ეროვნულმა გუნდმა გუშინ ორი ვარჯიში გამართა. დილის წვრთნის შემდეგ, საღამოს ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ზუსტად 17 საათზე დაიწყო. წვრთნა, რომელიც საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. გუშინწინდელისგან განსხვავებით, გუშინ ჩატარებულ ვარჯიშში ყველა ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის ბერლინის "ჰერტას" მცველი ლევან კობიაშვილიც, რომელიც სამშაბათს ღამით შეუერთდა გუნდს. გუშინ უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს "კარლსრუეს" თავდამსხმელმა ალექსანდრე იაშვილმა და "ვოივოდინას" შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა. ერთი სიტყვით, ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას განკარგულებაში გუშინ გამოძახებული 23-ივე ფეხბურთელი იყო.
რაც შეეხება უშუალოდ ვარჯიშს. ნელი სირბილისა და მოთელვის შემდეგ, მეკარეების მწვრთნელმა მამუკა აბუსერიძემ სამივე კიპერს თავისთან უხმო. აბუსერიძემ, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია და როინ კვასხვაძე, ჯერ კარის ხაზზე ავარჯიშა, მერე კი გამოსვლაზე თამაშში. ამასობაში ქეცბაიამ და მისმა თანაშემწე სოსო ჭედიამ, დარჩენილი ოცი ფეხბურთელიდან ათს მწვანე ფერის გადასაცმელები დაურიგეს და ორ ნაწილად დაჰყვეს. მწვრთნელებმა ეს ოცეული მოედნის 1/4-ზე დიდ კვადრატში ათამაშეს. გადასაცმელით დაყოფილმა ორმა კრებულმა გოლის გარეშე ითამაშა. თითო კრებული ბურთის მოპოვებასა და შენარჩუნებაზე ზრუნავდა. პატარა სივრცის გამო ფეხბურთელებს სწრაფად და ზუსტად უწევდათ თამაში, რაც თავისთავად სხარტ აზროვნებას მოითხოვს. როგორც გამოჩნდა ნაკრების თავკაცი თანამედროვე ფეხბურთის ამ ორ ძირითად კომპონენტზე, სხარტ აზროვნებასა და სწრაფ თამაშზე მთავარ აქცენტს აკეთებს. ქეცბაია ფეხბურთელებს მარტივად და სწრაფად თამაშს მოუწოდებდა.
შემდეგ ქეცბაიამ კომბინაციებზე ავარჯიშა მოთამაშეები. ფეხბურთელები მოედნის შუაგულიდან წამოწყებულ იერიშს მონაცვლეობით ხან ერთ, ხან მეორე ფლანგზე აგრძელებდნენ და საჯარიმოში პარტნიორებს აწვდიდნენ, რომლებიც ბურთს კარში ურტყამდნენ. მერე კომბინაციის გარეშე ფლანგიდან ჩაწოდება და კარში დარტყმა ვიხილეთ. აშკარად იგრძობოდა, რომ ფეხბურთელები მონდომებულები არიან. ნაკრების დებიუტანტები, თბილისის "დინამოს" მცველ ლევან კაკუბავასა და "ბაიას" დამცველ ნიკა კვეკვესკირს ადაპტაცია ხელს არ უშლიდათ. ნაკრების სტაჟიანი წევრებიც კარგად გამოიყურებოდნენ. როგორც გამოჩნდა, ჩვეულ ფორმას თანდათან იბრუნებს კახა კალაძე, რომლის გამოზომილი ჩაწოდებისას კობიაშვილმა თავურით ისეთი ეფექტური გოლი გაიტანა, რომ თანაგუნდელებისგან და ტრიბუნაზე შეკრებილი ოციოდე გულშემატკივრისგან, აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა.
წვრთნის ბოლოს გადასაცმელით დაყოფილი ორი გუნდი ქეცბაიამ ერთმანეთის წინააღმდეგ ათამაშა:
მწვანეები - რევიშვილი, სალუქვაძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე, კლიმიაშვილი, დაუშვილი, კოშკაძე, ანანიძე, იაშვილი, სირაძე.
