ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 04.12.2024, 11:43


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 12 » ლეგიონის ამბები
13:53
ლეგიონის ამბები


რუსული პრემიერლიგის მე-4 ტურის ორშაბათის მატჩში "ანჟი" "ტომს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ, რომელმაც კარი "მშრალად" შეინახა. სხვათა შორის, ნუკრის გარჯა "ჩემპიონატმაც" სათანადოდ დააფასა, მას 6,5 ბალი დაუწერა, რომელიც საუკეთესო იყო ორივე გუნდში.

აღსანიშნავია, რომ რევიშვილმა ჩემპიონატის ოთხივე მატჩი ითამაშა შეუცვლელად და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. აი, ირაკლი კლიმიაშვილის დებიუტს "ანჟიში" ჯერაც ველით, ის არც "ანჟის" დუბლებში ჩანს, სადაც რეგულარულად თამაშობს გიორგი ილურიძე.

გუშინდელ ლეგიონის მიმოხილვაში შედარებით დაბალი კოეფიციენტის ჩემპიონატებში მოთამაშე ჩვენებურები ვერ მოხვდნენ, ჩვენ მხოლოდ იმათი სია შემოგთავაზეთ, ვინც ამ ტურში გოლით გამოიჩინეს თავი. უეფას კოეფიციენტთა პრინციპს არც ახლა დავარღვევთ და დარჩენილთა შორის ყველაზე რეიტინგული ტურნირით - მოლდოვის ნაციონალური ჩემპიონატით დავიწყებთ. რიგით მე-20 ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური დარჩა, ჩემპიონობისთვის კი ორი გუნდი იბრძვის, "დაჩია" და "შერიფი".

ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ კიშინიოვის დერბი იყო, რომელშიც "დაჩიამ" "ზიმბრუს" "უმასპინძლა" (თამაში "ზიმბრუს" სტადიონზე გაიმართა და 1,5 ათასი ადამიანი დაესწრო). შეხვედრის ბედი 64-ე წუთზე გადაწყდა, როცა ლევან კორღალიძემ უნაკლოდ შეასრულა პენალტი - 1:0. ეს 30 წლის ქართველის მე-12 გოლია ჩემპიონატში. გამარჯვებულთა რიგებში მამუკა ლომიძე სათადარიგო იყო, ისევე როგორც რეზერვში დარჩა დაჩიელი ვასილ ღუჭაშვილი. "ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს", - განაცხადა მატჩის შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორმა.

მოიგო "შერიფმაც", ასე რომ, "დაჩია" კვლავ სამი ქულით უსწრებს ჩემპიონს, რომელმაც შინ რიბნიცას "ისკრა-სტალი" დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა, სტუმართა ნახევარმცველი სანდრო შუღლაძე კი 32-ე წუთზე გამოცვალეს.

გიორგი ტუხაშვილის "ნისტრუმ" შინ 1:0 მოუგო "აკადემიას", ქართველი 70-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოადგილოსანი "გაგაუზია" შინ 1:3 დამარცხდა "რაპიდთან", მასპინძელთა მცველმა ვასილ ტუღუღშმა შეუცვლელად ითამაშა.

ლატვიური ვირსლიგის მე-20 გათამაშება ორი ტურია, რაც დაიწყო. 9-გუნდიანი ჩემპიონატი კარგად დაიწყო თამაზ პერტიას "დაუგავამ", რომელიც ქულათა მაქსიმუმით ერთ-ერთი ლიდერია. "დაუგავამ" "ოლიმპსს" 2:0 მოუგო და ორივე გოლი მამუკა ღონღაძემ გაიტანა. ღონღაძემ თამაშის ბედი ბოლოსკენ გადაწყვიტა, ჯერ (87ე- წთ) "მაკრატელათი" გახსნა ანგარიში, ბოლო წუთზე კი ბოლოს კი კონტრშეტევაზე მეკარეც მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჩიხრაძემ, ხოლო ბიძინა ცინცაძე და ჯემალ ჯალიაშვილი სათადარიგოები იყვნენ. სტუმართა სასტარტოში ოთხი ქართველი იყო: გიორგი ჩხიკვიშვილი, თომა ტაბატაძე (81-ე წუთზე შეცვალეს), პაატა ბალაძე და კოტე ზარნაძე.

