ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 4 » მალხაზ ასათიანი: "თავადაც ვერ ამიხსნია, აქამდე უგუნდოდ რატომ ვარ"
00:25 მალხაზ ასათიანი: "თავადაც ვერ ამიხსნია, აქამდე უგუნდოდ რატომ ვარ" |
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მცველმა რუსულ სპორტულ ინტერნეტსაიტს Soccer.ru-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის უგუნდოდ ყოფნის მიზეზებზე ისაუბრა.
- მალხაზ, "ლოკომოტივიდან" წამოსვლის შემდეგ, სად იყავით გაუჩინარებული ბოლო თვეების განმავლობაში და რას საქმიანობდით? - მთელი ეს პერიოდი ქუთაისში, საკუთარ სახლში გავატარე. მოსკოვში სულ რამდენიმე დღით ჩამოვედი, რათა რუსეთის ვიზის საკითხები მომეგვარებინა.
აქამდე ვიზის საკითხს კლუბი მიგვარებდა, ახლა კი თავად მიწევს მასზე ზრუნვა. ეს საკმაოდ რთული პროცესია და საბედნიეროდ არიან ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან.
- აქამდე უგუნდოდ რატომ დარჩით? - სიმართლე გითხრათ - თავადაც ვერ ვპოულობ პასუხს. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ თამაშის გაგრძელება ისევ რუსეთში მსურს, მაგრამ პირველი დივიზიონი ჩემი შესაფერისი არაა. მირჩევნია ისევ სატრანსფერო ფანჯრის გახსნასა და ახალ წინადადებებს დაველოდო.
- გასულ კვირაში ეროვნული გუნდები შეკრებებსა და მატჩებს მართავდნენ. თემურ ქეცბაიამ რატომ არ მიგიწვიათ? - არა, როგორ არ მიმიწვია - დამირეკა და ვარჯიშზე მისვლა შემომთავაზა. მე ავუხსენი, რომ სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა და გუნდს ვერ გამოვადგებოდი. და მართლაც, საქართველოს ნაკრებმა უჩემოდაც წარმატებით ითამაშა - თვით ხორვატიას აჯობა!
- როგორც ჩანს, "ლოკომოტივის" ყველა გულშემატკივარმა ჯერ კიდევ არ იცის კლუბიდან თქვენი წამოსვლის მიზეზი. ამასწინათ ქომაგებთან ტრადიციულ შეხვედრაზე, კლუბის პრეზიდენტ ოლგა სმოროდსკაიას ერთ-ერთმა ქალბატონმა შეუტია - თქვენ არ იყავით, "ლოკოს" პატრიოტი ასათიანი რომ გუნდიდან გააგდეთო?! - ის ალბათ ჩემი პერსონალური ფანი იყო. სამართლე ისაა, რომ მე კლუბთან კონტრაქტი დამიმთავრდა, მის გაგრძელებაზე კი არავის მოუმართავს. ეტყობა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი არ იყო ამით დაინტერესებული. ჰოდა, მივედი ოფისში, ავიღე შრომის წიგნაკი, გამომშვიდობების დროს გულთბილად ვისაუბრე კრასნოჟანთან და პრეზიდენტის კაბინეტშიც შევიარე - ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ.
- ამბობენ, რომ ყველაფრის მიზეზი თქვენი და ალიევის სმოროდსკაიასთან დავა გახდა. - დიახ, იყო რაღაც ფინანსური საკითხი. უკმაყოფილო ვიყავი და საამისოდ მიზეზიც მქონდა. კლუბის უწინდელი პრეზიდენტი ნაუმოვი ერთ პირობაზე შეგვითანხმდა, მოვიდა სმოროდსკაია და მან სხვა პირობები წამოაყენა. მე ვითხოვდი, გამარჯვების შემდეგ ანაზღაურება ნაუმოვთან შეთანხმების საფუძველზე მიგვეღო. ზედმეტს არაფერს ვითხოვდი.
- მოზრდილი თანხა დაგაკლდათ? რატომ არ იჩივლეთ? - დეტალებზე ხმამაღლა საუბარი არ მსურს - დაე ეს ისევ ჩვენ, ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას შორის დარჩეს.
- სიომინმა რატომ აღარ წაგიყვანათ კიევში, ისე როგორც სამი წლის წინ? - ახლახან მქონდა იური პავლოვიჩთან საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი აგენტი ვარ, კიევში არ მივუწვევივარ.
- "ლოკომ" საწყის ტურებში თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა? - ორივე თამაში კარგად ითამაშა, თუმცა მხოლოდ სამი ქულა აიღო. დაცვის ცენტრში საიმედო იყო ტარას ბურლაკი და ამან ძალიან გამახარა - ამ ბიჭის პროგრესი აშკარაა.
- იქნებ სწორედ მისი პროგრესის ბრალია, კლუბმა კონტრაქტი რომ აღარ გაგიგრძელათ? - ეგ არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: განშორებასთან დაკავშირებით "ლოკოს" მიმართ გულში ხინჯი არ მაქვს.
- ყოფილ გუნდში კავშირს ვისთან ინარჩუნებთ? - ერთი ექიმსღა შემიძლია დავურეკო. "ლოკომოტივიდან" ყველა ჩემი მეგობარი წავიდა. ბოლო დროს ურთიერთობა სენიკოვთან მქონდა - ჩემი არ იყოს, ისიც უმუშევარია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის დროებითი მოვლენაა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ როცა საქმე არ გაქვს, გინდა-არგინდა, იმათთან უფრო მეგობრობ, ვინც შენსავით უმოქმედოდაა.
- ეგ არცთუ კარგი ამბავია. - მე ცხვირი არ ჩამომიშვია. ჯერ არ ვთვლი თავს ვეტერანად და კარიერის გაგრძელებას ვაპირებ, ფორმას კი შინ ვინარჩუნებ - დავრბივარ.
მომზადებულია soccer.ru-ს მიხედვით
|
ნანახია: 1240 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|