ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » იანვარი » 3 » ლევან მჭედლიძე: "ნებისმიერ ნაკრებში სიხარულით ვითამაშებ"
14:29 ლევან მჭედლიძე: "ნებისმიერ ნაკრებში სიხარულით ვითამაშებ" |
ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ სერია B-ს "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან
მჭედლიძე მწყობრშია და უახლოესი მატჩებისთვის ემზადება. სხვა ლეგიონერების
მსგავსად ამ საახალწლოდ ისიც სამშობლოშია.
- ჩემპიონატი ნორმალურად
დავიწყეთ, მაგრამ ბოლო 5 თამაში წავაგეთ. მიზეზი ტრავმებიც იყო და
უიღბლობაც. ახლა 25 ქულით მე-11 ადგილზე ვართ, ჩემპიონატის დამთავრებამდე
კიდევ 22 მატჩია და უფრო შედეგიანად უნდა ვიასპარეზოთ.
- საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ? -
კმაყოფილიც ვარ და უკმაყოფილოც. ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ გუნდში
ვარ, სათამაშო პრაქტიკა მაქვს და სერიოზული ტრავმა არ მქონია. უკმაყოფილო
ვარ იმით, რომ 11 მატჩში ბურთი ვერ გავიტანე. არადა, საგოლე მომენტების
სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივი. ზუსტად არ მახსოვს, ათამდე გოლი გავატანინე
ფოტისა და კორალის. მეკარეებმა ისეთი ბურთები ამიღეს, ყველას გაუკვირდა.
დანავსულივით
ვარ. ვიცი, ერთი რომ გავიტანო, ნავსს გავტეხ და მერე ბევრსაც შევაგდებ.
ერთი შეხედვით ცუდად არ გამოვიყურები, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ.
- ტრავმის გამო თითქმის თვე გაგიცდათ. -
ეგრე იყო და გამოვჯანმრთელდი თუ არა, პირველივე მატჩში მეტოქემ იდაყვი
ნეკნში მომარტყა. გამაყუჩებელი ნემსი გამიკეთეს, მაგრამ მაინც ექიმებმა
დასვენება მირჩიეს. უკვე მწყობრში ვარ და უახლოესი მატჩისთვის ვემზადები.
- "ემპოლი" რა მიზნისთვის იბრძვის? -
სეზონის წინ სერია A-ში გადასვლა დავისახეთ მიზნად. სერია B-ში აქამდე არ
მითამაშია, სპეციფიკური პირველობაა და, როგორც ამბობენ, მთავარი ბრძოლები
სეზონის მეორე ნახევარშია, ასე რომ, იმედი არ დაგვიკარგავს. 8 და 14
იანვარს ორი შინაური თამაში გვაქვს და ორივე რომ მოვიგოთ, მდგომარეობას
გავიუმჯობესებთ.
- სერია A-სა და სერია B-ს შორის სხვაობას რაში ხედავთ? -
მთავარ ლიგასთან შედარებით სერია B-ში უფრო დაბალი კლასია და
ტაქტიკა-სტრატეგიაზე ნაკლებად არიან ორიენტირებული. ამ ლიგაში უფრო
ფიზიკური კონდიციებია მთავარი. იმდენად სპეციფიკური პირველობაა, "სიენასაც"
კი უჭირს თამაში, რომელიც სერია A-დან დაქვეითდა. ამ ლიგაში ყველაფერი
გამძლეობაზეა აგებული. გუნდები უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა
დაკომპლექტებული, კლუბები მათ ზრდიან და მერე სერია A-ს ან სხვა ქვეყნის
მთვარი ლიგის გუნდებში ასხვისებენ.
- უახლოეს მომავალში თქვენს კარიერაშიც ხომ არ იქნება სიახლე? -
ჩემმა აგენტმა დევიდე ტორკიამ მითხრა, რომ ინტერესი არის რამდენიმე
კლუბიდან, მაგრამ "ემპოლიდან" წასვლა ჯერ არ გადამიწყვეტია. 14 წლის
ვიყავი, როცა "ოლიმპიკიდან" ამ გუნდში გადავედი. კლუბის პრეზიდენტ
კორსისთან და სპორტულ დირექტორ პინო ვიტალესთან საკმაო ხნის ურთიერთობა
მაკავშირებს. ვატყობ, სერია A-ში გადასვლის ძალიან დიდი სურვილი აქვთ და
უნდათ ამაში დავეხმარო. ასე რომ, წასვლას არ ვჩქარობ.
თანაც, როცა
100 პროცენტით მზად არ ხარ, სჯობს დარჩე. მით უმეტეს, რომ სათამაშო
პრაქტიკა მაქვს. ასე რომ, გუნდის შეცვლაზე ჯერ არ ვფიქრობ. უკეთეს გუნდში
სათამაშოდ "ემპოლიში" მოვემზადები. ამ სეზონს ჩავამთავრებ და მერე ვნახოთ.