სხვა ჩემპიონატებს, სადაც ჩვენებურები ასპარეზობენ, ჩვენს უმაღლეს ლიგაზე დაბალი კოეფიციენტი აქვს. საინტერესო მოვლენები დატრიალდა აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში, სადაც კახა ცხადაძის "ინტერმა" ყველანაირად დაჩაგრა ლიდერი "ნეფთჩი", მაგრამ მიკორძოებულ მსაჯობას ვეღარ გაუმკლავდა - 1:1. თავად განსაჯეთ - პირველ ტაიმში წაქცეულ კახა მჟავანაძეს ფეხი ამოარტყა მეტოქემ და ყვითელი ბარათი მხოლოდ ქართველმა მიიღო. მეორეში იმავე მჟავანაძემ მუხლით მოიგერია ბურთი და მსაჯმა პენალტი დადო, თან მჟავანაძე გააძევა. ასე გაათანაბრა "ნეფთჩიმ" ბოლო წუთებზე, "ინტერის" გოლში კი ასისტენტობა დავით ოდიკაძემ იკისრა. ამ თამაშში ჩემპიონთა კარში გიორგი ლომაია იდგა, 90 წუთი ითამაშა ვალერი აბრამიძემაც, ოდიკაძე მეორე ტაიმში შეცვალეს. "ინტერი" 42 ქულით მე-5 ადგილზეა.

ნუგზარ კვირტიას აზალ-მა 1:0 მოუგო "ბაქის", ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი 45 ქულით მე-4 ადგილზეა. "ყარაბახი" და "ხაზარი" კი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს, ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი გიორგი ადამია კი, რატომღაც, სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 69-ე წუთზე გამოვიდა. "ყარაბახი" 49 ქულით მე-3 ადგილზეა. როგორც ჩანს, ამ ჩემპიონატში ქართველებს აზერბაიჯანის ჩემპიონი აღარ გვეყოლება. ქვედა 6-ეულში ქართველებს თავი არაფრით გამოუჩენიათ.

ესტონურ მეისტრილიგაში ტალინის "ფლორამ" 6:0 გაანადგურა ლასნამაეს "აიაქსი". სწორედ ამ მატჩით დაუბრუნდა მანამდე დასჯილი ზაქარია ბეგლარიშვილი "ფლორას" ძირითად გუნდს და გუნდის მე-2 გოლი 50-ე წუთზე გაიტანა.

სომხეთის პირველობაზე მე-4 ტურში თავი "კოლხეთის" ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი კრასოვსკიმ გამოიჩინა. გიორგიმ 29-ე და 36-ე წუთებზე გაიტანა და "ულისს" სტუმრად მოაგებინა "შირაკზე" - 3:1. გიორგის 4 თამაშში უკვე 3 გოლი დაუგროვდა.

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მიერ გასვლაზე "როსტოვის" ძლევა (3:1) "სოვეტსკი სპორტის" ფორუმში ერთ-ერთმა მკითხველმა (აშკარად ნიჟნი ნოვგოროდელი იყო, ან გუნდის გულშემატკივარი) ასე შეაფასა:

ჩვენთვის სწორედ ამ ფაქტორის გამო გახდა "ვოლგა" უფრო ახლობელი, ვიდრე რომელიმე უცხოური კლუბი, მით უფრო რუსული.

ერთ-ერთმა უზბეკურმა ინტერნეტ-გაზეთმა რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტური ასე შეაფასა: "რუსეთში ქართველების გუნდი გალიდერდა".

ხოჯავას გოლმა კი რუსები აღაფრთოვანა - გოჩამ პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმოსთან ახლოს მიიღო ბურთი და შორეულ "ცხრიანში" ისეთი სიზუსტით გაისროლა, ტაში მასპინძლელთა გულშემატკივარმაც დაუკრა. "სუპერ გოლი", "დარასელიაა ეს ბიჭი", "ასეთ გოლს იშვიათად ნახავ", "ომარ თეთრაძის გუნდმა ხოჯავას ფანტასტიკური გოლით მოიგო" - რუსი გულშემატკივრების ამ შეფასებებს ხოჯავას გაძევებაც ვერ აფერმკრთალებს.

