თითქმის
ყველა დიდმა საფეხბურთო სპეციალისტმა ეს სისტემა მონათლა, როგორც
ანტიფეხბურთი და დაიწყო სწრაფი ზომების მიღება შემტევი ფეხბურთის
გასავითარებლად, რაც განხორციელდა კიდეც და წლიდან წლამდე ჩვენ ვამჩნევთ,
როგორ ვითარდება გუნდების შეტევითი პოტენციალი; ის ქვეყნებიც კი, რომლებიც
არ გამოირჩეოდნენ შეტევითი პოტენციალით, დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ არ
ჩამორჩნენ ფეხბურთის განვითარების ტემპებს. ეს ყველაფერი ხორციელდება
უპირველეს ყოვლისა ბავშვთა საფეხბურთო სკოლებსა თუ აკადემიებში.
შეძლებისდაგვარად
თვალყურს ვადევნებ ევროპაში ფეხბურთის განვითარების ტენდენციებს, მაქვს
ხშირი კონსულტაციები წამყვან საფეხბურთო კლუბების სპეციალისტებთან,
რომლებიც თავიანთ სამწვრთნელო პროცესში დიდ ყურადღებას უთმობენ ტექნიკისა
და შემტევი პოტენციალის განვითარებას.
მიმაჩნია, რომ საქართველოში
სასწრაფოდ დასაწყებია ძირეული ცვლილებები, ვინაიდან, თუ გავითვალისწინებთ
ფეხბურთის განვითარების სწრაფ ტემპებს, თუ არ გატარდა კარდინალური
ცვლილებები, ჩვენსა და დანარჩენ საფეხბურთო სამყაროს შორის ჩამორჩენა მეტად
მტკივნეული იქნება.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თუ რა
ტენდეციებია ქართულ ფეხბურთში, შეიძლება კი, დამაიმედებელი პროგნოზების
გაკეთება? არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უახლოეს პერსპექტივაში
საქართველოში ცვლილებებების განხორციელება შეუძლებელია.
მინდა,
მკითხველის ყურადღება შევაჩერო ქართული ფეხბურთის მოკლე ანალიზზე, რომელიც
მოიცავს წინა საუკუნიდან დღემდე განვლილ ქართული ფეხბურთის გზას.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართული ფეხბურთი გასული საუკუნეში
მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა. ქართული კლუბები გამოირჩეოდნენ ტექნიკური და
შემტევი სტილით, სწორედ ეს სათამაშო სტილი იყო ხშირ შემთხვევაში
წარმატებების მომტანი, ხოლო ქართველი ფეხბურთელები კავკასიელ ბრაზილიელებად
ინათლებოდნენ მათი განსხვავებული სტილის გამო. რამ განაპირობა ასეთი
სტილის დამკვიდრება საქართველოში? უპირველეს ყოვლისა, ეს სტილი
გამომდინარეობდა ქართული ხასიათიდან და დარწმუნებული ვარ, რომ
დღევანდელობაშიც ეს ხასიათში არსებობს. სწორედ ნიჭი და ხასიათი
განაპირობებდა შემტევ სტილზე ორიენტირებული ფეხბურთის თამაშს.
11
წლის ასაკში მიმიწვიეს ჩვენს ასაკში უძლიერეს გუნდში და დღემდე შემომრჩა ის
შთაბეჭდილებები, როგორი გაკვირვებული შევცქეროდი ჩემს თანატოლებს და ვერ
წარმომედგინა, რომ ჩემი ასაკის ფეხბურთელებს ასე ტექნიკურად შეეძლოთ ბურთის
ფლობა, გააზრებული თამაში. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი
მწვრთნელის დამსახურება იყო - ის არა მარტო ტექნიკურ და გააზრებულ თამაშს
გვასწავლიდა, არამედ ჩვენ ინტელექტუალურ განათლებაზე, პიროვნული თვისებების
ჩამოყალიბებაზეც ზრუნავდა. სწორედ ბავშობაში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა
განსაზღვრეს ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია. ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ
ცნობილი ქართველი ფეხბურთელები და კიროვისბაღელი გულშემატკივრები, რომლებიც
დაგვყვებოდნენ სხვადასხვა შეკრებებზე, სადაც მიმდინარეობდა მწვავე
დისკუსიები ფეხბურთზე, თამაშის გარჩევები; რჩევები, რომლებსაც ვიღებდით
არამარტო საფეხბურთო საკითხებზე, მეტად სასარგებლო იყო ჩვენთვის. დღეს, ამგვარ საფეხბურთო ცოდნას და ღრმა ანალიზს ჩვენ ვისმენთ ევროპული საფეხბურთო ქვეყნების ტელესტუდიებიდან.