წითლები - ლორია, ლობჟანიძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი კვეკვესკირი, კობიაშვილი, გოგუა, მერებაშვილი, კვირკველია, გელაშვილი, დვალიშვილი.
ამ ორი 11-კაციანი გუნდიდან "მწვანეები" სასტარტო შემადგენლობას ჰგავს, მაგრამ, ასეთი დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია, რადგან მატჩამდე ჩვენი გუნდი 1-2 ვარჯიშს კიდევ ჩაატარებს და გუნდის თავკაცი ძირითად შემადგენლობას შემდეგ გადაწყვეტს. თუმცა, როგორც გამოჩნდა "დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მცველ დისკვალიფიცირებული უჩა ლობჟანიძის ნაცვლად, მარჯვენა მცველად, სავარაუდოდ, ყაზანის "რუბინის" დამცველი ლაშა სალუქვაძე ითამაშებს. იმასაც აღვნიშნავთ, რომ ამ ორკარაში სამივე მეკარე მონაცვლეობით მონაწილეობდა. ორკარა, რომელმაც ოციოდე წუთს გასტანა ორი გოლი ვიხილეთ, პირველი გოგუამ გაიტანა, მეორე კი დვალიშვილმა. ორკარაში კალაძე უკანა ხაზზე მარცხენა ფრთაზე იყო გამწესებული და დაცვის გარდა, შეტევის ორგანიზატორადაც გვევლინებოდა.
წვრთნის ბოლოს ქეცბაიამ მეკარეები ცალკე ავარჯიშა. ნაკრების თავკაცმა საჯარიმოს ხაზთან გვერდიგვერდ 10 ბურთი დააწყო და მონაცვლეობით ხან ერთ ხანაც მეორე მხარეს, მიჯრით დარტყმებში სათითაოდ გამოსცადა სამივე მეკარე. აშკარად გამოჩნდა, რომ მეკარეები კარგად არიან მომზადებულნი.
ჩვენი ნაკრების წვრთნა ამით დასრულდა, 19 საათზე კი "მიხეილ მესხზე" უკვე მეტოქე მალტამ ივარჯიშა. ჯონ ბუტიგეგის მიერ ჩატარებულმა ვარჯიშმა საათზე მეტხანს გასტანა. მართალია, კუნძულელთა ნაკრების თავკაცმა დახურული წვრთნა ჩაატარა, მაგრამ მეტოქეზე გარკვეული ინფორმაცია მაინც მოვიძიეთ. როგორც ჩანს მალტელები თბილისში კონტრშეტევაზე გააკეთებენ აქცენტს. ვარჯიშისას, ორკარას თამაშში მალტელი ფეხბურთელები აფრიკული წარმოშობის, ინგლისში დაბადებულ ჯიმი პეისს ხშირად ამარაგებდნებდნენ კარგი გადაცემებით. თუმცა აშკარად გამოჩნდა, რომ კუნძულელთა 33 წლის ფეხბურთელის კარში დარტყმებს სიზუსტე აკლდა. დაბოლოს, დღეს საღამოს ჩვენი ნაკრები 7 საათზე ბორის პაიძაჭის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებს. 21 საათზე კი ეროვნულზე უკვე მეტოქე გამართავს წვრთნას. კუნძულელთა წვრთნის მხოლოდ საწყისი 15 წუთი იქნება ღია, მერე ვარჯიში დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. ვარჯიშამდე 15 წუთით ადრე მალტელთა ნაკრების თავკაცი ჯონ ბუტიგეგი პრესკონფერენციას ჩაატარებს. ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების მატჩი "ბორის პაიჭაძეზე" 21 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთები, რომლის ფასი 3, 5, 10, 15 ლარია, სტადიონის სალაროებში უკვე იყიდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|