- "ემპოლიში" კიდევ ერთი ქართველია, თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე. -
ყველა აღნიშნავს, რომ ირაკლიმ საგრძნობლად მოუმატა. სეზონის დაწყებამდე
ჭაბუკთა გუნდიდან პრიმავერაში ანუ დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს. თუ
ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას "ემპოლიმ" რომელიმე შემტევი
ფეხბურთელი გაასხვისა, შეყილაძეს მთავარი გუნდის შანსი ექნება. თუ არა,
მთავარ გუნდში ზაფხულში გადაიყვანენ.
- შემოდგომაზე ოთარ
გაბელიამ ახალგაზრდულში გამოგიძახათ, მაგრამ ნაკრების შტაბს აცნობეთ, რომ
მზად არ იყავით სანაკრებო დონეზე სათამაშოდ. მაინც რა მოხდა? -
ვიცი, ჩემი ამბავი ზოგმა არასწორად გაიგო. არადა, ჩემი პოზიცია პროფესიული
იყო და ვინც მდგომარეობა იცოდა, ყველა დამეთანხმება, რომ სწორად მოვიქეცი.
თავად განსაჯეთ, 8 თვის უთამაშებელი ვიყავი, სპეციალური თვე-ნახევრიანი
პროგრამა მქონდა მოსამზადებლად, 20 დღეც არ იყო გასული, როცა ახალგაზრდულ
ნაკრებში გამომიძახეს.
ალალად გეუბნებით, სანაკრებო დონეზე
სათამაშოდ კი არა, სერია B-ს დონეზეც არ ვიყავი მზად. ერთ მატჩში 20 წუთით
შემიშვეს მოედანზე, თამაშის შეგრძნება არ მქონდა.
ნაკრებში, თუნდაც
ახალგაზრდულში, თამაში ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტია, მაგრამ, ვიმეორებ,
მზად არ ვიყავი. როცა ფეხბურთელი სანაკრებო დონეზე სათამაშოდ მზად არ არის,
სჯობს, ეს თქვას და არ დამალოს.
- ზოგმა მაშინ თქვა, მჭედლიძე ეროვნულ ნაკრებში რომ გამოეძახათ, ჩამოვიდოდაო. - რას ამბობთ, ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მაღალი დონე და მეტი პასუხისმგებლობაა.
არც
ახლა ვარ ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ასეთ კონდიციაში რომ ვყოფილიყავი,
ახალგაზრდულში სათამაშოდ ჩამოვიდოდი. მოედანზე მყოფი ფეხბურთელი თამაშს
უნდა გრძნობდეს, რაც მაშინ არ მქონდა. საქმეს პროფესიულად მივუდექი და ეს
არც დამიმალავს.
20 წლის ვარ და ახალგაზრდულ ნაკრებში კვლავაც
მიწევს თამაში. ეროვნულშიც მითამაშია, ახალგაზრდულშიც და ასაკობრივ
ნაკრებებშიც. ყველა ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებ.
- ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების მატჩებს თუ ადევნებდით თვალს? -
შეძლებისდაგვარად ვახერხებდი. ახალგაზრდულ ნაკრებს ბოლომდე ვქომაგობდი,
ძალიან მინდოდა, ჯგუფიდან გავსულიყავით, ბოლო თამაშამდე მქონდა იმედი,
მაგრამ... რაც შეეხება ეროვნულს, ჩემი თანაგუნდელები და ყველა, ვისაც კი
იტალიაში ვიცნობ, აღნიშნავენ, რომ ჩვენმა ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა.
თემურ ქეცბაიას ხელი უკვე აშკარად ეტყობა ეროვნულს. უპირველესად სათამაშო
დისციპლინა გამოსწორდა. ეს აშკარად აკლდა ჩვენს ნაკრებს. ფეხბურთელებს
ეტყობათ, რომ იციან, რა უნდა აკეთონ.
მწვრთნელის დავალების
შესრულებას ცდილობენ. ნაკრები უფრო შეთამაშდება, გუნდს დაუბრუნდებიან ლევან
ყენია, ჯაბა კანკავა და ის ფეხბურთელები, რომლებსაც ტრავმის გამო
გარკვეული პერიოდი გაუცდათ. ამდენი დამარცხების შემდეგ გუნდს რვამატჩიანი
წაუგებელი სერია აქვს და აშკარაა, რომ ბევრი რამ გამოსწორდა.
-
სლოვენიასთან 17 ნოემბრის ამხანაგურ მატჩში ქეცბაიამ ნაკრებში ახალი
ფეხბურთელები გამოსცადა. ამ თამაშის შემდეგ, ფეხბურთის სპეციალისტებმა
აღნიშნეს, ქეცბაიამ ნაკრებში ლევან მჭედლიძეც უნდა გამოიძახოსო.
9 თებერვალს ეროვნულს სომხეთთან ამხანაგური მატჩი აქვს. ამ თამაშისთვის ნაკრებში რომ გამოგიძახონ, მზად ხართ? -
რომელ ნაკრებშიც გამომიძახებენ, მზად ვარ, ვითამაშო. ეროვნულში ადრეც
ვყოფილვარ და ამ დონეზე თამაში ჩემთვის უცხო არ არის. იმედია, ტრავმა ხელს
არ შემიშლის, თებერვლამდე კარგ ფორმაშიც ვიქნები. თუ ნაკრებში
გამომიძახებენ, ამჯერადაც ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|
ნანახია: 926 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|