სათამაშო
სტილზე მოგახსენებდით. შეიძლება, საზოგადოებისთვის ეს საკითხი ნაკლებად
ცნობილია, რომ იმ პერიოდში ჩვენი გუნდი 18-წლამდე საბჭოთა კავშირის
ჩემპიონები გავხდით კლუბებს შორის და გამარჯვების მიზეზი უმთავრესად ჩვენს
სათამაშო სტილში იყო. თითქმის ყველა ფეხბურთელი, დაწყებული მარჯვენა
მცველიდან, დამთავრებული თავდამსხმელებით, შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული.
ამ გუნდიდან ერთეულებმა შევძელით დიდი ფხბურთის თამაში, მაგრამ დღევანდელი
გადმოსახედიდან თუ განვიხილავთ მდგომარეობას, ქვეყანაში რომ ყოფილიყო
სათამაშო სისტემის ერთიანი ხედვა, არა თუ ჩვენი გუნდიდან, არამედ ბევრი
ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი შეძლებდა დიდი ფეხბურთის თამაშს.
რატომ
გავაკეთე ასეთი შესავალი, იმიტომ, რომ იმ სტილმა, რასაც ჩვენი გუნდი
თამაშობდა, კი არ დაიხვეწა და განვითარდა არამედ პირიქით, დროთა
განმავლობაში განაციდა რეგრესი და მივიღეთ საპირისპირო უარყოფითი შედეგი.
უმთავრესი
მიზეზი ჩვენი საფეხბურთო უკუსვლისა არის საფეხბურთო და სამწვრთნელო სკოლის
არარსებობა, ერთიანი სისტემის უქონლობა, აგრეთვე არაკომპეტენტური და
არაპროფესიონალი ჩინოვნიკების უხეში ჩარევა საფეხბურთო საკითხებში და, ხშირ
შემთხვევაში, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება ფეხბურთის
საზიანოდ. მაგალითისთვის შეგახსენებთ, ახლო წარსულის არანაირი ინფორმაცია
არ მოგვეპოვება იმ საფეხბურთო სკოლების თუ სამწვრთნელო პროცესების,
საფეხბურთო ტენდეციების შესახებ, რომლებიც არსებობდა საქართველოში გასულ
საუკუნეში და თანამედროვე საფებურთო სპეციალისტები ვხელმძღვანელობთ მხოლოდ
გულშემატკივართა ზეპირი გადმოცემებით. ერთადერთი დოკუმენტი, რაც შემოგვრჩა
და, სადაც ასახულია ფიქრი, ანალიზი, აგრეთვე, ავტორის იდეოლოგიური და
ფილოსოფიური ხედვა ქართულ ფეხბურთზე და მის მომავალზე, გახლავთ ბატონი
ანდრო ჟორდანიას პატარა, გაცრეცილი წიგნი "ფიქრები ქართულ ფეხბურთზე".
ვინც
კი გაცნობია ამ წიგნს, დამეთანხმება, რომ ფეხბურთის ეს ბუმბერაზი
სპეციალისტი, ჯერ კიდევ მაშინ ნათლად ხედავდა ფეხბურთის განვითარების სწორ
გზებს საქართველოში, თუ რაზე და როგორ უნდა გამახვილებულიყო ყურადღება.
მისი საფეხბურთო გემოვნება დამყარებული იყო ტექნიკურ და შემტევ ფეხბურთზე
და მის უფრო დახვეწაში. მისი ხედვით, აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ნიჭიერ,
ტექნიკურ ფეხბურთელებზე.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ანდრო
ჯერ კიდევ 50 წლის წინ ქადაგებდა და ავითარებდა იმ სათამაშო შეხედულებებსა
და საფეხბურთო ფილოსოფიას, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ "ბარსელონას" თუ
ესპანეთის ნაკრების შესრულებით.
იმის მაგივრად, რომ ჟორრდანიასთვის
შეექმნათ ყველა პირობა, რომ განეხორციელებინა თავისი შეხედულებები და
შეექმნა ძლიერი საფეხბურთო სამწვრთნელო სკოლა, საერთოდ აუკრძალეს
მწვრთნელობა, სდევნიდნენ და ამას სჩადიოდნენ ის უპასუხისმგებლო და
არაკომპეტენტური ჩინოვნიკები, რომლთა იდეური გამგრძელებლები დღესაც არიან
ჩვენს საფეხბურთო სისტემაში.