ამ ყველაფრის მიღმა საინტერესო იყო ის ფაქტი, რაც გამარჯვების გამო დაიჩრდილა, უფრო სწორედ, ამ ფაქტის მიზეზი: საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გოგიტა გოგუას "ვოლგაში" არათუ არ უთამაშია, 18-კაციან სამატჩო განაცხადშიც ვერ მოხვდა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გოგუა მატჩამდე ვარჯიშზე დაშავდა და როსტოვში გამგზავრება ამიტომ ვერ მოახერხა. მატჩისწინა ვარჯიშზე მიკრო-ტრავმა ოთარ მარცვალაძემაც მიიღო, რომელიც "როსტოვთან" მოედანზე მხოლოდ მატჩის 63-ე წუთზე შევიდა.

4 ტურის შემდეგ, სამი მოგებით, ერთი წაგებითა და 9 ქულით "ვოლგა" პრემიერლიგის ლიდერია, რაც რუსეთის ჩემპიონატების ისტორიაში მესამე შედეგია: აქამდე უკეთესი სტარტი შორეულ 1992 წელს მოსკოვის "სპარტაკსა" და "დინამოს" ჰქონდათ - სამი მოგება და ფრე.

გოჩა ხოჯავა წლევანდელ ჩემპიონატში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გაიტანა და მოედნიდან გააძევეს. 26 წლის ქართველი პლეიმეიკერი 2 გოლით ბომბარდირებში 2-7 ადგილს იყოფს, საუკეთესოებშია გოლი+პასის ნომინაციაშიც: 2 გოლი + 1 საგოლე გადაცემა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორ შეხვედრაში "სპორტ-ექსპრესისგან" საკმაოდ მაღალ შეფასებას (6,5) იმსახურებს). "როსტოვთან" გარჯა არც სხვა ქართველებს დაუკარგეს და ყველა მათგანს 6,0 ქულა დაუწერეს - ლაშა სალუქვაძეს, გია გრიგალავას და ოთარ მარცვალაძეს.

მატჩის დროს დიდი გაწევ-გამოწევა ატყდა, როდესაც "როსტოვის" აფხაზი მცველი, გაგრელი ანრი ხაგუში მარცვალაძეს ეუხეშა. ამან სტუმართა მძაფრი რეაქცია გამოიწვია, გრიგალავა და ხოჯავა ხაგუშს მივარდნენ, თავისიანს "როსტოვის" კაპიტანი რომან ადამოვი გამოესარჩლა და კინაღამ ფიშტო გავარდა. როსტოვული "კომსომოლსკაია პრავდა" წერს, რომ ადგილობრივი გულშემატკივარი ხოჯავას შეურაცხყოფდა. საბოლოოდ, გრიგალავა და ადამოვი შერიგდნენ. არც არის გასაკვირი - ისინი მეგობრები არიან და მატჩის შემდეგ ქართველი მცველი ადამოვთან სტუმრად დარჩა.

"აუე"-"კარლსრუეს" მატჩში ალექსანდრე იაშვილმა საგოლე პასი გააკეთა, თამაში კი 1:1 დასრულდა. არადა, 47-ე წუთზე იაშვილის თანაგუნდელ მაკოლეი კრისანტუსს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს - ბურთმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა, რაც მსაჯებმა ვერ შენიშნეს.

მომხდართან დაკავშირებით "კარლსრუეს" ქართველმა კაპიტანმა "კიკერთან" მცირე კომენტარი გააკეთა. "მაშინვე მივირბინე შეხვედრის არბიტრ ბასტიან დანკერტთან და ვუთხარი, რომ გოლი იყო, მაგრამ არც მან და არც ლაინსმენმა ჩემი პოზიცია არ გაიზიარეს", - თქვა იაშვილმა.

იმავე "კიკერმა" გასულ ტურში მისი თამაში 3,5-ით შეაფასა. "აუესთან" მატჩში იაშვილმა სეზონში მეათე გაფრთხილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შემდეგ ტურში "აუგსბურგთან" საშინაო მატჩს გამოტოვებს.

თუკი ლევან კობიაშვილის "ჰერტას" პირველ ბუნდესლიგამდე ბევრი აღარაფერი აშორებს, "კარლსრუე" 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში დღეისთვის მე-15 ადგილზეა და ორიოდე ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "ოსნაბრიუკს". მე-16-ადგილოსანი გადათამაშებაში მესამე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანს შეხვდება.


ნანახია: 841 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!