აგრეთვე, გულისტკივილით მინდა
აღვნიშნო, თუ როგორ განადგურდა "დინამოს" საუკეთესო თამაშების მატჩების
ფირები და თანამედროვეობას შემორჩა მხოლოდ თამაშების მწირი რაოდენობა.
მაშინ ჩვენი ქვეყანა ერთი დიდი ქვეყნის ნაწილი იყო; ავად თუ კარგად,
არსებობდა საბჭოთა საფეხბურთო სისტემა და ჩვენც ძალაუნებურად ამ სისტემის
ნაწილი ვიყავით, მაგრამ ამ სისტემაშიც ჩვენ გვეკავა გამორჩეული ადგილი,
გამომდინარე ჩვენი საფეხბურთო სტილიდან, რითაც ვაღწევდით წარმატებებს.
ორიოდე
სიტყვით შევეხები გულშემატკივრის როლს ფეხბურთის განვითარებაში.
"ბარსელონა" და "რეალი" მარტო ძლიერი მწვრთნელებით და ფეხბურთელებით კი
არა, თავიანთი გულშემატკივრებითაც გამორჩეულები არიან. ძნელად თუ აუხსნი
მათ, რომ მთავარი მათთვის შედეგია და ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რას
გიპასუხებს მათი ძირითადი ნაწილი. თუ გავიხსენებთ ჩვენს წარსულს, ასეთივე
მოთხოვნა იყო ჩვენი გულშემატკივრისგან, მათთვის არ იყო მთავარი შედეგი.
იმდროინდელი
ფეხბურთელები და გულშემატკივრები მაშინდელი ფეხბურთის სადავეებთან იდგნენ.
შეძლებდა კი, იმ პერიოდში ჩვენი ფეხბურთი მეტი წარმატების მიღწევას?
პოტენციალი, რა თქმა უნდა დიდი იყო, მაგრამ საბჭოთა სისტემისთვის
დამახასიათებელ თვისებებს და ზემოჩამოთვლილ მიზეზებს თუ გავითვალისწინებთ,
ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, რადგან აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ ერთ გუნდზე
და მას ეთმობოდა დიდი ყურადღება. ის ფეხბურთელები, ვინც "დინამოში" ვერ
ხვდებოდნენ, კარგავდნენ მოტივაციას და იკარგებოდნენ, ხოლო ასეთ პირობებში,
ქვეყანაში ფეხბურთის გლობალური განვითარება თითქმის შეუძლებელი იყო.
90-იანი
წლების დასწყისში იწყება ფეხბურთის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება,
რასაც მოსდევს ქაოსი როგორც ქვეყანაში, ისე ფეხბურთშიც. ასეთ პირობებშიც
არის მწირი წარმატებები, როგორც ცალკეული გუნდების, ისე ერთეული
ფეხბურთელების დონეზე. ჯერ კიდევ ამ პერიოდში ნაკრებმა მოახერხა საკუთარი
სახის შენარჩუნება, სადაც კიდევ შეიმჩნეოდა ქართული ფეხბურთისთვის
დამახასიათებელი ხასიათი, რომელიც დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდა. ბოლო
პერიოდში კიდევ უფრო აიწია პოლიტიკურმა გრადუსმა, კვლავ ხდება
არაკომპეტენტური პირების მხრიდან უხეში ჩარევა ფეხბურთში და მივიღეთ კიდევ
უფრო ღრმა კრიზისის ფორმა. დიახ, დღეს ქართული ფეხბურთი ღრმა კრიზისშია,
მაგრამ ხელისუფლების და ფედერაციის ჩინოვნიკები სხვადასხვა პიარკამპანიებით
ცდილობენ დაგვიმტკიცონ საპირისპირო, თითქოს ქართული ფეხბურთი სწორ გზაზე
დგას და ვითარდება.
თუ ღრმად გავაანალიზებთ და კარგად დავფიქრდებით
შექმნილ ვითარებაზე, მივხვდებით, რომ ჩვენი ფეხბურთის განვითარების
გასაღები ჩვენს ფესვებში დევს. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს სათამაშო
სტილს, ტექნიკურს, კომბინაციურს, შეტევაზე ორიენტირებულს. ამ საფეხბურთო
იდეოლოგიაზე დაყრდნობით უნდა გავაძლიეროთ ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და
აკადემიები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რაში მდგომარეობას დღეს
ესპანური ფეხბურთის სიძლიერე? პირველ რიგში, ეს გახლავთ მისი საფეხბურთო
სკოლების თუ აკადემიების სიძლიერე. ეს წარმატება ხანგრძლივი და
მიზანმიმართული მუშაობის ნაყოფია. მათ დაამკვიდრეს სტილი, რომლისთვისაც არ
უღალატიათ, იმის მიუხედავად, აღწევდნენ თუ არა წარმატებებს ამა თუ იმ
შეჯიბრებებში. ცდილობდნენ თავიანთი საფეხბურთო სტილის დახვეწას და
განვითარებას, რაც გამოიხატებოდა უფრო მეტად ტექნიკურ და შემტევ ფეხბურთში,
ამის თვითმხილველი დღეს მთელი მსოფლიოა.
ხელეწიფება კი,
დღევანდელ ფეხბურთის ფედერაციას სათავეში ჩაუდგეს ცვლილებებს და ფეხბურთის
განვითარების შესაძლებლობას? სამწუხაროდ არა, რადგან პიროვნებას, რომელიც
დაინიშნა ფედერაციის პრეზიდენტად, არ გააჩნია ეს შესაძლებლობა და აღიარებს,
რომ არ ესმის ფეხბურთი, ხოლო მის გარშემო მყოფი ჩინოვნიკების ერთი ნაწილი
საერთოდ სდუმს და არანაირ ინიციატივას არ იჩენს, მეორე ნაწილისთვის კი,
ოღონდ ფედერაციაში იყოს და, მეორეხარისხოვანია ყოველივე ახალი, ძირითადად
ხელმძღვანელობის და ხელისუფლების ქებით არიან დაკავებულნი. ერთადერთი
ნაკრების მწვრთნელია, ვინც ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. რა თქმა უნდა,
არიან მწვრთნელებიც და ფედერაციის თანამშრომლებიც, რომლებიც პატიოსნად
ასრულებენ მოვალეობას, მაგრამ ისინი ვერავითარ ზეგავლენას ვერ ახდენენ
არსებულ სიტუაციაზე.
თემური ქეცბაიას თემა ცალკე განსახილველია,
ხელისუფლებამ იგი უფრო საკუთარი იმიჯის ასამაღლებლად ჩამოიყვანა, ვიდრე -
ფეხბურთში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად, სფფ-მ, კი როგორც,
ხელისუფლების ერთ-ერთმა ფილიალმა მხოლოდ ხელშეკრულება გააფორმა მასთან.
ამიტომ ვამბობ, რომ ქეცბაიას მარტო არ ძალუძს ფეხბურთში დაგროვილი
პრობლემების გადაჭრა, იგი მხოლოდ ერთ გუნდზეა კონცეტრირებული.
რაც
შეეეხება ჩვენი ნაკრების სათამაშო სტილს, იგი ჩემთვის უცხოა. საფეხბურთო
იდეოლოგიის და ფილოსოფიის, ასევე შეხედულების და სტილის შეცვლა ერთ დღეში
არ ხდება, მაგრამ ჩემი აზრით იმ კონტინგენტითაც კი, რომელიც ჩვენ გვყავს,
შესაძლებელია ცვლილებების დაწყება, რა თქმა უნდა შედეგი თავიდანვე ვერ
მიიღწევა, მაგრამ მიზანმიმართული მუშაობით აუცილებლად მივალთ წარმატებამდე.
ეს არ ეხება მხოლოდ ერთ გუნდს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს და ამ
ცვლილების ინიციატორი უნდა იყოს არჩეული ფეხბურთის ფედერაცია
დაკომპლექტებული პროფესიონალების თანამოაზრეთა პასუხისმგებლობის მქონე
გუნდით.
ეს გახლავთ ჩემეული ხედვა მოკლედ მიმოხილული ჩვენი
ფეხბურთის შესახებ. ვიცი, გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც არ მოეწონებათ ამ
წერილის შინაარსი, თითქოს მე შვეიცარიიდან ვმოძღვრავ და ჭკუას ვარიგებ
საზოგადოებას და თუ რამით დახმარება შემიძლია, ჩამოვიდე საქართველოში და
ვაჩვენო, რა შემიძლია.
მათ გასაგონად და საპასუხოდ ვიტყოდი -
როდესაც კარიერა დავასრულე, 2007 წელს, არ დავმალავ და გეგმებიც
განსხვავებული მქონდა, სხვა გზით ვფიქრობდი კარიერის გაგრძელებას,
სამწვრთნელოს ვგულისხმობ. მაგრამ საქრთველოში ყოფნისას დავინახე უამრავი
ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაზრდის უპერსპექტივობა იმ პირობებში, რა
პირობებშიც მათ უწევთ თამაში და ვარჯიში, აგრეთვე, იმ პერიოდს დაემთხვა
ფეხბურთის ფედერაციის ყოვლად სამარცხვინო არჩევნები, ყველაფერმა ამან
გადამაწყვეტინა, რომ თანამოაზრეებთან გაერთიანებით დამეწყო ზრუნვა
სიტუაციის გამოსასწორებლად, რადგან საზოგადოება იყო შეურაცხობილი.
ამის
შემდგომ დავაფუძნეთ კავშირი "ჩვენი ფეხბურთი" და მასში გაერთიანდა უამრავი
ადამიანი, როგორც ფეხბურთის სპეციალისტი, აგრეთვე, უბრალო
გულშემატკივრებიც და დავიწყეთ პრობლემებზე ხმამაღალი ლაპარაკი, სიტუაციიდან
გამოსვლის გზების ძიება. უპირველესი მოთხოვნაც, რაც ჩვენ დავაყენეთ, იყო
ფეხბურთის ფედერაციის თავისუფალი არჩევნები, რომელიც იქნებოდა მშვენიერი
არეალი სხვადასხვა შეხედულებების თუ აზრების წარმოჩენისა, სადაც
გაიმარჯვებდა უძლიერესი და მოხდებოდა საფეხბურთო საზოგადოების გაერთიანება
კონკრეტული იდეის გარშემო, რომელიც გამოიყვანდა ჩვენს ფეხბურთს კრიზისიდან,
მაგრამ საპასუხოდ ჩვენ დავეჯახეთ დიდ კედელს, აღმართულს ხელისუფლების
მხრიდან.
ასეთ პირობებში, როდესაც შენს ირგვლივ იზღუდება სივრცე,
როცა ადამიანები ერიდებიან შენთან საჯარო კონტაქტს და მხოლოდ პირად
საუბრებში ადასტურებან ჩვენი აზრების სამართლიანობას, გამოსავალი რჩება -
გაერიდო ამ ყველაფერს ან ასეთი გარემოს თანამონაწილე უნდა გახდე.
მე
ვალდებულად მივიჩნიე თავი, დამეფიქსირებინა ჩემი განსხვავებული პოზიცია.
ზოგადად განსხვავებულის არსებობა კი არ უშლის, არამედ ავითარებს
საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს და, რაც მთავარია, ქვეყანას. ამიტომაც,
მივიჩნევ, რომ ჩვენ ყალბ ერთსულოვან სივრცეში უნდა ვაღიაროთ და
დავამკვიდროთ განსხვავებული, უნდა გვქონდეს მის მიმართ პატივისცემა,
მარტივია, შეიძლება არ იზიარებდე, მაგრამ აღიარებდე და პატივს სცემდე.
მაგალითისთვის,
განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის განსხვავება არა მარტო
შენობებში და გზებშია, არამედ - ადამიანთა შეგნებაში. უმთავრესი პიროვნული
თავისუფლება, მისი უფლების დაცვა, კანონის უზენაესობა, განსხვავებული
აზრის, პოზიციის აღიარება და პატივისცემაა. ყველამ უნდა დავუსვათ ჩვენ თავს
კითხვა, ვართ კი, ჩვენ პიროვნულად თავისუფლები, ვიცავთ ჩვენს უფლებებს,
პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს და პოზიციას? სამწუხაროდ, არც ფეხბურთში
და არც სხვა სფეროში ეს არ ჩანს.
რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ
ჟურნალისტთან საუბრისას დავაფიქსირე ჩემი ზემოხსენებული აზრი ჩვენი
ნაკრების შესახებ, წარმოიდგინეთ და ვერ გაბედა, რომ დაეწერა, მაგრამ თუ
გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანაში შექმნილ რეალობას, გასაკვირი არ უნდა
იყოს. ამიტომ იმ გზას, რომელსაც ჩვენ მივყვებით, ტაძართან ნამდვილად ვერ
მიგვიყვანს.
პატივისცემით, მიხეილ ყაველაშვილი (შვეიცარია)
|
ნანახია: 825 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
რეკლამა |
|
|
|